კვირას ტელეკომპანია „ეი-ბი-სიზე“პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ სირიაზე ზეწოლამ ნაყოფი გამოიღო.
„ბოლო კვირებში განხორციელებული წნეხის შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რომ პირველად მოხდა სირიის მიერ ქიმიური იარაღის არსებობის აღიარება. მოვისმინეთ თანხმობა ქიმიური იარაღის გამოუყენებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შესახებ. რუსეთი, მათი მთავარი სპონსორი კი ამბობს, რომ სირიას აიძულებს მთელი არსენალი დათმოს. შესანიშნავია ის გზა, რომელიც ამ რამდენიმე კვირაში გავიარეთ“.
რესპუბლიკელი სენატორები ჯონ მაკეინი და ლინდსი გრემი ამერიკის და რუსეთის შეთანხმებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ის მეტი არაფერია, თუ არა „სიბნელით მოცულ ვიწრო დიპლომატიურ გასასვლელში შებიჯება“.
ჯონ მაკეინის თქმით, ეს წამგებიანი სვლაა.
„ახლა რუსი ხალხის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული და იმაზე, ბაშარ ალ-ასადი დაარღვევს თუ არა შეთანხმებას“ - განაცხადა სენატორმა მაკეინმა ტელეკომპანია „ენ-ბი-სიზე“ გამოსვლისას.
გასულ კვირას კანონმდებელთა დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ სირიაში ძალის გამოყენებას მხარს არ დაუჭერს. იმის მიუხედავად, ემხრობიან თუ არა ისინი სამხედრო ქმედებებს, რუსეთს ბევრი ეჭვის თვალით უყურებს. რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკოლი ამბობს, რომ ის არ არის წინააღმდეგი პრეზიდენტმა პუტინმა სირიის საკითხში ლიდერობა თავის თავზე აიღოს.
“ვფიქრობ პუტინი პრეზიდენტ ობამასთან შედარებით უნიკალურ პოზიციაშია, რადგან მას ასადზე ზემოქმედების მეტი ბერკეტი გააჩნია“ - აღნიშნა კონგრესმენმა ტელეკომპანია „ფოქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
რუს კოლეგა, სერგეი ლავროვთან გამართული მოლაპარაკებების ბოლოს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ შეთანხმების განხორციელების სრული კონტროლის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„შედეგი პრეზიდენტის მიზანთან უფრო ახლოს ვერ იქნებოდა. ჩვენ მივაღწიეთ არამხოლოდ იმას, რომ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას შევაჩერებთ, არამედ არსენალს გავანადგურებთ კიდეც“ - აცხადებს დემოკრატი სენატორი ვან ჰოლენი.
წამყვანის კითხვაზე, თუ რამდენად შეიძლება რუსეთზე დაყრდნობა, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ „ეს არ არის ცივი ომი და არც შეჯიბრი შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის“.