ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ 300-მდე დემოკრატ კანდიდატს გამოუცხადა მხარდაჭერა


შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომავალი შუალედური და შტატების მთავრობის არჩევნებისთვის ათობით დემოკრატ კანდიდატს მხარი დაუჭირა.

მათ შორის არიან ნიუ-იორკის დემოკრატ-სოციალისტი კანდიდატი ალექსანდრია ოკასიო-კორტეზი, რომელმაც პარტიის შესარჩევ ტურში ტრადიციული დემოკრატი კანდიდატი ჯო კროუელი დაამარცხა და კრისტინ ჰოლქუისტი, რომელიც ვერმონტის გუბერნატორობის კანდიდატია და პირველი ტრანსგენდერი პოლიტიკოსია, რომელიც ასეთ მაღალ თანამდებობაზე იყრის კენჭს.

ობამას თქმით, დემოკრატები, რომლებიც ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობენ, “მხოლოდ რაღაცის წინააღმდეგ არ იყრიან კენჭს.” ისინი, “არჩევნებში მონაწილეობენ რაღაცის მისაღწევად - შესაძლებლობების გასაფართოებლად, საჯარო სამსახურში ღირსების, პატიოსნების და თანაგრძნობის აღსადგენად. ისინი თქვენს ხმას იმსახურებენ,” განაცხადა ობამამ სოციალურ ქსელ “ტვიტერში.”

ყოფილმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა ზოგიერთ ისეთ მაღალ-პროფილიან წინასაარჩევნო დაპირისპირებაში, როგორიც მაგალითად, ტეხასშია, არ ჩაერიოს და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მარგინალიზაცია არ გამოიწვიოს. ტეხასში სენატორი ტედ კრუზის წინააღმდეგ დემოკრატი ბეტო ორურკი იყრის კენჭს და მათ შორის დაპირისპირება არა მხოლოდ მწვავეა, არამედ მათ მხარდამჭერების თითქმის თანაბარი რაოდენობა ჰყავთ.

ყოფილი პრეზიდენტები წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, საკუთარი პარტიის მხარდასაჭერად ბევრ საჯარო განცხადებას არ აკეთებენ. ობამა ამ შემთხვევაში გამონაკლისია. ის უკვე რამდენჯერმე გამოვიდა საჯარო სიტყვით პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ.

“დემოკრატიული პარტია ყოველთვის ყველაზე დიდი ცვლილებების შემომტანი იყო ამერიკელი ხალხის ცხოვრებაში, როცა ჩვენ საქმეს რწმენით, პრინციპებითა და გაბედული ახალი იდეებით ვუძღვებით,” თქვა ობამამ.

მომავალი არჩევნებისთვის ობამამ დღემდე, დაახლოებით, 300 დემოკრატ კანდიდატს გამოუცხადა მხარდაჭერა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG