ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალექსიევიჩის პოლიფონიური მწერლობა


სვეტლანა ალექსიევიჩი

67 წლის ალექსიევიჩი მე-14 ქალია, ვინც ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიიღო, მაგრამ იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, ვინც ეს ჯილდო არა მხატვრული, ე.წ. ნონ-ფიქშენისთვის დაიმსახურა.

„ეს არ არის მხოლოდ ჩემი ჯილდო, ეს არის ჯილდო ჩვენი კულტურისთვის, ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის იყო და ახლაც არის საკვანძო მოვლენებს შორის,“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღებას ბელორუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი.

შვედეთის სამეცნიერო აკადემიამ მის მწერლობას პოლიფონიური უწოდა, „ეს არის ჩვენს დროში წამების და გამბედაობის მონუმენტი“ უთხრა ჟურნალისტებს აკადემიის წარმომადგენელმა სარა დანიუსმა: „ლიტერატურის ახალი ჟანრი. ემოციების ისტორია, სულის და სურვილის ისტორია.“

უკრაინაში დაბადებული და ბელორუსში გაზრდილი 67 წლის ალექსიევიჩი მე-14 ქალია, ვინც ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიიღო, მაგრამ იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, ვინც ეს ჯილდო არა მხატვრული, ე.წ. ნონ-ფიქშენისთვის დაიმსახურა.

„მის ნაშრომებში ისმის ხმა, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მის მიერ შეგროვილი ისტორიების ხმა,“ წერს ჟურნალ ნიუ-იორკერის მწერალი ფილიპ გურევიჩი, რომელმაც ნობელის კომიტეტს ჯილდოს ალექსიევიჩისთვის მინიჭებისკენ ზუსტად 1 წლის წინ მოუწოდა

მის ნაშრომებში ისმის ხმა, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მის მიერ შეგროვილი ისტორიების ხმა
ფილიპ გურევიჩი, ნიუ იორკერი

ალექსიევიჩის ლიტერატურა ისტორიული ფაქტებით და ადამიანების ზეპირი მონათხრობებითაა გაჯერებული, რაც მკითხველს მის ძველ პროფესიას - ჟურნალისტობას ახსენებს. მის ნამუშევრებში ისმის იმ ადამიანების ხმა, რომელიც გასული საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენების დროს საზოგადოებას ვერ მისწვდა, მაგალითად ისეთი მოვლენებისას, როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომი, ავღანეთის საბჭოთა ოკუპაცია და ჩერნობილის კატასტროფა.

ალექსიევიჩმა წიგნების უმრავლესობა დასავლეთ ევროპაში სხვადასხვა სტიპენდიებით და პროგრამებით მუშაობისას დაწერა, ცხოვრობდა იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში და შვედეთში. რამდენიმეწლიანი ემიგრაციის შემდეგ ის მინსკში დაბრუნდა, სადაც, როგორც თვითონ ამბობს „ბელორუსის ტელევიზიები არ მიმჩნევენ, თითქოს არ ვარსებობ.“

ბელორუსის ტელევიზიები არ მიმჩნევენ, თითქოს არ ვარსებობ.
სვეტლანა ალექსიევიჩი

ბევრი ბელორუსისთვის ნობელის პრემია არ არის მხოლოდ ლიტერატურული წარმატება, მათ იციან, რომ ლუკაშენკო და მისი მეხუთე საპრეზიდენტო ვადა აღარ იქნება პირველი რამ, რაც უცხოელებს ბელორუსის ხსენებაზე გაახსენდებათ.

„ბელორუსში ბევრისთვის სვეტლანას აღიარება იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა ხდება ჩვენი ქვეყნის ძალიან საჭირო აღიარება, მაგალითი იმისა, რომ ბელორუსი და რეგიონის სხვა ქვეყნები არ არიან მხოლოდ პრობლემების შემქმნელები, არამედ სხვა ნიჭიც აქვთ“, ამბობს მარინა კავალეუსკაია, ვაშინგტონში მცხოვრები ბელორუსი იურისტი, რომელიც ალექსიევიჩის მსგავსად უკრაინაში დაიბადა.

მის წიგნებში მოთხრობილი ისტორიების გამო ალექსიევიჩის ლიტერატურა აქტუალურია ნინო ბექიშვილისთვის. ასევე წარსულში ჟურნალისტმა მისი წიგნი „ჩერნობილის ლოცვა“ რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმნა და გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გამოცემული წიგნი გასულ მაისს წარუდგინა ქართულენოვან მკითხველს.

„ეს საბჭოთა თემატიკა დღეს აქტუალური ხდება ბევრად უფრო მეტად ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როცა ყველას ეგონა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ამ ბოროტების იმპერიისგან მსოფლიო განთავისუფლდა. დღეს რუსეთის ახალი პოლიტიკური განაცხადების ფონზე ეს ყველაფერი გაცილებით უფრო საინტერესო იქნება,“ ამბობს ბექიშვილი.

ეს არის ძალიან შემზარავი, მართალი და გულისამაჩუყებელი წიგნი
ნინო ბექიშვილი, მთარგმნელი

მისი თქმით ალექსიევიჩის მთავარი მიღწევა და დამსახურება არის ის, რომ მან ჟურნალისტური მასალისგან შეძლო ნამდვილი ლიტერატურის შექმნა. „წარსულში მეც ჟურნალისტი ვიყავი და იმის გამოცდილება მქონია, რომ ტრავმის შემდეგ ადამიანებთან ჩამეწერა ზეპირი ისტორიები და საერთოდ ვერასდროს ვერ წარმომედგინა თუ იქიდან შეიძლებოდა ასეთი მაღალი ლიტერატურის შექმნა.“

„ეს არის ძალიან შემზარავი, მართალი და გულისამაჩუყებელი წიგნი,“ ამბობს ბექიშვილი „ჩერნობილის ლოცვაზე“, რომელიც, მას იმედი აქვს, რომ საბჭოთა წარსულის გადაფასებას შეუწყობს ხელს, დანარჩენი სამყაროსთვის კი წიგნი "შანსია მეტი გაიგოს საბჭოეთზე".

იმიტომ რომ „ეს არის შემზარავი სურათი იმისა, თუ როგორი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი, შემზარავია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ტრაგედიის ფონზე ხდება ყველაფერი, შემზარავია იმიტომ რომ ნაჩვენებია რა მოსდის ამ ტოტალიტარულ სახელმწიფოში ადამიანს, ნათლადაა ნაჩვენები თუ რას უკეთებს ტოტალიტარიზმი ადამიანს, როგორ დეგრადირებს, აკარგვინებს სახეს.“

XS
SM
MD
LG