ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან შეთანხმება მიღწეულია


მსოფლიოს 6 წამყვანი ქვეყნის ბირთვული მოლაპარაკებები ირანთან დასრულდა. ირანი ბირთვული პროგრამის სანაცვლოდ ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებას მიიღებს.

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა მოლაპარაკებების დასრულებაზე ერთობლივი განცხადება დღეს ვენაში გააკეთეს. შეთანხმების მიხედვით ირანი ბირთვულ პროგრამას შეამცირებს და მის ზედამხედველობას გაეროს ბირთვული სააგენტო განახორციელებს.

მოგერინის თქმით შეთანხმება დაბალანსებულია და ყველა მხარის ინტერესებს სცემს პატივს. “კომპლექსური, დეტალური და ტექნიკური” - ამ სიტყვებით დაახასიათა მან შეთანხმება. მოგერინის შემდეგ ჟურნალისტებს ზარიფმა მიმართა და უთხრა, რომ მოგერინის სიტყვებს იმეორებს.

პრეზიდენტ ობამას შეფასებით ბირთვული შეთანხმება “იმის მაგალითია, რომ ამერიკულ დიპლომატიას რეალური და მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა შეუძლია.”

“ღრმა, გრძელვადიანი შეთანხმება ირანთან თავიდან აგვაცილებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის წარმოებას,” განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ვეტოს დაადებს კონგრესის ნებისმიერ კანონმდებლობას, რომელიც შეთანხმების დაბლოკვას შეეცდება. “ეს შეთანხმება გვაძლევს შანსს სრულიად ახალი მიმართულებით ვიმოძრაოთ, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ,” განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

შეთანხმებას უკვე გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, რომელმაც სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ამით ირანის დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება.

XS
SM
MD
LG