ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ ჯერსელები მშენებლობას ანახლებენ


დევნილთა ნაწილი შინ ბრუნდება და ეროვნულ გვარდიას ეხმარება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში ნაადრევი თოვლი მოვიდა. სტიქიით დაზარალებულ ქალაქებში ნანგრევებზე, ნაგავზე, მოგლეჯილ ხეებზე და წაქცეულ დენის გაყვანილობებზე ყინულნარევი თოვლი დაიდო. თოვლის საფარი ზოგან 14 სანტიმეტრს აღწევდა. მეორე შტორმი არც ისე ძლიერი აღმოჩნდა, როგორც ელოდნენ. თუმცა, მშენებლობები მაინც შეაჩერდა და ისედაც მოშლილი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მოირყა.

სანაპირო ქალაქებში ნახევარ მილიონამდე ადამიანს ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ მიეწოდება. არც გათბობა აქვთ და არც წყალი. ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი საერთოდ დაკარგა. მათი სახლები ან საცხოვრებლად უვარგისია, ან დაინგრა და წყალმა თან წაიღო.

მხოლოდ ერთი რამ არ დაუკარგავთ ნიუ ჯერსელებს. და ეს მათი პოზიტიური განწყობა და მომავლის იმედია.


„ქალაქს ვეხმარები, აბა რა უნდა ვქნა. მთელი ჩემი ცხოვრება პირდაპირი გაგებით, წყალმა წაიღო. მაგრამ ყველაფერის თავიდან დაწყებას ვაპირებ“ - ამბობს კრის ჯეიკობსი და ქუჩაში სახელდახელოდ გაშლილი სამხედრო კარვის წინ ცეცხლზე ხორცს წვავს.

კრისი ნიუ ჯერსის პატარა ქალაქ - სი ბრაითში ცხოვრობს. ქალაქი თითქმის მიწასთანაა გასწორებული. მათ შორის ის რესტორანიც, რომელიც მისმა ბებიამ ჯერ კიდევ 1930 წელს ააშენა.


„თავიდან ავაშენებთ ჩვენს ქალაქს. მთელი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული. სად უნდა წავიდე“- კითხულობს კრისი.

სი ბრაითში ჯერ კიდევ გამწმენდი სამუშაოები ტარდება. და სანამ მშენებლობები დაიწყება, კრისმა და სხვა მოხალისეებმა იმ ადამიანებისთვის ცხელი საჭმლის დამზადება გადაწყვიტეს, ვინც მათი ქალაქის აღდგენაში დასახმარებლად შორიდან ჩამოვიდა.

„ყველაფერი დანგრეულია. არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ ერთ ქუჩაზე ხდება და მეორე ქუჩაზე რომ გადახვალთ, იქ სენვიჩს და კოკა კოლას იყიდით. ასეთი რამ არ ხდება. მეორე ქუჩაც განადგურებულია და თითქმის მთელი ქალაქი“ - გვიხსნის კრისტოფერ ვუდი.

ისიც სი ბრაითიდანაა და მასაც იქვე საკუთარი რესტორანი ჰქონდა, სახელად „ვუდისთან“. კრისტოფერმა ადგილობრივი სახანძროს შენობის გვერდით პატარა ჯიხური მოაწყო და აღდგენით სამუშაოებზე დაკავებულებს საჭმელს უმზადებს.


„იცით რა ვქენი? იმ ხალხს დავუკავშირდი, ვისთანაც ადრე პარტნიორობა მაკავშირებდა. რესურსებს თავი მოვუყარე. ეროვნული გვარდიაც მომეხმარა და ყველაფერი კარგად აეწყო. ასე რომ აქ ჩვენს დასახმარებლად ჩამოსულებს ცხელ საჭმელს არ მოვაკლებთ“ - ამბობს ის.

სერჟანტი სარა ზადოიკო ეროვნული გვარდიის წევრია და ამბობს, რომ აქ იმათ მხარდასაჭერად და დასახმარებლად ჩამოვიდა, ვინც ქარიშხალი „სენდის“ გამო რაც გააჩნდა, ყველაფერი დაკარგა. დღეს სარა გვარდიელებთან ერთად საბარგულიდან ტვირთს ცლის. კეთილ საქმეში ყოფილი რესტორნის მფლობელებსაც ეხმარება.


„მე ნაგვის გატანით ვარ დაკავებული. აქაურობას რომ დავასუფთავებთ, შემდეგ უბანზე გადავალთ“ - ამბობს თომას პეინჩადი.


„ოპტიმისტი ვარ. ეს ჩემი ხასიათია. ძალიან დიდი დრო და რთული სამუშაო იქნება საჭირო, მაგრამ ბოლო-ბოლო ყველაფერი კარგად იქნება“- ამბობს კრისტოფერ ვუდი.


კრის ჯეიკობსაც ეჭვი არ ეპარება, რომ ქალაქი თავიდან აშენდება და სი ბრაითი ძველ ცხოვრებას დაუბრუნდება.

ქარიშხალმა „სენდიმ“ სი ბრაითი პრაქტიკულად დაანგრია და შემდეგ ოკეანის წყლით გადარეცხა, ნიუ ჯერსელების ოპტიმიზმს კი მაინც ვერაფერი დააკლო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG