ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა იარაღზე კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილებას განმარტავს


რას ითვალისწინებს საპრეზიდენტო განკარგულება და როგორია ამერიკელთა რეაქცია კვირის მთავარ პოლიტიკური მოვლენაზე?

შეერთებულ შტატებში იარაღის შეძენაზე კონტროლი მკაცრდება. პრეზიდენტობის ბოლო წელს ბარაკ ობამამ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა და კონგრესის გვერდის ავლით, საპრეზიდენტო განკარგულების გზით, გადაწყვეტილება იარაღის ფლობის კანონის გამკაცრების შესახებ მიიღო. ხუთშაბათს პრეზიდენტი ობამა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში რიგით ამერიკელებს შეხვდა და ახალი საპრეზიდენტო განკარგულების შესახებ განმარტებები გააკეთა.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ იარაღის კიდევ უფრო მეტ გამყიდველს დაევალება აიღოს შესაბამისი ლიცენზია და მეტი მყიდველი გახდება იძულებული წარსულის შემოწმების პროცესი გაიაროს. გაიზრდება უსაფრთხოების აგენტების რაოდენობა, ფსიქიური დაავადებების მკურნალობის სუბსიდირება, თუ ცეცხლსასროლ იარაღზე დაცვის მექანიზმების სრულყოფისკენ მიმართული კვლევების დაფინანსება.

ობამას მორიგი საპრეზიდენტო განკარგულება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:11 0:00

„მე პატივს ვცემ კონსტიტუციის მეორე დამატებას. თუმცა, ყველა შეიძლება შევთანხმდეთ იმაზე, რომ გონივრული იქნებოდა ყველა ზომა ვიხმაროთ, რათა იარაღი არ მოხვდეს ისეთი ადამიანის ხელში, ვინც სხვისთვის ზიანის მოტანას შეეცდება“ - განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკის უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფალის დრამატული სვლით უკმაყოფილო დარჩნენ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები.

იარაღზე კონტროლის გამკაცრების თემა დიდი ხანია დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს შორის ერთ-ერთი მთავარი წყალგამყოფის როლს ასრულებს. დემოკრატი ლიდერები მუდმივად კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობდნენ, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვერ ახერხებდნენ. რესპუბლიკელები კი ამ კანონის ხსენებასაც კი შეერთებული შტატების კონსტიტუციით მინიჭებული ფუნდამენტური უფლების შელახვად თვლიან. ბუნებრივია, რომ რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატები არჩევის შემთხვევაში, ამ კანონის გაუქმების მუქარით გამოდიან.

“მე მას ვეტოს დავადებ და გავაუქმებ. ეს ისე უცებ მოხდება, ისე უცებ!” - განაცხადა დონალდ ტრამპა ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე. “ყველა მის საპრეზიდენტო განკარგულებას, რომელიც ამ თემაზე გამოვა და ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას შელახავს, ოფისში პირველივე დღეს გავაუქმებ” - აღნიშნა მარკო რუბიომ.

თავად ამერიკის მოსახლეობის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ორად, თითქმის თანაბრად არის გაყოფილი. რამდენიმე გამოკითხვა, მათ შორის ბოლოს “ენ-ბი-სის” მიერ ჩატარებული, ადასტურებს, რომ ამერიკელთა მხოლოდ 45 პროცენტი უჭერს მხარს ავტომატური იარაღის აკრძალვას. მოსახლეობის 47 პროცენტი კი თვლის, რომ იარაღი კიდევ უფრო მეტმა ამერიკელმა უნდა ატაროს. რაც შეეხება საპრეზიდენტო განკარგულების მომავალ ბედს, არ არის გამორიცხული, რომ ის სასამართლოში გასაჩივრდეს, ან შემდეგმა პრეზიდენტმა, თუკი ის რესპუბლიკელი იქნება, კანონი საერთოდ გააუქმოს.

XS
SM
MD
LG