ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენ გრიმს ბრალს 20 მუხლით წაუყენებენ


ნიუ იორკის შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენის -მაიკლ გრიმის- საქმეს ფედერალური სასამართლო განიხილავს

ნიუ იორკის შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენის -მაიკლ გრიმის- საქმის განხილვას ფედერალური სასამართლო გეგმავს. ბრალდებები გრიმის კონგრესში არჩევამდე წარმოებულ ბიზნესს უკავშირდება. არსებობს ეჭვი, რომ კონგრესმენმა კანონი შესაძლოა საარჩევნო კამპანიის პერიოდშიც დაარღვია.

მაიკლ გრიმი 2010 წელს ნიუ იორკის შტატიდან კონგრესში არჩევამდე კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. უფრო ადრე კი გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში მუშაობდა და თავად იძიებდა ისეთივე დანაშაულებრივ ქმედებებს, როგორშიც ახლა მას დებენ ბრალს.
ბმული

„პოლიტიკური ნიშნით ეს ერთგვარი კუდიანებზე ნადირობაა, რომელიც რამდენიმე მიზნით ხორციელდება. უმთავრესი მიზანი ჩემი პიროვნული განადგურება და ოფისის დატოვებაა“ - ამბობს მაიკლ გრიმი. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კონგრესმენმა განაცხადა, რომ თავს 20 სხვადასხვა მუხლით ფედერალურ დანაშაულში დამნაშავედ არ ცნობს.

ფედერალური პროკურორი ლორეტა ლინჩი ბრალეულობებზე საუბრისას ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ წარსულში გრიმი გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში მუშაობის პერიოდში, სწორედ იმ ტიპის კორუფციულ საქმეებს იძიებდა, რაზეც ახლა მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული.

„ბრალდებებს შორისაა საგადასახადო სამსახურების ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა; შეთქმულება სახელმწიფოს მოტყუების მიზნით; ყალბი გადასახადების ჩვენება; საბანკო ოპერაციების და სამედიცინო დაზღვევების გაყალბება; ცრუ ჩვენებების მიცემა; არალეგალი თანამშრომლების სამსახურში დაქირავება; ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლა და სხვა. საუბარია დანაშაულებზე, რომელიც მაიკლ გრიმმა 2007-დან 2010 წლამდე ჩაიდინა, როცა ის რესტორნის მფლობელი და მისი მმართველი იყო“ - აცხადებს ფედერალური პროკურორი. მისი თქმით, გრიმს სახელმწიფოსთვის მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს დამალული.

ჟურნალისტი ალექსანდრა ჯაფი, რომელიც პოლიტიკურ გამოცემაზე The Hill მუშაობს, ამბობს, რომ ნიუ იორკის შტატის კონგრესმენის წინააღმდეგ სხვა გამოძიებაც მიმდინარეობს, რომელიც უშუალოდ მის საარჩევნო კამპანიას და ფონდების მოზიდვაში არსებულ დარღვევებს უკავშირდება.

„რაბაი და მისი მიმდევრები დაეხმარენ ნახევარ მილიონიანი ფონდის მოზიდვაში, რომელიც უკანონოდაა იმ ადამიანებისთვის გამორთმეული, რომელთაც კონგრესმენისთვის თანხების გადაცემის უფლება არ ჰქონდათ. შესაძლოა სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე იყოს საუბარი“ - განმარტავს ჟურნალისტი.

საქმეში გრიმის ყოფილი მეგობარი ქალი - დიანა დურანიც ფიგურირებს, რომელიც 2010 წლის საარჩევნო კამპანიისთვის ფონდების მოზიდვაში მონაწილეობდა. ისიც აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს. თავად გრიმი პოსტის დატოვებაზე უარს ამბობს და ნოემბერში დანიშნულ არჩევნებზე კვლავ კენჭს იყრის.

„მე მორალურად მტკიცე და პატიოსანი ადამიანი ვარ. დარწმუნებული ვარ რომ ქვეყანას ჩემი სამსახური და ლიდერობის უნარი სჭირდება“ - აცხადებს ის.

ნიუ იორკში ფედერალურ გამოძიებათა დირექტორის მოადგილე ჯორჯ ვენიზელოსი მის პიროვნებას სულ სხვაგვარად ხედავს. ახლახან მან საჯარო განცხადება გააკეთა, რომელშიც ამბობს, რომ გრიმმა სააგენტოს დევიზი „ერთგულება, სიმამაცე და პატიოსნება“ დაარღვია და ყველაფერი სიყალბით და სიცრუით ჩაანაცვლა.
XS
SM
MD
LG