კონგრესის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს. წელს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ბარაკ ობამას გამოსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთმობოდა. ამას გარდა, პრეზიდენტს ამჟამად მკვეთრად დანაწევრებული კონგრესისა და უკმაყოფილო საზოგადოების წინაშე მოუწია გამოსვლა.
გუშინ, ბარაკ ობამას სიტყვის უდიდესი ნაწილი ამერიკის საშინაო პრობლემებს დაეთმო.
„დღეს, მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ და მინდა ჩემი ხედვა გაგიზიაროთ ისეთი ეკონომიკის მისაღწევად, რომელიც მდგრადია, ეკონომიკა, რომელიც ამერიკულ მრეწველობაზე, ენერგეტიკის სექტორზე, ამერიკელი მუშახელისთვის დამატებითი უნარებისა და გამოცდილების მიღებაზე და ამერიკული ღირებულებების განახლებაზეა ორიენტირებული.“
პრეზიდენტმა მის გამოსვლაში წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემებიც გააჟღერა: ამერიკელების შემოსავლებს შორის უთანასწორობის შემცირება და უფრო სამართლიანი ეკონომიკური პროცესების ხელშეწყობა.
ობამა: „ჩვენ ორი არჩევანი გვაქვს: ან ავირჩიოთ გზა, რომელიც უთანასწორობამდე მიგვიყვანს, ცხოვრების ისეთ დონემდე, სადაც ამერიკელთა დიდი რაოდენობა ეკონიმიკურად უძლურია, მაგრამ ძალიან პატარა სეგმენტი კი მდიდრდება. და მეორე გზა, რომელიც ეკონომიკის აღორძინებას ისახავს მიზნად, სადაც ყველას, სამართლიან პირობებში, ერთიდაიგივე წესების დაცვით, ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გაიუმჯობესოს ცხოვრება.“
ობამას გეგმით საგადასახადო შეღავათები უნდა მიეცეს იმ კომპანიებს, რომლებიც მეტ ამერიკელს დაასაქმებს შინ, ასევე შეიქმნება ახალი სავაჭრო ურთიერთობების კონტროლის უწყება უსამართლო სავაჭრო პროცესების გასაკონტროლებლად, სახელმწიფო მხარს დაუჭერს მწვანე ენერგიის გაფართოებისაკენ მიმართულ ინიციატივებს და უფრო მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება განათლება კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, შეღავათიანი პირობების ფასად მიიღოს.