ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთი-გარდაქმნების წელიწადი


გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ 2011 წელი ახლო აღმოსავლეთში არაჩვეულებრივი გარდაქმნების წელიწადად გამოაცხადა.

ბარაქ ობამას განცხადებით:“ კორუფციის და ტირანიის დამამცირებელი ბატონობის ხანა დასასრულს უახლოვდება, ახალგაზრდობამ მკაცრი განაჩენი გამოუტანა დიქტატორებს და ამხილა მცდარი წარმოდგენა, რომლის მიხედვით ზოგიერთი ერის და რელიგიის წარმომადგენლები არ იმსახურებენ დემოკრატიას.“

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მცხოვრები ხალხების მიერ გამოჩენილმა სიმამაცემ თავისი ნაყოფი გამოიღო: დაემხო კადაფის რეჟიმი ლიბიაში, ბენ ალიმ დატოვა ტუნისი, მუბარაქი აღარ არის ხელისუფლების სათავეში ეგვიპტეში. რაც შეეხება იემენს, პრეზიდენტ ობამას განცხადებით ამ ქვეყნის მეგობრებმა სიტუაციიდან ისეთი გამოსავალი უნდა მოძებნონ, რომელიც ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას განაპირობებს და უახლოეს ხანში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

ბარაქ ობამას თქმით ბაჰრეინი რეფორმების გზას დაადგა, თუმცა უფრო ბევრია გასაკეთებელი. შეერთებული შტატები ყველა პოლიტიკურ პარტიას დიალოგისკენ და სადაო საკითხების მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით ამ რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის მმართველი რეჟიმი ხალხის მიერ თავისუფლების მოთხოვნას ყურადღებას არ აქცევს:“ ირანის ხელისუფლება საკუთარი ხალხის უფლებებს იგნორირებას უკეთებს. როდესაც ჩვენ აქ შევიკრიბეთ, სირიაში უდანაშაულო ადამიანებს წამებით კლავენ, სირიელმა ხალხმა იმხელა ღირსება და გამბედაობა გამოიჩინა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს ქუჩაში სიკვდილი არჩია სირიის მმართველ რეჟიმთან შეგუებას.“

პრეზიდენტმა ობამამ გაეროს უშიშროების საბჭოს სირიელი ხალხის მხარდჭერისკენ და მმართველი რიჟიმის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდა.

როდესაც მსოფლიო ასე სწრაფად იცვლება, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს კაცობრიობის მორალური ღირებულებები. გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ადამიანებმა თავისუფალი და ღირსეული სიცოცხლით იცხოვრონ. განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.

XS
SM
MD
LG