ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბილ დე ბლასიო - ნიუ იორკის ახალი მერი


ბილ დე ბლასიო ნიუ იორკის რიგით 109-ე მერია და მოვალეობის შესრულებას 2014 წლიდან შეუდგება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:46 0:00
ბმული

ნიუ იორკის მერის არჩევნებზე კონსერვატორული სტილისა და ფისკალური პოლიტიკის მიმდევარი, ამჟამინდელი მერი მაიკლ ბლუმბერგი დემოკრატმა ბილ დე ბრასიომ ხმების 70 პროცენტიანი უპირატესობით დაამარცხა. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ბილ დე ბლასიო მსოფლიო მეგაპოლისის მერი იქნება.

30 წლის მანჰეტენელი ალეკი დე ბლასიოს უჭერს მხარს, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ ნიუ იორკში ამით განსაკუთრებული ცვლილებები მოხდება:

„კარგია, რომ ქალაქს მერად კორპორატიული მეპატრონე აღარ ეყოლება. თუმცა არც იმის მჯერა, რომ ეს რამეს განსაკუთრებით შეცვლის. რა ძალა უნდა ჰქონდეს ერთ ადამიანს ისეთი, რომ მერიას დაუპირისპირდეს. თუმცა მიხარია, რომ ნიუ იორკის მერი პროგრესული ადამიანი იქნება.“

ჩელია რეისს ნიუ იორკის ამჟამინდელი მერის - მაიკლ ბლუმბერგის პოლიტიკა მოსწონდა, თუმცა მისი მართვის დიქტატორულ სტილს არ ეთანხმებოდა:

„დე ბლასიო ნიუ იორკის გული გახდება. ყოველთვის უმცირესობების გვერდით დადგება და შეეცდება ნიუ იორკში მინიმალური ხელფასები გაზარდოს. ახალი მერის მთავარი საზრუნავი დაბალი და საშუალო კლასების ამერიკელები იქნებიან. სწორედ ამიტომ გამიხარდა მისი მერად არჩევა.“

ჯინი ლიბერალია და დე ბლასიოს პოლიტიკა ძალიან მოსწონს. მას სჯერა, რომ ახალი მერის არჩევა მცირე ბიზნესსაც წაადგება.

„არ ვიცი რამდენად ლიბერალი იქნება დე ბლასიო, ძნელია ამ საქმეში წინასწარ რაიმე განსაზღვრო. ახლა ვერაფერს ვიტყვით, დაველოდოთ, რამდენიმე თვეში, თუ რაიმე შეიცვლება.“

კუნძულ მანჰეტენზე ძირითადად საერთაშორისო დონის მდიდრების ელიტარული ფენა ცხოვრობს. ნიუ იორკის დანარჩენი ნაწილი კი ეთნიკური და რასობრივი უმცირესობებითაა დასახლებული. ნიუ იორკელების დიდი რაოდენობა ასევე ცხოვრობს ქალაქის გარეუბნებში. მანჰეტენელი კრის ლანდი ახალ მერს სკეპტიკურად აფასებს:

„არა მგონია, რომ მერმა შეძლოს ყველაფერი ის, რისი გაკეთებაც სურს. თუმცა ნიუ იორკს ამ ეტაპზე დახმარება ნამდვილად სჭირდება. ეს კი იმ საშუალო ფენის ნიუ იორკელებს ეხებათ, რომლებიც მანჰეტენის კუნძულის მოშორებით ცხოვრობენ და დღესდღეობით ისინი არავის ახსოვს.“

ლანდი ფიქრობს, რომ ნიუ იორკის ახლადარჩეული მერის განვლილი კარიერა სახალხო დამცველიდან მერობამდე გარკვეულ იმედს აჩენს:

„ვუსმენდი დე ბლასიოს და მის გამოსვლაში რობერტ კენედის დამოკიდებულება ვიგრძენი. მისი ყურადღება ამერიკელების ფართო სპექტრს ეთმობა. დარწმუნებული ვარ, ნიუ იორკელები ამას აუცილებლად დააფასებენ.“

ბილ დე ბლასიო ნიუ იორკის რიგით 109 მერია და მოვალეობის შესრულებას ის 2014 წლიდან შეუდგება.
XS
SM
MD
LG