ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნისანის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს


კარლოს გოსნის რეპუტაციას მორიგი დაცემა მიადგა. „ნისან მოტორის“ დირექტორთა საბჭომ, ახლახან დაპატიმრებული ბიზნესმენის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას, ერთხმად უყარა კენჭი.

გოსნისთან ერთად სხვა დირექტორი, გრეგ კელიც გადააყენეს, რომელსაც საბჭომ გოსნისთან ერთად, ოფიციალურ დეკლარაციებში მათი შემოსავლების შემცირებული ოდენობის ჩვენება და კომპანიის ქონების პირადი მიზნებისთვის გამოყენება დასდო ბრალად.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭოს წინაშე წარდგენილი შიდა გამოძიების დასკვნა აჩვენებს, რომ „კელი მზად იყო გოსნისთან ერთად ამ საქმის სათავეში ყოფილიყო“. დირექტორთა საბჭომ ასევე განაცხადა, რომ ფრანგულ ავტომწარმოებელ „რენოსთან“ ხანგრძლივი პარტნიორობა „უცვლელი დარჩება“.

კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს, საბჭოდან გოსნის სრულად გაყვანას, აქციების მფლობელთა ხმების მიღება სჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG