ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გრძელდება


რადიო თავისუფლების ფოტო
რადიო თავისუფლების ფოტო

ნატოს პოლიტიკური ცენტრი ოთხი დღით თბილისი იქცა: საქართველომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლა.

ასამბლეის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი გაჟღერდა. მაგალითად, გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელმა და პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კარლ ლამერსმა განაცხადა, რომ თავად ასამბლეა წარმოადგენს გზავნილს, რომლის მიხედვით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ასამბლეის ვიცე–პრეზიდენტისა და ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელის რასა იუკნევიჩიენესის, განცხადებით კი რუსეთი არა მხოლოდ სამეზობლოს უქმნის საფრთხეს, არამედ დასავლურ დემოკრატიებსაც. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი პაოლო ალის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი უნდა დაუბრუნდეს მის ოფიციალურ საზღვრებს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოთხდღიანი სესიები კი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას პრემიერმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთდროულად უმასპინძლეს. მას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, დელეგაციის წევრები, ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს ეკლესიის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მეორე დღეს საკომიტეტო მოსმენები გაიმართა. თავდაცვა და უშიშროება, ეკომონიკა და უსაფრთხოება, მეცნიერება და ტექნოლოგიები ის ფორმატები გახლდათ, რასაც ცალკე სხდომები მიეძღვნა. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ამჟამად სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი მენაღარიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გამოწვვების წინაშე დგას საქართველო, რომლის აგრესიული და საშიში მეზობელი დღეს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ოკუპაციის პროცესითაა დაკავებული, აძლიერებს სამხედრო ძალებსა და ცდილობს დომინანტის პოზიციის შენარჩუნებას შავ ზღვაზე.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარე, ფილიპ ვიტელი ამბობს, რომ რუსული საფრთხის შესახებ საკითხი რეგულარული განხილვის ფორმატში ზის და ეს ყველას აშფოთებს.

ტექნოლოგიური წინსვლის აუცილებლობა, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული ნაბიჯები, ადაპტირების უნარები და დროული რეაგირება –ეს ის თემებია, რომელთა შესახებ სესიებზე მიმდინარეობდა მსჯელობა.

იმავე დღეს, 27 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და წევრები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში გაემგზავრნენ. ოძისი მცხეთა–მთიანეთის რეგიონში მდებარეობს და ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. დელეგაციის წევრებმა საკუთარი თვალით იხილეს რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე. მათ მეგზურობას შსს–ს წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე უწევდა.

„ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ყოფნა და საკუთარი თვალით ნახვა იმისა, რაც აქ ხდება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აქაა, საქართველოში, იმის სადემონსტრაციოდ, რომ ნატო ძალიან ახლოსაა საქართველოსთან და რომ ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი მხრიდან დღეს აქ მოსვლაც სიმბოლურია. ჩვენ ჩვენი თვალით ვხედავთ იმას, რასაც აქამდე სიტყვიერად გვიხსნიდნენ. ვხედავთ, რომ სიტუაცია, რეალურად დრამატულია. ცხადია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები აქვს და საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ეს მიუღებელია საერთაშორისო სამართლისთვის. ეს ვიზიტი შესაძლებლობას ქმნის იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყნებში გაიმართოს დებატები და ჩვენ ავხსნათ, თუ რა ხდება საქართველოში. მადლობა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოგვცა შესაძლებლობა საკუთარი თვალით გვენახა ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას,“ – განაცხადა პაოლო ალიმ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ოძისში ყოფნისას.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ არაა ჩვეულებრივი, როდესაც ასამბლეა იღებს ისეთ რეზოლუციას, რასაც საქართველოსთან მიმართებით აქვს ადგილი, ასევე არც ისაა ჩვეულებრივი მოვლენა, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანაში მართავს სესიებს ასამბლეა: „ეს ჩვენთვის გამონაკლისია“– აცხადებს პაოლო ალი და დასძენს: „მაგრამ ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ამას ვაკეთებთ და ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას საქართველოს მხარდაჭერის შესახებ. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მისცემს რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან უფრო ღრმა კავშირების ორგანიზებაა საჭირო.“

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის კვირის სხდომა დასრულდა საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის პროქტით, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ასამბლეის მიერ მიღებულ რეკომენდაციებში ისმის განცხადებები როგორც საქართველოს, ისე ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტებისა და მთავრობების მიმართ. თუ ამ უკანასკნელთა მიმართებით ასამბლეა ამბობს, რომ მათ უნდა უზრუნველყონ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, გადადგან მაპთან მიმართებით კონკრეტული ნაბიჯები და გაზარდონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის, საქართველოს შესახებ გამოცემულ რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ უნდა შემცირდეს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, გაძლიერდეს სასამართლო, შენარჩუნებული იქნას მედია პლურალიზმი. რუსეთს კი ასამბლეა მოუწოდებს ოკუპირებული რეგიონებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას იღებდა 600–მდე სტუმარი, მათ შორის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 300–ზე მეტი პარლამენტარი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG