ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ევროპული ტურნე


ობამას ევროპული ტურნე

ობამა ირლანდიაში საქმეს დასვენებას შეუთავსებს და მოინახულებს ერთერთ სოფელს, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე კონცენტრირების შემდეგ ამერიკელი ლიდერი მომავალ კვირას რამდენიმე დღეს ევროპას დაუთმობს. მისი მოგზაურობისას, მთავარი განსახილველი თემა გლობალური ეკონომიკური სიტუაცია იქნება.

პრეზიდენტი ობამა ევროპულ ტურნეს ირლანდიაში დაიწყებს, ქვეყანაში რომლის ერთ დროს ძლიერი ეკონომიკა, ახლა კრიზისს განიცდის. ობამა ირლანდიაში საქმეს დასვენებას შეუთავსებს და მოინახულებს ერთერთ სოფელს, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ.

ირლანდიის შემდეგ, ობამა ლონდონში ორ-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავა.

პრეზიდენტი და მისი მეუღლე ბუკინგემის სასახლეში გაჩერდებიან, სადაც გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მათთვის საზეიმო სადილს უპასპინძლებს.

ლონდონში, ამერიკის ლიდერი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე წარსდგება სიტყვით. პრემიერ მინისტრ კამერონთან კი ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და სხვა ორმხრივი მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრებს.

ვაშინგტონში დაფუძნებული ახალი ამერიკის ფონდის ექსპერტი სტივენ კლემონსი ამბობს, რომ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენებს:

„ახლო აღმოსავლეთში ფენომენალური მასშტაბის ცვლილებები ხდება. ეს ცვლილებები კიდევ არაერთი წელი გაგრძელდება, ისევე როგორც დებატები არსებული გამოწვევების შესახებ ავღანეთში, და ნატოსა და მოკავშრე ძალების მოქმედება ლიბიაში.“

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლონდონის შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის განსაკუთრებულ ურთიერთობებში ბოლო პერიოდში წარმოქმნილი უთანხმოებების დარეგულირება.

ექსპერტი სტივენ კლემონსი იხსენებს ბრიტანულ ნავთობმწარმოებელ კომპანია ბი პის ირგვლივ შექმნილ სირთულეებს და ორი ქვეყნის უთანხმოებას ბი პის როლის შესახებ მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტროფის გამო. სწორედ ამიტომ, იგი ფიქრობს, რომ ორმხრივი ურთიერთობა ვეღარ იქნება ისეთივე განსაკუთრებული როგორც წარსულში.

„მე ამ კონფლიქტს პრობლემად არ ვთვლი, არამედ ბუნებრივ და ჯანსაღ ნაბიჯად ახლებურ ურთიერთობებზე გადასასვლელად, რომელიც შესაძლოა უფრო ეფექტურიც კი იყოს მომავალში.“

შემდეგ ობამა საფრანგეთში ნორმანდიასა და დოვილში ჩავა, სადაც დიდი რვიანის უმაღლესი დონის შეხვედრის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. უმაღლესი დონის ეკონომიკური სამიტის დროს, მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები სხვადასხვა საკითხზე გაამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის იქნება გლობალური ჯანდაცვა, სურსათის უსაფრთხოება და იარაღის კონტროლი. თუმცა უპირველესი პრობლემა მაინც გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა იქნება.

ბრუკინგსის გავლენიანი ინსტიტუტის ექსპერტი დომენიკო ლომბარდი ამბობს, რომ ობამა დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური გაჯანსაღება პირდაპირ იმოქმედებს ამერიკის ეკონომიკის გამოცოცხლების ტემპზე.

„რა თქმა უნდა, ამერიკის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ სხვა დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები რა პროგრესს აჩვენებენ.“

ექსპერტის განცხდებით, იგი ელოდება, რომ ბარაკ ობამა ევროპელ პარტნიორებს უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკის აუცილებლობაში დაარწმუნებს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორებიცაა საბერძნეთი, პორტუგალია და ირლანდია.

ექვსდღიან მოგზაურობას პრეზიდენტი ობამა პოლონეთში დაასრულებს. შეგახესენებთ, რომ იგი პრეზიდენტ კაჩინსკის დაკრძალვის ცერემონიაზე აპირებდა დასწრებას თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა ისლანდიაში ვულკანური ფერფლის გავრცელების გამო.

ვარშავაში ვიზიტისას, პრეზიდენტი ობამა პოლონელ კოლეგასთან ერთად ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც პოლონეთს F-თექვსმეტი ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გადაეცემა.

XS
SM
MD
LG