ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ქვემო მანჰეტენში აგებული კონსტრუქცია ნიუ იორკში დღეს უკვე ყველაზე მაღალი შენობაა. თავისუფლების კოშკი (Freedom Tower) ტერორისტების მიერ 11 წლის წინ დანგრეული ტყუპი შენობების ადგილზე აშენდა. მისი სიმაღლე ამჟამად 381 მეტრია და ის ბოლო დეკადის მანძილზე ქალაქის ყველაზე მაღალ ცათამბჯენს - ემფაიარ სთეითის შენობას (Empire State Building) ზემოდან გადაჰყურებს. 1931 წელს აგებული ემფაიარ სთეითი წარსულში, 40 წლის მანძილზე მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა იყო.

კიმბერლი ნიუ იორკში დაიბადა და გაიზარდა. მისი თქმით ახალ შენობას ქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:

შესანიშნავი რამ არის. თან იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა. მშენებლობის მიმდინარეობა, მოშუშების პროცესი, მთელი ის დრო, რაც ამ ყველაფერს დასჭირდა“ - ამბობს რიგითი ნიუ იორკელი.

მას შემდეგ, რაც ტერიტორია ტყუპი შენობების ნარჩენებისგან გაიწმინდა, იქ სიცარიელემ დაისადგურა. წლების მანძილზე ნიუ იორკელების და ტურისტების თვალწინ დიდი ზომის დამთრგუნველი, ღრმა ორმო იშლებოდა. მთავრობის ოფიციალური პირები და ურბანული განვითარების კერძო კომპანიები ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. მსჯელობდნენ იმის თაობაზე, თუ რა აეგოთ ტყუპი შენობების ნაცვლად.

კომპრომისის შემდეგ გადაწყდა, რომ 11 სექტემბერს დაღუპული 3 ათასზე მეტი ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან და მუზეუმთან ერთად - ერთი მაღალი ნაგებობა აშენდებოდა. მას შემდეგ თავისუფლების კოშკი საშუალოდ კვირაში თითო სართულის სისწრაფით შენდება და დასრულებისას 104-სართულიანი ნაგებობა იქნება.

წარმოშობით პოლონელი ადვოკატი, ტომეკი ამბობს, რომ მცირე დაგვიანებას არაუშავს:

მას შემდეგ მხოლოდ 11 წელი გავიდა. ნარჩენების მთებიდან ახალი და ლამაზი შენობის აგება მოხერხდა. ეს ამერიკის ძლიერების კიდევ ერთი მაგალითია“ - ამბობს ის.

ბრედი, ატლანტიდან გადმოსული მანქანების დილერი ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ნიუ იორკის დაგეგმარება და მისი მაღლივი შენობები.

კარგია, რომ ქალაქის ცენტრმა ცათამბჯენი დაიბრუნა. ხედი და ლანდშაფტი ტყუპი შენობების გაუჩინარებამ ძალიან შეცვალა. ახლა კი ნიუ იორკი თავის სახეს იბრუნებს და ეს ძალიან მიხარია“ - აღნიშნავს ბრედი.

ნიუ-იორკელები ამბობენ, რომ ქალაქის ხედი თავისუფლების კოშკიდან ყველაზე ლამაზი იქნება. მშენებლობა გაისად დასრულდება. მას შემდეგ, რაც ის 541 მეტრს მიაღწევს, ის მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში უმაღლესი ცათამბჯენი იქნება. არქიტექტორთა გადაწყვეტილება თავისუფლების კოშკის სიმაღლის შესახებ შემთხვევითი არ ყოფილა: 541 მეტრი ფუტებში 1 776-ს უდრის. 1776 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG