ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრობს


შეერთებული შტატების ლიდერმა ყურადღება ქვეყნის ეკონიმიკის გაჯანსაღებაზე გაამახვილა

დღეს პრეზიდენტი ობამა ჩრდილოეთ კაროლინას შტატში გაემგზავრა, სადაც 12 თებერვალს გაკეთებულ ყოველწლიურ მიმართვაში წინ წამოწეული თემების შესახებ საუბარს გეგმავს. კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე შეერთებული შტატების ლიდერმა ყურადღება ქვეყნის ეკონიმიკის გაჯანსაღებაზე გაამახვილა. მთავარ პრიორიტეტებად ამერიკის პრეზიდენტმა საშუალო კლასის ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა:

„ჩვენ გაზრდილი კი არა, უფრო გონიერი მთავრობა გვესაჭიროება, რომელიც პრიორიტეტებს სახავს და ინვესტიციას ეკონომიკის ზრდაში აკეთებს. უმთავრესი პრიორიტეტია წარმოების ზრდის და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ამერიკა მაგნიტივით მიმზიდველი გავხადოთ“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

მან ასევე დიდი დრო დაუთმო ორი საკანონმდებლო ცვლილების მიღების აუცილებლობას, რომელიც ამჟამად განხილვის პროცესში იმყოფება. ეს არის იარაღის კონტროლის და საიმიგრაციო რეგულირების საკითხები.

საიმიგრაციო რეფორმა პრეზიდენტმა ობამამ ეკონომიკის ზრდის პრობლემას დაუკავშირა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ნიჭიერი, წესიერი, შრომისმოყვარე და იმედით სავსე იმიგრაცია ქვეყნის ეკონომიკური წარმატების საწინდარი იყო და იქნება. მან ასევე ისაუბრა შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შორის დაწყებულ მოლაპარაკებაზე თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ. 27-ქვეყნიანი ერთობა ამჟამად ამერიკის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.
XS
SM
MD
LG