ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეითსი ობამას ადმინისტრაციას აკრიტიკებს


თავდაცვის ყოფილი მდივანი -რობერტ გეითსი- საკუთარ მემუარებში პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს აკრიტიკებს

შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილი მდივანი, რობერტ გეითსი, საკუთარ მემუარებში ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მკაცრად აკრიტიკებს. ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, ბაიდენი „ბოლო 40 წლის მანძილზე საგარეო პოლიტიკის, თუ ეროვნული უსაფრთხოების თითქმის ყველა წამყვან საკითხში არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა“.

ბაიდენი 2016 წლის არჩევნებზე დემოკრატთა ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება. გეითსის კრიტიკული პუბლიკაციის გამო მიმდინარე კამპანიაში თეთრი სახლი ქვეყნის ლიდერის პოზიციას იცავს.

პრესცენტრმა ჟურნალისტებს საშუალება მისცა პრეზიდენტ ობამას და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს შორის გამართულ ლანჩზე ფოტო და ვიდეო მასალა გადაეღოთ. თუმცა, მათ შეკითხვების დასმის საშუალება არ ჰქონიათ. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯეი კარნის განცხადებით, ეს გეითსის მემუარებზე რეაქცია არ გახლდათ, არამედ იყო პასუხი მედიის მოთხოვნაზე მეტი ხელმისაწვდომობის შესახებ.

ბმული

პრესმდივანი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ობამა ვიცეპრეზიდენტ ბაიდენის საგარეო პოლიტიკის გამოცდილებას სრულ ნდობას უცხადებს. მათ შორის - ერაყის და ავღანეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით მიმდინარე დებატებზეც.

პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დიდ პატივს სცემს ვიცე-პრეზიდენტის აზრს და მასთან თათბირს საშინაო, თუ საგარეო საკითხებზე“ - აცხადებს ჯეი კარნი.

რობერტ გეითსის მემუარები პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკასაც აკრიტიკებს, კერძოდ - მის სტრატეგიას ავღანეთთან მიმართებაში. თავდაცვის ყოფილი მდივნის აზრით, ობამას „საკუთარი სტრატეგიის თავად არ სჯეროდა“ და ვიცე-პრეზიდენტს, „უმაღლეს სამხედრო ჩინოსნებს და თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის ეჭვი და უნდობლობა“ არსებობდა.

ჯეი კარნის თქმით, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ პრეზიდენტი ობამა ავღანეთის მისიაში მონაწილეთა რაოდენობის ჯერ გაზრდის, შემდეგ კი მისი დასრულების მომხრე იყო.

პრეზიდენტს მისიის ბოლომდე სჯერა. იცის, რომ ეს რთული საკითხია, თუმცა სამხედრო, თუ სამოქალაქო ფორმებში გამოწყობილ იმ ამერიკელებსაც კარგად იცნობს, რომლებიც ღირსეულად და გმირულად დღემდე ემსახურებიან მისიის საქმეს - აღნიშნავს თეთრი სახლის პრესმდივანი.

2011 წელს პენტაგონში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე პრეზიდენტმა ობამამ ხაზგასმით აღნიშნა გეითსის დამსახურება ქვეყნის წინაშე და მას საპატიო ჯილდო, თავისუფლების ორდენი გადასცა. რობერტ გეითსმა შეერთებული შტატების 8 პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმსახურა.

თავმდაბალი ამერიკელი პატრიოტი; ღირსეული და გონიერი ადამიანი; უბრალოდ, ჩვენი ერის ერთ-ერთი საუკეთესო მსახური - ასე დაახასიათა მაშინ პრეზიდენტმა ობამამ რობერტ გეითსი.

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა, რომელიც 2008 წლის არჩევნებზე ობამას მთავარი კონკურენტი იყო, განაცხადა, რომ გეითსის მემუარებით დადასტურდა მისი ეჭვები, რომელიც ავღანეთთან მიმართებაში ადმინისტრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით ჰქონდა. თეთრი სახლი კი გეითსის წიგნიდან უფრო პოზიტიური კომენტარების წინ წამოწევას ცდილობს. მათ შორის - ობამას იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც თავდაცვის მაშინდელი მდივნის თქმით, ავღანეთთან მიმართებაში სწორი გამოდგა.

რობერტ გეითსი საკუთარ მემუარებში ობამას ადმინისტრაციის დადებით მხარეებზეც საუბრობს. თავდაცვის ყოფილი მდივანი იმასაც აცხადებს, რომ პრეზიდენტ ობამას მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პაკისტანში ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციისთვის გამიზნული სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ, იყო „ერთ-ერთი ყველაზე მამაცი გადაწყვეტილება, რომელიც მას ოდესმე თეთრ სახლში უნახავს“.
XS
SM
MD
LG