ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალაუფლების გადანაწილება ჩრდილოეთ კორეაში


ძალაუფლების გადანაწილება ჩრდილოეთ კორეაში

პროფესორები და ანალიტიკური ცენტრების მკვლევარები პოლიტიკის შესწავლის აზიურ ინსტიტუტში შეიკრიბნენ კონფერენციაზე, რომლის თემაც „ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობა“ იყო. მეცნიერების მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგების გამოქვეყნება იმ დროს დაემთხვა, როცა ფხენიანი კიმ ჩენ უნის ლეგიტიმაციაზე ზრუნავს, რომელიც ქვეყნის დამაარსებლის, კიმ ირ სენის შვილიშვილია.

პროფესორი ლიუ მინი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა შანხაის აკადემიაში კორეის საქმეთა სპეციალისტი, ვარაუდობს, რომ ფხენიანის მმართველი ოჯახი პიროვნების კულტის ხელახლა შემოღებას შეეცდება, რომელიც კიმ ირ სენის კულტის მსგავსი იქნება, რათა ძალაუფლება მესამე თაობასაც შეუნარჩუნოს.

„ხალხს, მათ შორის სამხედროებსაც, ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ მემკვიდრეობით გადაცემულმა რეჟიმმა ლეგიტიმურობის შენარჩუნება შეიძლება ვერ შეძლოს. ეს ეჭვი, განსაკუთრებით, კიმ ჩენ უნის პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარეობს.“

კიმ ჩონგ იუნი 30 წლამდე ასაკისაა და 69 წლის პრეზიდენტი კიმ ჩონგ ილის მესამე ვაჟია. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, კიმ ჩონგ ილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ კიმ ჩონგ ილი ჩრდილოეთ კორეის ერთპიროვნული მმართველია, მას ქვეყნის სამხედრო უწყებებსა და მუშათა პარტიას შორის რესურსების ფრთხილი გადანაწილება სჭირდება.

რობ ვინტრობი დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის ეკონომისტია, რომელიც დიქტატორულ რეჟიმებს სწავლობს. მისი თქმით, დაბალანსების პოლიტიკამ ქვეყანა შესაძლოა საშიშ მდგომარეობამდე მიიყვანოს, სწორედ ისე, როგორც ეს იმპერიალისტურ იაპონიას მოუვიდა, როცა ის ჰავაის დაესხა თავს:

„როდესაც საქმე ორმაგ ძალაუფლებასთან გვაქვს, ვითარება შეიძლება არასტაბილური იყოს. კორეის მსგავსი სიტუაცია თანამედროვე ირანში გვაქვს, სადაც ერთის მხრივ აჰმადინეჯადია ქვეყნის მმართველი და მეორეს მხრივ კი მოლები. ეს არასტაბილურობას ხელს უწყობს და ვიღაცამ შეიძლება რაიმე გაუთვლელი გააკეთოს. ამისი მიზეზი კი ის იქნება, რომ სინამდვილეში არ არსებობს ერთი მმართველი.“

თუმცა კანადელ პროფესორს არ მიაჩნია, რომ ჩრდილოეთ კორეაში შესაძლოა ისეთი სახალხო მოძრაობების დაწყება, როგორიც წელს არაბულ სამყაროში დაიწყო.

„დამშეული და გაუბედურებული ხალხი აჯანყებას არ იწყებს.“

სამხრეთ კორეაში კეიმიანგის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი ჰან ბიუნგ ჯინი ამბობს, რომ ფხენიანის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა შესაძლოა ჩრდილოეთ კორეაში ავტორიტარიზმი დაამხოს, სწორედ ისე, როგორც ეს სხვა კომუნისტურ ქვეყნებში მოხდა:

„ჩემი აზრით, თუ ჩრდილოეთ კორეაში რაიმე კონფლიქტი დაიწყო, მოვლენები სპონტანურად დაიწყება.“

სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით არსებულ ამ გაურკვევლობას იწვევს ინფორმაციის სიმწირე რეჟიმის შიდა საქმიანობის შესახებ.

XS
SM
MD
LG