ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა მეორე ვადით აირჩიეს


სხვადასხვა შტატის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ გამარჯვებისათვის საჭირო კოლეგიის 270 ხმაზე მეტი მოიპოვა

რესპუბლიკელი მეტოქის, მიტ რომნის წინააღმდეგ წარმართული დაძაბული საარჩევნო კამპანიის შემდეგ, პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრის სახლის მართვას მეორე ვადით შეუდგება. როგორც „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, მაიკ ო’სალივანი მოგვითხრობს, დემოკრატმა ობამამ, სხვა შტატებთან ერთად, გამარჯვება ეგრეთ წოდებულ მერყევ შტატებში, მათ შორის კოლორადოს, მიჩიგანისა და ვირჯინიის შტატებშიც მოიპოვა.

სხვადასხვა შტატის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ გამარჯვებისათვის საჭირო კოლეგიის 270 ხმაზე მეტი მოიპოვა. ამასთან, მან ოჰაიოს მერყევ შტატსა და მთელ რიგ სხვა შტატებშიც გაიმარჯვა, სადაც არჩევნებამდე ორივე კანდიდატი თანაბარი რეიტინგით სარგებლობდა.

გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ჩიკაგოში მხარდამჭერებისადმი წარმოთქმულ მიმართვაში პრეზიდენტმა მოქმედების და არა ჩვეული პოლიტიკის წარმოების პირობა დადო.

„მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში, მოუთმენლად ველი ორივე პარტიის ლიდერებთან ერთად მუშაობას, რათა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელთა გადაწყვეტაც მხოლოდ ერთად შეგვიძლია: დეფიციტის შემცირება, საგადასახადო კოდექსის რეფორმირება, საიმიგრაციო სისტემის გაუმჯობესება, უცხოური ნავთობისაგან გათავისუფლება. გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

პირდაპირი ხმების მიხედვით, სხვაობა ძალიან მცირე იყო. ოთხშაბათ დილისთვის ხელთ არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ობამას ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე ოდნავ მეტი აქვს მოპოვებული.

თუმცა, მიუხედავად ბატონი რომნის გამარჯვებისა ჩრდილოეთ კაროლინას მერყევ შტატში და, ასევე, სამხრეთის, ცენტრალური და დასავლეთ ამერიკის ცალკეულ შტატებში, მათ შორის ინდიანას, კანზასის, მისურის, ტეხასისა და არიზონას შტატებში, გადამწყვეტი [საპრეზიდენტო არჩევნებში] საარჩევნო კოლეგიის ხმები იყო. შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტად არჩევა შტატების შედეგების და არა პირდაპირი ხმების მიხედვით ხდება.

ბატონმა რომნიმ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა, აღნიშნა, რომ მან პრეზიდენტს, მისი კამპანიის წევრებსა და მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა.

„მე მათ ყველას წარმატებას ვუსურვებ, თუმცა, განსაკუთრებით პრეზიდენტს, პირველ ლედისა და მათ ქალიშვილებს. ამერიკაში უდიდესი გამოწვევების ეპოქა დადგა და ვილოცებ, რომ პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას წარმატებით გაუძღვეს,” - აღნიშნა მიტ რომნიმ.

ბატონმა რომნიმ ქვეყნისათვის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე ურთიერთლანძღვისაგან თავის შეკავების აუცილებლობაზეც მიანიშნა.

რომნის კამპანიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარება და უმუშევრობის მზარდი, მაღალი მაჩვენებელი იყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, უმუშევართა რაოდენობა თითქმის რვა პროცენტს უტოლდება, თუმცა პრეზიდენტი ობამა აღნიშნავდა, რომ ეკონომიკა უმჯობესდება და რომ მისმა ადმინისტრაციამ სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყო ხელი.

ჩიკაგოში მიმართვისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსახლეობისათვის მიცემული პირობა უცვლელი რჩება.

„ვფიქრობ, ჩვენს მომავალს ერთად შეგვიძლია ჩავეჭიდოთ, რადგან ჩვენ არ ვართ იმგვარად გახლეჩილნი, როგორც ამას ჩვენი პოლიტიკა მიუთითებს. ჩვენ არც ისეთი ცინიკურნი ვართ, როგორც ამას ექსპერტები მიიჩნევენ. ჩვენ იმაზე უფრო მაღლა ვდგავართ, ვიდრე ჩვენი პირადი თუ კოლექტიური ამბიციებია და ჩვენ იმაზე მეტს წარმოვადგენთ, ვიდრე დემოკრატებისა და რესპუბლიკელების რუკაზე აღნიშნული „წითელი” და „ლურჯი” შტატების ერთობლიობა. ჩვენ ვართ და ყოველთვის ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატები,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება კონგრესის არჩევნებს, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა შეინარჩუნეს, ხოლო სენატში კონტროლი კვლავ დემოკრატებს ერგოთ, რასაც თან დაერთო ინდიანასა და სხვა შტატებში გამარჯვების მოპოვება. მასაჩუსეტის სენატის არჩევნებში, დემოკრატმა ელიზაბეტ უორენმა მისი რესპუბლიკელი მეტოქე, სკოტ ბრაუნი დაამარცხა, ხოლო ვირჯინიაში, ასევე დემოკრატმა ტიმ კეინმა - რესპუბლიკელი ჯორჯ ალენი. მეინის შტატში, ყოფილმა გუბერნატორმა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ანგუს კინგმა სენატში ადგილი მოიპოვა, რომელსაც პენსიაში გასვლის მიზეზით ტოვებს ზომიერი რესპუბლიკელი, ოლიმპია სნოუი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი 170-ზე მეტი პუნქტის მიხედვით დააფიქსირა, მათ შორის დამტკიცდა ერთსქესიანი ქორწინება მეინისა და მერილენდის შტატებში და მარიხუანას სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება კოლორადოსა და ვაშინგტონის შტატებში, რამაც ეს შტატები ნარკოტიკების შესახებ ფედერალურ კანონთან წინააღმდეგობაში მოიყვანა. ქვეყნის მასშტაბით ხმების დათვლა კი კვლავაც გრძელდება.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG