ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს შეხვდა


ესტონეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას მხარს უჭერს

შეერთებული შტატები და ბალტიისპირეთის სამი ქვეყენა ესტონეთი, ლატვია და ლიტვა აცხადებენ, რომ ისინი მტკიცედ აპირებენ გააძლიერონ სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობები ვაჭრობის საკითხებში. ამერიკის ხმის თეთრი სახლის კორესპონდენტი დენ რობინსონი მოგვითხრობს ბარაკ ობამას და ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ერთობლივ შეხვედრაზე.


თეთრის სახლის ოვალურ დარბაზში შეხვედრის წინ ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების და ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის მჭიდრო კავშირებს.
მან ავღანეთში ნატოს კოალიციურ ჯარებში ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


ბარაკ ობამა: მადლობას ვუხდი სამი ქვეყნის თითოეულ ლიდერს და ხალხს, არამხოლოდ საკუთარ ქვეყნებში არამედ მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ბალტიის ქვეყნები შეერთებული შტატების ერთერთ ყველაზე საიმედო პარტნიორს წარმოადგენენ ნატოში, და მათი უსაფრთხოებისთვის ჩვენი ვალდებულებები ძალიან მტკიცეა. ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავგანწირვას არ იშურებენ, ხოლო ნატოს მისიის ფარგლებში ბალტიის ქვეყნების ნავსადგურები ჩვენი ჯარების დახმარებას განაგრძობენ.


განცხადებების ნაწილი ასევე ფოკუსირებული იყო ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შეთანხმების საკითხებზე, ასევე ენერგო-უსაფრთხოებაზე, თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე და კიბერ- კოოპერაციაზე.


პრეზიდენტმა ობამამამ და მისმა ბალტიისპირელმა კოლეგებმა ასევე განიხილეს ის პროექტები რომელიც, მსოფლიოში ინსტიტუციონალური და დემოკრატიული პროცესების გამტკიცებას შეუწყობს ხელს.


ბარაკ ობამა: ბოლო ოცი წლის განმავლობაში ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ განვითარების მიზნით ძალიან დიდი ნახტომი გააკეთეს , დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ უფრო მეტ მიზანს მიაღწევენ.


მოლაპარაკებების დროს ასევე სირიის საკითხსაც შეეხნენ. პრეზიდენტი ობამა შესაძლო სამხედრო ჩარევას სირიაში გამოყენებული ქიმიური იარაღის საპასუხო რეაქციას უწოდებს. ქიმიური ნივთიერებების გამოყენება დამასკოში ათიოდ დღის წინ მოხდა.


ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა განაცხადა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს სირიაში სამხედრო ძალის გამოყენებას.


თომას ჰენდრიკ ილვესი: სირიის საკითხთან მიმართებაში ყველაზე მთავარი, რაც ყველას აღელვებს არის რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოება რეგიონში. ესტონეთისთვის ქიმიური იარაღის გამოყენება ძალიან სამწუხარო ფაქტია. ასეთ თავდასხმას საპასუხო რეაქცია უნდა მოჰყვეს. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. დამნაშავეების იგნორირება არ უნდა მოხდეს.


პრეზიდენტი ილვესი აცხადებს, რომ იგი მზად არის მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიული პროცესების გაფართოების საქმეში, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში და გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნების დახმარების საკითხში.


ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ყურადღება გაამახვილა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ენერგო უსაფრთხოების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე და კიბერ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე.


ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერჟინსმა შეერთებული შტატების და ნატოს დახმარებაზე ისაუბრა. აღნიშნა რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრა ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ურთიერთობის გრძელვადიანი ინტერესის არსებობას.


თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, „ ბალტიისპირეთის ქვეყნები შეერთებული შტატების პარტნიორები და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვანი წევრები არიან“.


განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ შეერთებულ შტატებს ამ ქვეყნებთან მიმართებაში აქვს ღრმა და მტკიცე ინტერესი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.


ასევე განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია ადეკვატური მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელება ნატოს ოპერაციებში, მზადყოფნა თავდაცვის სფეროს განვითარებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იანი დაფინანსების გათვალისწინებით.
XS
SM
MD
LG