ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენგურის გადამცურველი


ენგური ბუნებრივი წყალგამყოფიცაა და პოლიტიკურიც, რაც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას არაკონტროლირებადისკენ ყოფს. ენგურთან ახლოს რეალობა უკიდურესად მკაცრი და საშიშია. აქ კონფლიქტის ზონა იწყება და ადამიანებს არსებობის შესანარჩუნებლად და გასაგრძელებლად ათასი ხელოვნურად შექმნილი ბარიერის გადალახვა უწევთ.

ამ ბარიერების შესახებ და თუ ვინ როგორ გაართვა თავი მათ დაძლევას დევნილები საკუთარ თავშესაფრებში ყოველდღიურად საუბრობენ, თუმცა ვისაც უშუალოდ ეს პრობლემა არ შეხებია, ვინც არც დევნილად ქცეულა და არც კონფლქიტის ზონაში უცხოვრია, მათთვის სხვანაირი ქვეყანა საქართველო არსებობს. რეჟისორი ანუნა ბუკია 4 წლის იყო, როდესაც სოხუმი დატოვა. ამ ზაფხულს კი იქ დაბრუნება მას შემდეგ პირველად შეძლო კამერის თანხლებით. მან აფხაზეთში მოხვედრისა და დანარჩენი საქართველოსთვის უცნობ, პარალელურ რეალობაზე ფილმი შექმნა, რომელსაც „მე გადავცურე ენგური“დაარქვა. „მე,სოხუმიდან დევნილი ვარ, გალიდან დევნილიც, ასევე დევნილია, მაგრამ ჩვენი მოცემულობა, რაც ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთას ეხება, სხვადასხვაა. ჩემთვის, სოხუმელისთვის საზღვრის გადალახვა რთული და შეუძლებელია, მაგრამ გალელისთვის მართალია რთულია, თუმცა შესაძლებელი. საზღვრის გადალახვისთვის უამრავი წვრილმანის გათვალისწინებაა საჭირო. ჩემი ფილმი – ესაა ერთგვარი საშუალება, რომ ადამიანებს გამარტივებული ფორმით მივაწოდოთ კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელი ადამიანების და მათი ნათესავების ყოველდღიურობის უამრავი, ერთი შეხედვით წვრილმანი, მაგრამ უკიდურესად მტკივნეული დეტალი,“– გვეუბნება ანუნა.

ფილმში გამოყენებულია დოკუმენტური კადრები, რომელიც აფხაზეთის ომს და ჭუბერის უღელტეხილზე დევნილთა გადაადგილებას ასახავს. თუმცა ისინი მხოლოდ ჩანართებია. ფილმის მთავარი ისტორია ახლანდელ დროში ვითარდება და ის ომიდან 24 წლის შემდგომ რეალობას ასახავს, რომელიც არანაკლებ შემზარავია სრულიად არაადამიანური და ღირსებისშემლახავი ყოველდღიურობით. ეს გულისხმობს ფარულად მდინარის გადალახვის აუცილებლობას, რაც შიშველი ფეხით უნდა გააკეთო, მანამდე კი გაძვრე ოთხპირად გაბმულ მავთულხლართში. საკუთარ სახლში მოხვედრა თუ გინდა, ეს ყველაფერი ისე უნდა მოახერხო, რომ ჩქამი არ გაიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსი მესაზღვრეები დაგაკავებენ.

ამერიკის ხმასთან ფილმის რეჟისორი ანუნა ბუკია, რომელმაც ენგური გადალახა და სოხუმში, ძველი მარქსის ქუჩაზე საკუთარ სახლს თვალი სხვის ავტომანქანაში დამალულმა შეავლო, ამბობს: „ისედაც ბევრი საზრუნავი აქვთ ადამიანებს ცხოვრებაში, მაგრამ მგონია, რომ უფრო ხშირად უნდა გაიხსენონ და უფრო ხშირად უნდა უთანაგრძნონ ადამიანებს, ვიდრე ამას აკეთებენ. ამიტომაც გადავწყვიტე ერთგვარი ფილმი–მანიფესტი გადამეღო. ჩემთვის, როგორც ამ პროცესის მონაწილისთვის და მსხვერპლისთვის, ვფიქრობ, რომ ახალი ემოციური მდგომარეობა შეიქმნა, ერთგვარი კვლევის საფუძველი გახდა იმის შესწავლა, თუ რას წარმოადგენს ახალი მოცემულობა, რაც ჩვენ გვაქვს 24 წლის შემდგომ, რომელიც ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც იყო წინა პერიოდში“.

ანუნა ბუკიას ფილმის გმირები ის ადამიანებიც არიან, ვისი სახეც არ ჩანს, მაგრამ ვინც სამოქალაქო გმირობის მაგალითს აჩვენებს იმით, რომ გადაღებას თანხმდება. ზოგიერთი მათგანი ავტომანქანის მძღოლია: „ჩვენს წინ, გზაზე, სადღაც დგას რუსი. სანამ ის არ გაივლის, ჩვენ არ ვიწყებთ გადაადგილებას“, – ის შემოვლითი გზებით სიარულის სპეციალისტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მგზავრებს როდის მისცეს ფარულად გადაადგილების შესაძლებლობა – ეს იცის. ადგილობრივი მაცხოვრებლები, ვინც ყოველდღიურად ცდილობს ენგურზე ფარულად გადამსვლელები რუსი მესაზღვრეებისგან დაიცვას და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს, ამბობენ: „ბოლო–ბოლო, ის კაცი ავტომატით დადის (იგულისხმება რუსი მესაზღვრე,– ნ.დ.) და ჩვენ? რა უნდათ ჩვენს მიწა–წყალზე რუსებს? იციან, მაგათმაც იციან, რომ არაა ეს მათი ტერიტორია. სამჯერ დამიჭირეს და გვქონდა კონტაქტი, ვისაუბრეთ. იცის მაგანაც, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგისთვის, ბრძანება აქვს და მორჩა“... „ჩემი დედულეთი აქეთაა, ყველა ჩემი ნათესავი აქეთ ცხოვრობს, დედის მხრიდან, მამის მხრიდან“...„არავის არ ვჭირდებით ჩვენ, მათ მარტო უნდათ ტერიტორია და შემოსავალი. იმიტომ გვიტანენ, რომ ამ მიწას მოვლა უნდა.“

ანუნა ბუკიას ფილმის შესახებ გეგმები მრავლად აქვს. დაწყებული ერთგვარი ინსტალაციის ორგანიზებით და დასრულებული ფილმის მიხედვით თამაშის შექმნით, სადაც მთავარი გამოწვევამდინარის ფარულად გადალახვა იქნება.

ფართო აუდიტორიისთვის „ მე გადავცურე ენგური" “ ხელმისაწვდომი დეკემბერში, მას შემდეგ გახდება, რაც მას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ.

XS
SM
MD
LG