ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლელი ლიდერები ჩრდილოეთ კორეაზე მსჯელობენ


ფოტო გავრცელებულია სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს მიერ

მსოფლიო ლიდერები ფიქრობენ, როგორ უპასუხონ ჩრდილოეთ კორეის მიერ გუშინ ბირთვული იარაღის მორიგ გამოცდას. 2006 წლიდან მოყოლებული, ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღი მეექვსედ გამოსცადა. გაეროს მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეა ყველა საერთაშორისო შეთანხმებას არღვევს.

გუშინ ჩრდილოეთ კორეამ თერმობირთვული წყალბადის ბომბი გამოსცადა, რომელიც შესაძლებელია საკონტინენტთაშორისო რაკეტაზე განთავსდეს.

ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, წყალბადის ბომბის გამოცდა ნაწილია "კორეის სახალხო პარტიის გეგმისა, რომელიც სტრატეგიული ბირთვული ძალების შექმნას ისახავს მიზნად."

საერთაშორისო საზოგადოება მსჯელობს თუ როგორ უპასუხოს ფხენიანის ამ ნაბიჯს.

„უშიშროების საბჭოს სანქციების დაწესების დიდი გამოცდილება აქვს, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეას სანქციები არ აჩერებს. რა არის მომდევნო ნაბიჯი? ამ კითხვაზე ჯერ-ჯერობით პასუხი არ გვაქვს,“ ამბობს ლასინა ზერბო, ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის კომისიის აღმასრულებელი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს მოუწოდა, ბირთვული ცდების შესაჩერებლად ფხენიანზე მისი გავლენები გამოიყენოს, თუმცა პრეზიდენტმა კვირას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ჩინეთმა წარმატებას ვერ მიაღწია.

პრეზიდენტის თქმით, ის განიხილავს სავაჭრო კავშირები შეწყვიტოს ჩრდილოეთ კორეის ყველა მოკავშირესთან. ამ ჩამონათვალის სათავეში ჩინეთია, როგორც ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.

კორეის ნახევარკუნძულის კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი დონგ-გილ კიმი ამბობს, რომ ბირთვული გამოცდები რეგიონში დაძაბულობას ზრდის, რაშიც, მისი თქმით, წვლილი შეერთებულ შტატებსაც მიუძღვის.

„შეერთებული შტატების მიერ სამხრეთ კორეაში დამცავი სისტემების განთავსების შემდეგ, ჩინელები ფიქრობენ, რომ სტრატეგიული ბალანსი დაირღვა. ამ პროცესში სამხრეთ კორეა ამერიკის მხარესაა, რაც ბუნებრივად აშორებს მას ჩინეთისგან. ეს ყველაფერი ჩრდილოეთ კორეისთვის ძალიან სასარგებლო მოცემულობაა,“ ამბობს გილ კიმი.

ჩინელი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს, რადგან სჯერა, რომ მტრებითაა გარშემორტყმული. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ფხენიანთან დიალოგი უნდა აწარმოონ.

პრეზიდენტმა ტრამპმა, ტვიტერში ასევე დაწერა, რომ ამ თემაზე კონსულტაციებს გაივლის სამხედრო მაღალჩინოსნებთან.

ევროპელი ლიდერების უმრავლესობა ამბობს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე არსებული პრობლემა სამხედრო მეთოდებით არ გადაიჭრება.

„სეული ჩრდილოეთ კორეასთან ახლოსაა. მათ თავისუფლად შეუძლიათ სამხრეთ კორეის მოსახლეობა ააორთქლონ. ამიტომაც არ იქნება მართებული ჩრდილოეთ კორეის შეშინება,“ განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

ევროკავშირის ლიდერები უფრო მკაცრი სანქციების იდეით გამოდიან და ამბობენ, რომ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ჩრდილოეთ კორეის მოკავშირეებს - რუსეთს და ჩინეთს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG