ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბავშვთა არასაკმარისი კვების პრობლემა


ბრიტანული კვლევა ადასტურებს, რომ ქრონიკული მალნუტრიციის გამო ბავშვთა აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებიც კი იკლებს

დიდ ბრიტანეთში დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაცია ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ადასტურებს, რომ ქრონიკული მალნუტრიციის გამო ბავშვთა აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებიც კი იკლებს. დანარჩენ ფაქტორებთან ერთად, ეს პრობლემა გლობალურ ეკონომიკას მილიარდობით დოლარი უჯდება. ორგანიზაციას “გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) მიაჩნია, რომ ბავშვთა არასაკმარისი კვების თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის დიდი რვიანის შეხვედრაზე პრიორიტეტული უნდა იყოს.

ანგარიშის მიხედვით, მალნუტრიციის გამო 8 წლის ბავშვს 20 პროცენტით მეტი შანსია მარტივი წინადადების წაკითხვა გაუჭირდეს, ვიდრე მას, ვინც სრულყოფილად იკვებება და ორგანიზმისთვის აუცილებელ ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ბოჭკოს, მინერალურ ნივთიერებებს, თუ ვიტამინებს იღებს. დევიდ მაკნერი ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ დიდი ბრიტანეთის ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

მალნუტრიციის გამო ბავშვები მათემატიკის გამოცდებზე მუდმივად დაბალ ნიშნებს იღებენ და მარტივი წინადადებების წაკითხვაც უჭირთ. მომავალში ეს ფაქტორი მოქმედებს მათ თავდაჯერებაზე, კარიერულ წინსვლაზე და საბოლოო ჯამში, ფინანსურ მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახება“ - აღნიშნავს ის.

ანგარიში საერთაშორისო მასშტაბით ჩატარებულ კვლევას ეფუძნება, სახელწოდებით „ახალგაზრდა სიცოცხლეები“ (Young Lives), რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. კვლევაში ეთიოპიიდან, ინდოეთიდან, პერუდან და ვიეტნამიდან ათასობით ბავშვი იღებდა მონაწილეობას.

კვლევის შედეგების მიხედვით, გონებრივი განვითარებისთვის ყველაზე კრიტიკული პერიოდი იწყება ქალის დაორსულებიდან და გრძელდება მანამ, სანამ ბავშვი 2 წლის გახდება. თუკი ორსულობის, შემდეგ ძუძუთი კვების პერიოდში, დედას და ჩვილ ბავშვს აუცილებელი ნივთიერებები აკლია, ეს არამარტო ტვინის განვითარებაზე, არამედ ცნობიერების ჩამოყალიბებაზეც ახდენს გავლენას. თუმცა, დევიდ მაკნერი ამბობს, რომ უარყოფითი ეფექტები ამით არ შემოიფარგლება.

„საინტერესო დადასტურება მივიღეთ გარშემომყოფთა არასწორი ქცევის ზემოქმედების ეფექტზეც. ბავშვები მალნუტრიციის გამო ფიზიკურადაც უფრო პატარები არიან. ამიტომ მათ მშობლები და გარშემომყოფი ადამიანები ისე ექცევიან, თითქოს ისინი ასაკითაც უფრო პატარები იყვნენ. არასწორი მიდგომის გამო მათი გონებრივი ჩამოყალიბება ამით კიდევ უფრო ფერხდება“ - ამბობს დევიდ მაკნერი.

ქრონიკული მალნუტრიციის პრობლემა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტზეც აისახება. ეს ყველაზე მეტად განვითარებად ქვეყნებს ეხება. გაეროს ანგარიშის მიხედვით, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სამხრეთ აზიაში -ნახევარი და სუბ-საჰარის რეგიონში -40 პროცენტი არასაკმარისი კვების გამო თავის თანატოლებთან შედარებით ბევრად დაბლები არიან.

ორგანიზაციას „გადაარჩინე ბავშვები“ მიაჩნია, რომ ზრდასრულ ასაკში მათ 20 პროცენტით ნაკლები შემოსავალი ექნებათ, ვიდრე სრულფასოვანი კვების პირობებში გაზრდილ მათ თანატოლებს. გლობალურ ეკონომიკას კი ეს ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდება.

პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ მომავალ წელს დიდი ბრიტანეთის და ბრაზილიის ხელისუფლება სამთავრობო დონეზე პირველად მართავს მალნუტრიციასთან დაკავშირებულ კონფერენციას, რომელზეც ამ საკითხებს დიდი ყურადღებით განიხილავენ და სათანადო პროგრამებს სუბსიდირებას გაუზრდიან. ორგანიზაციას „გადაარჩინე ბავშვები“, მიაჩნია, რომ მალნუტრიციასთან ბრძოლის ბიუჯეტი უნდა გაორმაგდეს და მილიარდი დოლარი შეადგინოს.

„ამასთან, ჩვენი სურვილია განვითარებადმა ქვეყნებმა ეს საკითხი მთავარ პრიორიტეტად დასახონ და თავადაც გაზარდონ პროგრამების სუბსიდირება. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი და ნიგერია, საკმარისი ბიუჯეტი აქვთ და საშუალო შემოსავლის მქონე სახელმწიფოებად ითვლებიან. მათ უბრალოდ მეტი ინვესტიცია უნდა გააკეთონ ისეთ პროგრამებში, რომლებიც მალნუტრიციის პრობლემის აღმოფხვრას ისახავს მიზნად“ - აღნიშნავს დევიდ მაკნერი.

ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვების“ ანგარიშის მიხედვით, ნიგერიაში ზრდაში ჩამორჩენილი 11 მილიონამდე ბავშვია. ინდოეთში კი ეს ციფრი 61 მილიონს აღემატება.
XS
SM
MD
LG