ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ეგვიპტეს დახმარებას არ შეუწყვეტს


ამერიკა ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებს სამხედრო გადატრიალებად არ აფასებს

ბარაკ ობამა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა: რა პოზიციას დაიკავებს შეერთებული შტატები ეგვიპტესთან მიმართებაში გასულ ოთხშაბათს პრეზიდენტ მორსის ჩამოგდების შემდეგ. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი კენ კლეინი იტყობინება, თეთრი სახლი ამჟამად იმაზე ზრუნავს, თუ როგორ დაიცვას დემოკრატია და სტაბილურობა ქვეყანაში.

ეგვიპტის პრეზიდენტის გადაყენებიდან ორი დღის შემდეგ მის მომხრეებსა და მათ შორის ვისაც მორსის ჩამოგდება სურდა, შეტაკება მოხდა, რაც ერის ორად გახლეჩაზე მეტყველებს და ამერიკელ პოლიტიკოსებს საგონებელში აგდებს.

მორსის მმართველობის დასრულების შესახებ ინფორმაცია სამხედრო მეთაურმა გამოაცხადა. მოჰამედ მორსის ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტი თითქმის ერთი წელი ეკავა.

ქაიროს თაჰირის მოედანზე მორსის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობდა.
აქციაზე შეკრებილი მოსახლეობის დიდი ნაწილი მის გადადგომას მოითხოვდა.
მომხდარის შემდეგ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საჯარო განცხადება მხოლოდ ერთხელ გააკეთა. მას თავის გამოსვლაში მომხდარი გადატრიალებად არ შეაფასა.

ორი დღის განმავლობაში პრეზიდენტი ობამა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებთან ერთად ეგვიპტეში არსებულ სიტუაციას აანალიზებდა.
ოთხშაბათს პრეზიდენტი ობამა საგანგებო განცხადებით გამოვიდა და სამხედრო მოქმედებების გამო ღრმა შეშფოთება გამოხატა. სამხედრო პირებს მან მოუწოდა რაც შეიძლება მალე დაებრუნებინათ ძალაუფლება დემოკრატიულად არჩეული სამოქალაქო ხელისუფლებისთვის.

ზოგიერთის შეფასებით, ობამას ეს განცხადება პრეზიდენტ მორსის გადაყენების ფაქტს აკრიტიკებდა.

თუმცა თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე და სატელეფონო საუბრების დროს, შთაბეჭდილება რჩებოდა რომ თითქოს ეს იყო ერთგვარი სიგნალი ეგვიპტისთვის და ამერიკის სხვა მეკავშირეებისთვის, რომ თეთრი სახლისთვის სამხედროების მოქმედება მისაღებია.

ვაშინგტონში მყოფმა ზოგიერთმა ანალიტიკოსმა, ადმინისტრაციას ურჩია ეგვიპტის სამხედროებთან ურთიერთობების წარმართვა. ისინი ამას უწოდებენ „ ერთადერთ უსაფრთხო გამოსავალს“ და მთავარ მოთამაშეს სამხედროების სახით, რომელზეც შეერთებულ შტატებს ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
თუმცა სხვა ექსპერტები, როგორიც არის ახლო აღმოსავლეთის კვლევის ცენტრის, სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლების ექსპერტი ჯონ ალტერმანი ამბობს რომ შეერთებულმა შტატებმა ეგვიპტის მთელს პოლიტიკურ სპექტრთან უნდა ითანამშრომლოს.

ჯონ ალტერმანი: ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს ურთიერთობა სამხედროებთან, ასევე ახლო კავშირები ბიზნესმენებთან, აკადემიურ საზოგადოებასთან, კავშირები უნდა დამყარდეს რეგიონებშიც, რადგან წამყვანი ეგვიპტელი პოლიტიკოსების სახეები მომავალ წლებში ხშირად შეიცვლება.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოერიდა სიტყვას „გადატრიალება“ როდესაც ქაიროში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა.

სასწორზე დგას 1,5 მილიარდი დოლარის დახმარების საკითხი, რომელიც ეგვიპტეს შეერთებული შტატები ყოველწლიურად გადაცემს. თანხა, ძირითად სამხედრო სფეროს დახმარებისთვის ნაწილდება. შეერთებულ შტატებში არსებული კანონმდებლობის თანახმად, ამერიკა დახმარებას უწყვეტს ქვეყანას, თუკი იქ არჩეული ხელისუფლების სამხედრო ძალით დამხობა ხდება.

ჯონ ალტერმანი ამბობს, რომ ეს კანონი არ შეეხება ეგვიპტეში შექმნილ სიტუაციას. მას იმედი აქვს რომ იურისტები ამ საკითხს მოაგვარებენ.

ჯონ ალტერმანი: კანონთან შესაბამისად, ამერიკის ინტერესების საპასუხოდ, ამერიკის ურთიერთობის გათვალისწინებით ეგვიპტესთან, ეგვიპტის სამხედროებთან, ხალხი იპოვის რაღაც საშუალებას რომ ისეთი განაჩენი არ გამოუტანონ ამ დახმარებას, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს დააზარალებს.

მოგვიანებით, კონგრესში საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანმა კონგრესმენებმა დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლის მთავარი მესიჯი ის არის, რომ მორსის წასვლის დრო იყო.
ედ როისმა და ელიოტ ენგელმა ასევე სამხედროებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ მოუწოდეს .
XS
SM
MD
LG