ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიცია უწყვეტ აქციებს აანონსებს


“აშკარაა პოლიტიკური შურისძიება, “- ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს "საერთაშორისო ამნისტია":

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (შიმშილობის მეხუთე კვირას) ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, სავარაუდოდ დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და არ მისცეს ადეკვატურ ჯანდაცვაზე წვდომა. ეს არა მხოლოდ შეჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა", - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის საპყრობილის საავადმყოფოში გადაიყვანეს, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” უწყვეტი, მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა.

სააკაშვილი ამბობს, რომ ის მოტყუებით გადაიყვანეს გლდანის პენიტენციური დაწესებულობის საავადმყოფოში და ადგილზე მისვლისას, მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს. სააკაშვილის გასამხნევებლად, მისი მხარდამჭერების ნაწილი გუშინაც და დღესაც გლდანის ციხესთან იმყოფება. თუმცა, დემონსტრანტთა ძირითადი ნაწილი ქალაქის ცენტრში, პარლამენტისა და კანცელარიის შენობებთან მართავს აქციებს.

“ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა” ნიკა მელიამ, საპროტესტო აქციაზე, ოპოზიციის სამი მთავარი მოთხოვნა გააჟღერა, ესენია: სააკაშვილის მულტიპროფილურ, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები.

საქართველოს სახალხო დამცველმა კი იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის გლდანში მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.

ამასთან, ომბუდსმენი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სინამდვილეში სად გადაჰყავდათ ის. სააკაშვილის თქმით, მას უთხრეს, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო და მრავალფუნქციურ კლინიკაში გადაჰყავდათ, რასაც ის დათანხმდა. სახალხო დამცველის განცხადებით, მისი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ რუსთავის #12 დაწესებულებაში და იქ ვერ მოიძიეს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სააკაშვილმა იცოდა #18 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ და ამას დათანხმდა. მიხეილ სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ უარის მიუხედავად, ის ძალის გამოყენებით შეასახლეს N18 დაწესებულებაში.

სააკაშვილის გლდანში გადაყვანასა და მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებენ საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები.

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში, პენიტენციური სამსახურის ბაზაზე არსებულ კლინიკაში გადაყვანას. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები არც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ არის მიმართული და არც პატიმრის ინტერესებს ემსახურება.

"მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თაობაზე მათი გადაწყვეტილებები მიმართული არ არის ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ და არც პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებით არის ნაკარნახევი. არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ხელისუფლების გაუმართლებელი ნაბიჯების შედეგად ქვეყანა შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.


ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იმ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

განცხადება სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკაშვირებით გააკეთა ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმაც.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვაღელვებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვიცით, რომ ექიმების ჯგუფმა შეაფასა მისი ჯანმრთელობა, რომელიც მაღალი რისკის ქვეშ არის და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას. ვიცით ისიც, რომ სახალხო დამცველმა თქვა გლდანში, იმ დაწესებულებაში, სადაც ის არის გადაყვანილი, არ არის საკმარისი პირობები მისი მკურნალობისთვის.

ამიტომ მთავრობას მოვუწოდებთ, უზრუნველყონ, რომ სააკაშვილმა მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში. მოვუწოდებთ სააკაშვილსაც, მოუსმინოს და დაუჯეროს მის ექიმებს”, - თქვა ელჩმა.

ელჩმა თქვა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მიმდინარე მოვლენების ყურადღებით დაკვირვებას.

“ცხადია ეს არის ძალიან სენსიტიური და ემოციური სიტუაცია და ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. პასუხისმგებლობა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე აკისრია ხელისუფლებას. ყოველთვის, ყველა ქვეყანაში ხელისუფლება არის პასუხისმგებელი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებაზე", - თქვა შეერთებული შტატების ელჩმა ბათუმში მედიასთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 40 დღეა რაც შიმშილობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG