ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ზელანდია რესპუბლიკის გამოცხადებას ჯერ არ გეგმავს


ჯასინდა არდერნი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ აპირებს ქვეყნის რესპუბლიკად გამოცხადებას, ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ. ჯასინდა არდერნის თქმით, ეს მომავალში მოხდება და სავარაუდოდ, თავადაც გახდება ამის მომსწრე, თუმცა ახალი ზელანდიის მთავრობას ჯერ სხვა, გადაუდებელი საქმეები აქვს.

არდერნმა წარსულშიც გამოხატა ახალი ზელანდიის რესპუბლიკად გამოცხადების იდეის მხარდაჭერა. ახლანდელი სისტემის მიხედვით, ქვეყნის მეთაური ბრიტანეთის მონარქია. ის ახალ ზელანდიაში გენერალური გუბერნატორითაა წარმოდგენილი, თუმცა გუბერნატორის როლი ქვეყნის დღევანდელ მართვაში, უმეტესად სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

"ჩემი შეხედულება რამდენჯერმე გარკვევით დავაფიქსირე. ჩემი აზრით, ახალი ზელანდია დროთა განმავლობაში სწორედ აქეთ მიემართება. ვფიქრობ, მე ამას მოვესწრები... მაგრამ, ამას მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ ვხედავ" - თქვა არდერნმა.

ახალი ზელანდიის გარდა, ბრიტანეთის მონარქია მმართველად კიდევ 13 ქვეყანაში ითვლება. მათ შორისაა კანადა, იამაიკა და ავსტრალია.

ავსტრალიის რესპუბლიკად გამოცხადებას მტკიცე საფუძველი მაისში ჩაეყარა, როცა ქვეყნის პრემიერად ენტონი ალბანისი აირჩიეს. კვირას მანაც გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ახლა პატივი უნდა მიაგონ დედოფლის ხსოვნას და ცვლილებების დრო ჯერ არ დამდგარა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG