ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთისთვის დაწესებული ამერიკული სანქციები ძალაში შევიდა


დღეიდან ამოქმედდა ახალი სანქციები, რომელიც შეერთებულმა შტატებმა რუსეთს დაუწესა. კრემლს სანქციების ეს ბოლო რაუნდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, აკრძალული ნერვული აგენტის გამოყენების გამო დაუწესდა.

ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ სანქციებს გადახედავს, ვიდრე შესაძლო პასუხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ასევე ამბობს, რომ მხოლოდ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. სააგენტო "როიტერსის" ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ახალი სანქციები ორ ქვეყანას შორის დიალოგს კიდევ უფრო ართულებს.

ახალი სანქციები რუსეთს ფინანსური დახმარების ნაწილს უწყვეტს, ასევე ჩერდება იარაღის მიყიდვა რუსეთზე. მოსკოვს უარი ეთქვა ფულად კრედიტზე და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პროდუქციის და ტექნოლოგიების ექსპორტზე.

შეერთებული შტატები კრემლს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. ვაშინგტონი ოფიციალური ლონდონის მონაცემებს ეყრდნობა და მას მხარს უჭერს. ბრიტანეთი ამტკიცებს, რომ რუსეთის მთავრობა სერგეი სკრიპალის და მისი შვილის, იულია სკრიპალის მოწამვლის ფაქტის უკან დგას. რუსეთის ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი შვილთან ერთად ქალაქ სოლსბერიში აკრძალული ნერვული აგენტით, ე.წ. "ნოვიჩოკით" მოწამლეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და დიდი ხნის მკურნალობის შემდეგ გადაარჩინეს.

1991 წელს დამტკიცებული კანონის მიხედვით, თეთრი სახლი ვალდებულია სანქციები დაუწესოს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღით თავდასხმის განხორციელების პასუხისმგებლობა ეკისრება. ვაშინგტონი სანქციების კიდევ ერთი რაუნდით იმუქრება. იმავე კანონის მიხედვით, თუ რუსეთი 90 დღის განმავლობაში ყველა ქიმიურ იარაღს არ გაანადგურებს და მათი შენახვის ადგილზე საერთაშორისო ინსპექტორებს არ დაუშვებს, რომლებიც იარაღის განადგურებას დაადასტურებენ, შეერთებული შტატები კრემლს სანქციების კიდევ ერთ რაუნდს დაუწესებს.

სკრიპალების შემთხვევიდან ცოტა ხნის შემდეგ, იმავე ნერვული აგენტით, სოლსბერიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ქალაქ ეიმსბერიში კიდევ ორი ადამიანი მოიწამლა. ისინი უფრო მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა.

კრემლი მოწამვლასთან ნებისმიერ კავშირს უარყოფს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო ინსპექტორებს რუსეთში მდებარე ქიმიური იარაღის საწარმოებში არ დაუშვებს, რაც ზრდის სანქციების მორიგი რაუნდის ალბათობას.

დღეს ამოქმედებულ სანქციებამდე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატი გააძევა. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულო მთლიანად დაიხურა.

გასულ კვირას, პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოედბის საკითხებში ჯონ ბოლტონმა რუსი კოლეგა გააფრთხილა, არ ჩაერიოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც ნოემბერშია დაგეგმილი. ბოლტონის თქმით, შეერთებული შტატები "ყველა საჭირო პრევენციული ზომის მიღებისთვის მზად არის, რომ ეს არ მოხდეს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG