ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული საფრთხის შესამცირებლად ამერიკა ახალ სარდლობას ხსნის


ჩინური სამხედრო ხომალდები ახლა ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში პატრულირებენ. იგივე წყლებში, რუსული წყალქვეშა ნავები, ცივი ომის დამთავრების შემდეგ არნახული ტემპით გადაადგილდებიან. ეს სამხედრო ფლოტის უმაღლესი დონის ადმირალმა „ამერიკის ხმას“ ექსკლუზიური ინტერვიუს დროს უთხრა.

სამხედრო საზღვაო ოპერაციების უფროსმა, ადმირალმა ჯონ რიჩარდსონმა, ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში ჩინეთის სამხედრო ყოფნას „ახალი დინამიკა“ უწოდა.

„ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, მსგავსს ვერაფერს ვნახავდით“, თქვა რიჩარდსონმა. მან ასევე დასძნა, რომ ჩინური სამხედრო ფლოტი გლობალური ძალაა, რომელიც „მზად არის და შეუძლია“ იმოქმედოს იქ, სადაც პეკინს მოესურვება.

„ამერიკის ხმას“ მან უთხრა, რომ „სამხედრო საზღვაო მუქარის კუთხით, ისინი ნამდვილად ჩვენთან კონკურენციის მიმართულებით მიაბიჯებენ."

თუმცა, შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროსთან ჩინური ოპერაციები შესაძლოა ისეთი საფრთხის შემცველი არ იყოს, როგორც რუსული ხომალდები, რომლებიც ოკეანის ზედაპირის ქვეშ ფარულად დაცურავენ. ნატოელი მოკავშირეები, ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპამდე, ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში რუსული წყალქვეშა ნავების აქტიურობის ზრდით, სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებული.

რიჩარდსონის თქმით, „საუბარია მეტ აქტიურობაზე, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში გვინახავს.“

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები შიშობენ, რომ შესაძლოა მოსკოვმა ორი კონტინენტის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელების გადასაჭრელად ან მათზე მისაერთებლად, წყალქვეშა ნავების გამოყენება სცადოს.

ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში ამ გაზრდილი სირთულის გამო, ცოტა ხნის წინ, შეერთებულმა შტატებმა ხელმეორედ აამოქმედა სარდლობა, რათა თავის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ოკეანის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

მეორე ფლოტი

შეერთებული შტატების მეორე ფლოტი, თავდაცვის მდივან ჯიმ მატისის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის ახალი დირექტივების შესრულებას ეხმარება, რომელიც შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარი ყურადღების საგნად, ტერორიზმის ნაცვლად, დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენციას აქცევს.

ამერიკული F-18 და ავიამზიდი ჯერალდ ფორდი
ამერიკული F-18 და ავიამზიდი ჯერალდ ფორდი

ფლოტის მოქმედება 2011 წელს შეწყდა, რადგან სამხედრო ფლოტს შესყიდვებისთვის დაფინანსება სჭირდებოდა. ფლოტი ხელახლა 1 ივლისს, ნორფოლკში ამოქმედდა.

24 აგვისტოს, ნორფოლკში, ავიამზიდის ბორტზე, რიჩარდსონი ფლოტის ოფიციალური დაარსების ცერემონიას უხელმძღვანელებს.

მეორე ფლოტის სარდალი, ამასთან ერთად ნატოს გაერთიანებული ძალების ნორფოლკის სარდლობასაც უხელმძღვანელებს. რიჩარდსონმა თქვა, რომ სარდლობის (ორმაგ-ფუნქციური) სტრუქტურა, შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს საშუალებას მისცემს რუსული გამოწვევის დასაპირისპირებლად ერთობლივად გადაეწყონ.

რუსული რადიო-ელექტრონული ჩახშობა

იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტი გეოგრაფიულ სარდლობებს აწესრიგებს, რიჩარდსონი ამბობს, რომ ის საინფორმაციო ომის კონკურენტულ სამყაროშიც მოწინავე ადგილზე უნდა დარჩეს.

ის ხელისშემშლელი ტექნოლოგიები...მომავლის ბრძოლაში ნამდვილად გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს და უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ საკითხსაც ყურადღებით მოვეპყროთ.

ღია ზღვაში მყოფმა სამხედრო ფლოტის მეზღვაურებმა თავი უნდა დაიცვან რუსული ელექტრონული ჩახშობის ისეთი მოწყობილობებისგან, როგორსაც სირიაში მოქმედი ამერიკული სახმელეთო ძალების წინააღმდეგ იყენებენ.

რიჩარდსონმა თქვა, რომ მეზღვაურებს „უდავოდ“ უწევდათ რუსული ელექტრონული ჩახშობის მოწყობილობებისთვის თავის გართმევა მაშინ, როცა საერთაშორისო წყლებში მოქმედებდნენ.

„ამერიკის ხმას“ მან უთხრა: „ეს ჩვენი საქმიანობის ახლად განვითარებადი ნაწილია.“

რიჩარდსონს არ დაუზუსტებია, თუ ელექტრონული ჩახშობა სამხედრო ფლოტზე როგორ გავლენას ახდენს. ელექტრონულ საომარ თავდასხმებს, ნავიგაციის და კომუნიკაციის სისტემებისთვის ხელის შეშლის პოტენციალი გააჩნია.

„ის ხელისშემშლელი ტექნოლოგიები...მომავლის ბრძოლაში ნამდვილად გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს და უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ საკითხსაც ყურადღებით მოვეპყროთ“, თქვა რიჩარდსონმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG