ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სანამ გეცეკვება - თავისუფალი ხარ" -მხარდამჭერი აქცია ნიუ-იორკში


მხარდამჭერი აქცია ნიუ-იორკში
მხარდამჭერი აქცია ნიუ-იორკში

"ცეკვა თავისუფლებისთვის" მხარდასაჭერი შეკრება ნიუ-იორკში, უილიამსბურგის უბნის ერთ-ერთი პაბის ტერიტორიაზე გაიმართა. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა იმიგრანტებმა 12 მაისს, თბილისის ღამის კლუბებში პოლიციის მიერ განხორციელებული ქმედებები მუსიკის ფონზე ცეკვით გააპროტესტეს. ქართველი ახალგაზრდების მხარდასაჭერად უცხოელი მეგობრებიც იმყოფებოდნენ. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

"ცეკვა თავისუფლებისთვის" აქცია ნიუ-იორკში კონტრაქციის გარეშე, მშვიდობიანად, მუსიკის თანხლებით გაიმართა. დაიგეგმა შაბათს, მას შემდეგ რაც პოლიციის მიერ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეც-ოპერაციების დროს იქ გასართობად მისულ ახალგაზრდებს უფლებები შეეზღუდათ. პარლამენტის წინ შეკრებილი ახალგაზრდების სოლიდარობისთვის უილიამსბურგის ერთ-ერთ ცნობილ პაბში "The Well" ცეკვა თავისუფლებისთვის შუადღეს დაიწყო. ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს სპეციალური ბანერებით შესვლის უფლებაც მისცეს. შეკრების ორგანიზატორი ანა სამანიშვილი შეკრების მიზანზე საუბრობს.

ანა სამანიშვილი ამბობს, რომ "რაც მოხდა იმ ღამეს, მას შემდეგ ჩვეულებრივი მომენტი იყო, რომ ჩვენც გავსულიყავით, რადგან იგივეს განვიცდიდით რასაც თბილისში ჩვენი მეგობრები განიცდიდნენ. რა მნიშვნელობა აქვს სად ვიყავით. ასე ერთსულოვნად გადავწყვიტეთ რომ გამოვსულიყავით და ჩვენი რაოდენობა გვეჩვენებინა. ნიუ-იორკშიც საკმაოდ ბევრნი ვართ, ვინც იზიარებს აქციაზე მყოფი ადამიანების მდგომარეობას და მოთხოვნებს".

უილიამსბურგში შეკრებილი ქართველი იმიგრანტები თბილისის აქციის მიმართ მხარდაჭერას ცეკვით გამოხატავდნენ და პარალელურად იქ მიმდინარე დაძაბულ მოვლენებს აკვირდებოდნენ.

ნანა საყვარელიძის თქმით "არავინ არ გვემუქრება, მოძველბიჭო ელემენტები აქ არ არიან. შავ პერანგიანები, თუ შავ მაისურებიანებიც ზოგი ვისაც ჩვენ ვთვლით, რომ არასწორი მეთოდებით იქცევიან ჩვენი გადამოსახედიდან, ჩვენ, ყველა საერთო ჯამში ვიღწვით საქართველოსთვის. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ იმ უფროს თაობას რომელიც გვებრძვის, რაც ცხადია, ხდება დამახინჯებული ტრადიციების და სიახლის ბრძოლა, ჩვენ გვინდა სწორად მივაწოდოთ მათ ჩვენი მესიჯი, რომ არ ვითხოვთ არანაირად ნარკომოვაჭრეების მხარდაჭერას, წამლის გასაღებას. ჩვენ მოვითხოვთ პირადი თავისუფლების ხელშეუხებლობას. ჩემი უფლებაა გავერთო იქ, სადაც მინდა და არავინ არ უნდა დამესხას თავს და გამომათრიოს თმებით. არ უნდა გადაამეტონ ძალაუფლებას".

თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა უილიამსბურგში სხვადასხვა თაობის იმიგრანტები შეკრიბა. ხელოვანი მამუკა ბერიკა ახალი თაობის მხარდასაჭერადამბობს :

"ადამიანს, სანამ ეცეკვება არის თავისუფალი და ამას როდესაც ავტომატებით დაუპირსპირდები და დამსჯელ და საჩვენებელ ოპერაციას ატარებ, ... ჩვენ ეს, სულ ყველაფერი გამოვიარეთ. ყველაზე მეტად 80 -იან წლებში. გამოიყვანდნენ 8-ე პოლკს და არ იცეკვო, განსხვავებული არ უნდა ყოფილიყო არც მოდა არც არაფერი, ბრბოს ინსტიქტზე უნდა ყოფილიყო დამყარებული ყველაფერი. დღეს ყველაზე მეტად მიკვრის ჩემი მეგობრების, რომლებიც თავის დროზე როკს უსმენდნენ და უკრავდნენ. მაგის გამო გიტარებს და ბარაბნებს თავზე ახევდნენ. დღეს სისულეებს წერენ, რომ ეს რა მუსიკა არის და ასე შემდეგ. შე კაი ადამიანო, შენ ხომ განგიცდია და ნახე ეს ყველაფერი რაც არის, ჯერ ეს ერთი და მეორე - ეს არის დღევანდელი დღე, რომელიც ხვალინდელში გადაიზრდება და ეს ასეა ახალი თაობაა, რომელსაც რაღაც ახალი მოაქვს".

პარლამენტის წინ შეკრებილებს უილიამსბურგში მხარდაჭერა უცხოელმა იმიგრანტებმაც გამოუცხადეს.

დრაგო სერბეთიდან ამბობს: "როდესაც ნიუ-იორკში ცხოვრობ, თითქოს ვერც წარმოიდგენ, რომ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. თუმცა თავისუფლების შეზღუდვის პრობლემები ხელისუფლების მხრიდან სერბეთშიც არსებობს. დღეს ამ აქციაზე ქართველი ახალგაზრდების, სიყვარულისა და თავისუფლების მხარდასაჭერად მოვედი".

გიორგი ავალიანი კომპანია " ლივინგსტოუნის" შემოქმედებითი დირექტორი თბილისიდან ნიუ-იორკში შაბათს ღამეს გამოფრინდა და დღეს უილიამსბურგის აქციაზე მოვიდა. ხუმრობდა, რომ ქვეყანაში მოვლენები 24 საათზე მოკლე ხანში ისეთი სისწრაფით განვითარდა - სულ სხვა რეალობა დადგა. ის ამბობს, რომ ნარკომოვაჭრეებთან ასეთი ფორმებით ბრძოლა გაუმართლებელია.

"რაღაც პრობლემა ცალსახად არის, მაგრამ ამასთან გამკლავება გაცილებით უფრო აზრიანად და მშვიდობიანად, უფრო გრძელვადიანად უფრო შესაძლებელია, ვიდრე ასეთი ერთჯერადი დარტყმებით რომელიც აზარალებს ხშირად არა მხოლოდ ჩვენს ხასიათს და განწყობას, არამედ ზოგადად იმ მუხტს და ძალას, რასაც ახლა ახალგაზრდები ვგრძნობთ და იმ შემოქმედებით პოტენციალს რაც საქართველოში ასე ყვავის.

ნიუ-იორკში გამართული აქციის დასრულების პარალელურად, შინაგან საქმეთა მინისტრსა და "თეთრი ხმაურის" მოძრაობის ხელმძღვანელის შეთანხმების შემდეგ აქცია შეწყდა პარლამენტის წინ და ასევე რუსთაველზე, სადაც კონტრაქცია მიმდინარეობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG