ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გზავნილები საქართველოსთვის ობამა-პუტინის შეხვედრიდან


გაეროს შტაბ ბინაში ობამასა და პუტინის შეხვედრა გაიმართა. ტერორიზმთან ბრძოლა და კონფლიქტები საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა სად გადის წყალგამყოფი ხაზები, რა საკითხების მიმართ შესაძლებელია არსებობდეს ერთიანი მიდგომა და სადაა ფუნდამენტური განსხვავებები ორი ქვეყნის მიერ წარმოებულ პოლიტიკას შორის.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველა აქცენტი, რაც ობამასა და პუტინის მოლაპარაკებებიდან ისმის, რადგან საქართველოს ძირითადი ინტერესი - იქცეს დასავლური ოჯახის წევრად ამ ორი ქვეყნის პოლიტიკის განსხავავებულობის ნაწილს წარმოადგენს. პოლიტოლოგი ელენე ხოშტარია ამერიკის ხმასთან საუბრისას ობამასა და პუტინის შეხვედრას აფასებს და ამბობს, რომ შეხვედრით კიდევ ერთხელ მოინიშნა წითელი ხაზები.

„პუტინს ჰქონდა მკაფიო მესიჯები და მთლიანად მისი ეს ავანტურა სირიასთან მიმართებით, ემსახურება რამდენიმე მიზანს. ეს არაა მოწყვეტილი ჩვენი რეგიონის თემატიკას. ერთის მხრივ, რუსეთს სურს თავისი მნიშვნელობის გაზრდა სირიაში შეიარაღების შეყვანით, ესაა განცხადება იმის თაობაზე, რომ თქვენ ჩემს გარეშე ამ პრობლემას მაინც ვერ გადაწყვეტთ. ეს საკმაოდ რადიკალური ნაბიჯია, რადგან ამას აკეთებს იარაღის შეტანით და ასადის ღია მხარდაჭერით. თან ამას ფუთავს ტერორიზმთან ბრძოლის ფორმით. ეს, რა თქმა უნდა, გაუმყარებს პოზიციებს უკრაინაში. რადგან თუ რუსეთი არის ქვეყანა, რომელთანაც თუ უნდა ითანამშრომლოს აშშ-მ სირიის თემაზე, ის იზოლაციის პოლიტიკა, რასაც ადგილი აქვს უკრაინასთან მიმართებით, პრობლემური ხდება. ამიტომ პუტინის გათვლა მის გამოსვლაშიც და ზოგადადაც, ამ პერიოდში არის ის, რომ აღიდგინოს საერთაშორისო მნიშვნელობა სირიისთვის და მეორეს მხრივ, დაიცემენტოს გავლენის სფეროს უკრაინაში, საქართველოში, ჩვენს რეგიონში და შექმნას ევრაზიული კავშირი - ეს თქვა კიდეც, ამის შესახებ მინიშნება გააკეთა პუტინმა გუშინ. „ამ რეგიონში ჰქონდათ თითქოს მცდელობა დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანის წინაშე დაეყენებინათქვეყნები და რა თქმა უნდა, ამას მოჰყვებოდა კრიზისიო“ - ეს იყო გზავნილი იმის შესახებ, რომ ჩვენი ბედი გადაწყვეტილია რუსეთისთვის. ის ამბობს, რომ არ გამოვიდა ჩვენი დასავლური ინტეგრაცია - ასეთი კონოტაცია იყო ჩვენს რეგიონთან მიმართებით," ამბობს ხოშტარია.

მისივე თქმით აგრესიული იყო ნატოს შესახებ რიტორიკაც "რომ არათუ არ უნდა ფართოვდებოდეს, არამედ საერთოდ არც უნდა არსებობდეს ეს ორგანიზაცია. ესაა ის საგარეო პოლიტიკური კონსტრუქცია, რაც აქვს რუსეთს: სრული გავლენა, ექსკლუზიური გავლენა ჩვენს რეგიონზე ევრაზიული კავშირის ფორმით და ტერორიზმთან ბრძოლით, როგორც ცივი ომის დროს იყო, თავისი მნიშვნელობის გაზრდა. რუსეთის, როგორც გლობალური მოთამაშის როლის გაძლიერება. აქაა საუბარი იმაზე, რომ ირანი შეიძლება იყოს მოკავშირე სირიასთან ბრძოლაში, რუსეთი ეძებს სხვა მოკავშირეებსაც, რაც გააძლიერებს მის პოზიციას ამერიკასთან მიმართებით. ამ მხრივ ესაა საკმაოდ საშიში, თუმცა არა ახალი კონსტრუქცია."

ხოშტარია ობამასთან შეხვედრაზეც საუბრობს: "მიუხედავად იმისა, რომ ის დათანხმდა შეხვედრას, ახსენა კიდეც, რომ შესაძლოა ირანთან და რუსეთთან სირიის საკითხზე თანამშრომლობა, თუმცა მან ძალიან მკაფიოდ შემოხაზა წითელი ხაზები. ერთი წითელი ხაზი ესაა ყირიმის თემა, რაც რუსეთს იმედი აქვს, რომ მივიწყებული იქნება. ობამამ თქვა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია აშშ-სთვის და აშშ-ს ყოველთვის ექნება რეაცია ამაზე და მეორეს მხრივ, სირიაზე ობაბამ გარკვევით თქვა, რომ თანამშრომლობა ვერ შედგება ასადთან ერთად“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს უდიდესი სამუშაო აქვს საერთაშორისო პლატფორმაზე „ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის დღის წესრიგში საქართველოს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური უნდა გავხადოთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან შრომატევადი სამუშაო იქნება ჩასატარებელი იმისთვის, რომ საქართველო იყოს მაქსიმალურად აქტუალური ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის შელახვის პრობლემები წარმოდგენილი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა რადარზე და ყველა პლატფორმაზე“.

საათნახევრიანი დიალოგის დასრულების შემდეგ განცხადება პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ იდეებს, ადამიანებისგან განსხვავებით, საპყრობილეში ვერ ჩასვამ.

ეს ობამასა და პუტინის პირველი შეხვედრაა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG