დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო პირველი ექსტრემისტული ორგანიზაციაა, რომელიც ჯგუფის მიზნების მისაღწევად წარმატებით იყენებს სოციალურ მედიას - ასე აფასებენ ვაშინგტონში ბაზირებული ექსპერტები დაჯგუფების ონლაინ კამპანიას.
ამერიკის ხმამ და ახალი ამბების მუზეუმმა ერთობლივი დისკუსია - „ისლამური სახელმწიფო და ციფრული ომი “ გამართა, სადაც დაჯგუფების მიერ სოციალური მედიის წევრების შესარჩევად და იდეოლოგიის პროპაგანდისთვის გამოყენებაზე ისაუბრეს.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსტრემიზმის პროგრამის დირექტორის ლორენზო ვიდინოს თქმით ისლამური სახელმწიფო წინამორბედი ალ ქაიდისგან მესიჯის გავრცელების მეთოდით გამოირჩევა:
„თუ ალ-ქაიდა მისი ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ვრცელ ვიდეოებს ავრცელებდა, ისლამური სახელმწიფო ინვესტიციას სოციალურ მედიაში აკეთებს... ისინი თავიანთ მესიჯებს ძალიან ჭკვიანურად ავრცელებენ.“
თუ ალ-ქაიდა მისი ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ვრცელ ვიდეოებს ავრცელებდა, ისლამური სახელმწიფო ინვესტიციას სოციალურ მედიაში აკეთებსლორენზო ვიდინო, ექსტრემიზმის მკვლევარი
შეფასებას ამერიკის ხმის სომალის რედაქციის უფროსი რედაქტორი ჰარუნ მარუფიც იზიარებს, „ისლამურმა სახელმწიფო სოციალური მედიას ისე ოსტატურად იყენებს, როგორც ეს აქამდე არც ერთ ექსტრემისტულ ორგანიზაციას არ გაუკეთებია.“ დაჯგუფების კამპანიას მარუფი ეფექტურს უწოდებს, „რადგან ჯგუფი ახალი წევრების მიზიდვას მოკლე ვადებში ახერხებს.“
ამ წლის დასაწყისში თეთრმა სახლმა ახალი კამპანიის დაწყებაზე გააკეთა განცხადება, რომლის მიზანიც ისლამური სახელმწიფოს „შესუსტება და დამარცხება“ იყო, კამპანიის ერთ-ერთი მიზანი ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ ონლაინ გაფართოების შეზღუდვა იყო.
„იდეოლოგიები იარაღით არ მარცხდებიან, ისინი მარცხდებიან უკეთესი იდეებით,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ ივლისში.
ექსტრემიზმის მკვლევარი და უსაფრთხოების ექსპერტი, რომლის კვლევის საგანი ისლამიზმი და პოლიტიკური ძალადობაა ამბობს, რომ ისლამური სახელმწიფოს მედია კამპანია განსაკუთრებით ახალგაზრდებზე მოქმედებს.
ახალი ამბების მუზეუმის ინსტიტუტის წარმომადგენელი ჯინ პოლიცინსკი ამბობს, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით რელიგიის „უტოპიური ხედვები“ იზიდავთ.
იგივეს ამბობს დეილი ბისტის ახლო აღმოსავლეთის ჟურნალისტი მაიკლ ვეისი: „დაჯგუფების თანმიმდევრული და მიმზიდველი ნარატივი აქვს,“ ამბობს ის.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ემა ნიკოლსონი, რომელიც ერაყში წელიწადში რამდენიმეჯერ ჩადის და 3 მილიონზე მეტ დევნილთან მუშაობს ამბობს, რომ დაჯგუფების მესიჯი არ არის ისლამური
„მათ არაფერი იციან ისლამზე. ისლამი მათ არ რთავს უფლებას სურათები აჩვენონ, მთელი ეს კამპანია არა მუსულმანურია.“
ვიდინოს თქმით დაჯგუფების კამპანიას ზუსტად განსაზღვრული სამიზნე ჰყავს, დაჯგუფებაში გაწევრიანებული ადამიანების „40%-ის ისლამზე წარმოდგენა საერთოდ არ აქვს.“ მისი თქმით რადიკალიზაციის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო აქტორები ახლობლები და ნათესავები არიან.
ნიკოლსონს და ვეისს განსხვავებული შეხედულებები აქვთ იმაზე, თუ რა როლი უნდა ითამაშონ დაჯგუფების კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ზომიერმა მუსლიმებმა.
ნიკოლსონის აზრით ამ ტვირთის ერთი ჯგუფისთვის დაკისრება უსამართლობა იქნება, ვეისის შეფასებით კი ისლამური სახელმწიფოს დაგმობას ყოველ მუსლიმს ცალ-ცალკე ვერ მოთხოვ.