ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას მეორე ვადა


კენ დუბერსტეინი: „მეორე ვადით პრეზიდენტობა ყოველთვის დაკავშირებულია სკანდალებთან, სირთულეებთან, შეცდომებთან“

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ნოემბრის დასაწყისში ხელახლა არჩევის შემდეგ, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელისუფლების სათავეში ყოფნის მეორე ვადას იწყებს. როგორი იქნება დემოკრატების რჩეულის მეორე ვადა? ამის შესახებ დეტალებს „ამერიკის ხმის" კორესპონდენტი, ჯიმ მალონი არკვევდა.

„იმის და მიუხედავად ხმას მომცემდით თუ არა, მე თქვენ გისმენდით, თქვენგან ვსწავლობდი და თქვენ მაქციეთ უკეთეს პრეზიდენტად. თეთრ სახლში უფრო მეტად გამხნევებული და შთაგონებული ვბრუნდები იმ სამუშაოს შესასრულებლად, რაც უნდა გავაკეთოთ და იმ მომავლისთვის, რაც წინ გველის,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არჩევნების ღამეს მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას.

პრეზიდენტ ობამას მეორე ვადით არჩევას რესპუბლიკელები თანდათან ეგუებიან. მათ შორის, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ჯონ ბეინერი.

„ბატონო პრეზიდენტო, ეს თქვენი მომენტია. ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ, არა როგორც დემოკრატებმა ან რესპუბლიკელებმა, არამედ როგორც ამერიკელებმა,“ - განაცხადა ბეინერმა.

ისტორიის გათვალისწინებით, ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადაც არ უნდა იყოს ადვილი, - ამბობს პრეზიდენტ რეიგანის დროინდელი თეთრი სახლის აპარატის უფროსი, კენ დუბერსტეინი.

„ისტორიის მიხედვით, პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს, განსაკუთრებით მეორე მსოფლიოს ომის დროიდან მოყოლებული, მეხუთე ან მეექვსე წელს უკვე ხდებოდა გზიდან გადახვევა. მეორე ვადით პრეზიდენტობა ყოველთვის დაკავშირებულია სკანდალებთან, სირთულეებთან, შეცდომებთან,“ - ამბობს დუბერსტეინი.

1972 წელს რიჩარდ ნიქსონმა საკმაოდ მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა და ხელმეორედ გახდა პრეზიდენტი. თუმცა, ორი წლის შემდეგ უოტერგეიტის სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. ასევე, რეიგანის რეპუტაცია მეორე ვადის დროს ირან-კონტრას სახელით ცნობილმა სკანდალმა დააზარალა. ბილ კლინტონიც მონიკა ლევინსკისთან სკანდალურ ურთიერთობაში სწორედ პრეზიდენტობის მეორე ვადაში გაეხვა. ჯორჯ ბუში უმცროსის კრიტიკა ქარიშხალ კატრინას დროს დატრიალებულმა ტრაგედიამ გაამძაფრა.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ კარგად აცნობიერებს მეორე ვადის სირთულეს.

„მე არ ვთვლი, რომ რადგან არჩევნები მოვიგე ყველა ყველაფერში მეთანხმება. მე კარგად ვარ გაცნობილი იმ ისტორიებს, რომელიც პრეზიდენტების მეორე ვადას ასახავს. ჩვენ ძალიან ფრთხილად ვართ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ისტორიკოსი, მეთიუ დალეკი ამ განცხადებას ბრძნულ მიდგომას უწოდებს.

„ის ძალიან კეთილსინდისიერად მოქმედებს და აცხადებს, რომ იქნება პრაგმატული და არ მოინდომებს არარეალური სურვილების ასრულებას,“ - აცხადებს ამბობს დალეკი.

რეიგანის ადმინისტრაცის წევრი, კენ დუბერსტეინი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ობამა მეორე ვადაში ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე უნდა გადაერთოს.
გაითვალისწინებს თუ არა რჩევებს და ისტორიის გაკვეთილებს პრეზიდენტი ობამა, ამას მომავალი გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG