ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ახალი მოხსენება


პრეზიდენტმა ამერიკელთა ყურადღება უმთავრესად ეკონომიკის პრობლემებზე და მისი გაჯანსაღების დაჩქარებაზე გაამახვილა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:30 0:00
ბმული

ილინოისის ქალაქ გეილსბურგის კოლეჯში სიტყვით გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ის ერთგული რჩება ეკონომიკური გაჯანსაღების პრინციპების, რომელთა დაცვასაც ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ღარიბ და საშუალო შემოსავლის მქონე ამერიკელებს შეპირდა.

პრეზიდენტის თქმით, მისი სურვილია, რომ „პრეზიდენტობის ვადის დარჩენილი 1276 დღიდან ყოველი წუთი მოხმარდეს იმას, რომ ქვეყანა მომუშავე ამერიკელების სამსახურში ძველებურად ჩადგეს“.

ეს იყო პირველი სიტყვა სამნაწილიანი მოხსენების ციკლიდან, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ კვირაში წარმოთქვამს. თეთრი სახლი ეკონომიკის პრობლემებზე კიდევ უფრო მეტი ყურადღების გამახვილებას გეგმავს. ქვეყნის ლიდერმა ოპოზიციურ პარტიას ეკონომიკური განვითარების გეგმისთვის ხელის შეშლაში დადო ბრალი და ამის მიზეზად რესპუბლიკელთა პოლიტიკური მიზნები დაასახელა.

„ყურადღების გადატანის, პოლიტიკური პოზირების, თითიდან გამოწოვილი სკანდალების დაუსრულებელი დემონსტრირებით, მათ ვაშინგტონის მთავარი აქცენტების სხვა თემებზე გადატანა შეძლეს“ - განაცხადა პრეზიდენტმა, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ ის ამ ტენდენციას აუცილებლად შეწყვეტს.

როგორც უწინ, ობამამ კიდევ ერთხელ ისაუბრა ინფრასტრუქტურის, საგადასახადო და საკრედიტო სისტემების, განათლების სფეროს, საშემოსავლო მინიმუმის გაუმჯობესების და ჯანდაცვის რეფორმის დანერგვის აუცილებლობაზე. ამ უკანასკნელ საკითხს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრებმა კენჭი უყარეს და ხმა არ მისცეს. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების სასწრაფო გადაწყვეტის უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელთა შეშფოთების მთავარი მიზეზი მაინც მეტისმეტად შენელებული ეკონომიკური განვითარებაა.

სტივ ბელი ვაშინგტონის ორპარტიულ პოლიტიკურ ცენტრში ეკონომიკურ კვლევებს ხელმძღვანელობს.

„დაახლოებით ორჯერ მეტია იმ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა ერთგვარად რელსებიდან არის ამოვარდნილი და არასწორი მიმართულებით ვითარდება. ბოლო 6-7 წლის მანძილზე სურათი თითქმის არ შეცვლილა“ - აღნიშნავს ეკონომისტი. მისი თქმით, ამერიკელები ამას ყველაზე კარგად გრძნობენ, ვინაიდან იმ ეკონომიკურ გაუმჯობესებას, რომელიც რეცესიის შემდეგ დაფიქსირდა, მათ ოჯახებამდე ჯერ არ მიუღწევია.

სტივ ბელი იმასაც უსვამს ხაზს, რომ პრეზიდენტი არ აჭარბებს, როცა ოპოზიციის წინააღმდეგობაზე საუბრობს. მისი აზრით, ობამას ეკონომიკურ ინიციატივას რესპუბლიკელთა მხრიდან ისევ მკვეთრი ოპონირება ელის.

ვიდრე პრეზიდენტი ობამა ილინოისში სიტყვით გამოვიდოდა, შეერთებული შტატების სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა, მიჩ მაკონოლმა მისი მოხსენება წინასწარ უგულვებელყო.

„დროის და ენერგიის კოლოსალური ხარჯვაა. ამას ჯობს რესურსი კონგრესში ორივე პარტიასთან მუშაობაზე დაიხარჯოს, რათა ეკონომიკის ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა გახდეს შესაძლებელი“ - განაცხადა სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა.

ოპოზიციის მკვეთრი განცხადებების და აგრესიული ქმედებების მიუხედავად, პრეზიდენტ ობამას იმედი აქვს, რომ კონგრესში რესპუბლიკელთა წნეხის შეზღუდვას შეძლებს და შემოდგომის პირველ თვეებში გადასახადების, თუ საბიუჯეტო დანახარჯების საკითხებზე მათთან მოლაპარაკებას შეძლებს.
XS
SM
MD
LG