საქართველოს შესახებ ვენაში უკანასკნელი ორი დღეა ინტენსიურად საუბრობენ. ნატოსა და ეუთოს მინისტერიალებზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა გააკეთა. მისი თქმით: „რუსეთი აგრძელებს სუვერენული უკრაინის ტერიტორის ოკუპაციას, რითაც სერიოზულ პრობლემას უქმნის ევროპის უსაფრთხოებას და ჩვენ ამ საფრთხის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ მყარ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ ყირიმის უკანონო ანექსიას. ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრ ბატონ ჯანელიძესთანაც. საქართველო არის არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. ჩვენ ასევე მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ კვლავინდებურად მხარს ვუჭერთ ნატოს ღია კარის პოლიტიკას.“
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქართველოს ყველაზე აგრესიული მეზობელი, რუსეთი მსგავს განცხადებებს არ მიესალმება. რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებულა განცხადება იმის თაობაზე, რომ ნატოსთან ინტეგრაციის საკითხი მათთვის უკიდურესად შემაშფოთებელია და რომ ის, შესაძლოა, დესტაბილიზაციის მიზეზადაც იქცეს რეგიონში. შეერთებული შტატები რუსეთს მუდმივად აკრიტიკებს მეზობლების მიმართ ღიად გამოხატული დამპყრობლური პოლიტიკის წარმოების გამო.
ეუთოს მინისტერიალზე რექს ტილერსონმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში მთავარი დაბრკოლებაა ამერიკა–რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე და რომ ამერიკა არ აპირებს რუსეთისთვის სანქციების გაუქმებას იმ დრომდე, ვიდრე ის არ გაიყვანს ჯარებს ყირიმიდან და აღმოსავლეთ უკრაინიდან. ვენაში ტილერსონი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა და პირისპირ ესაუბრა, თუმცა დამოკიდებულებები და რიტორიკა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე შეხვედრას არ შეუცვლია.
"ამერიკის ხმასთან" საუბრისას ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი ამბობს: „არსებობს სტრატეგიული ხაზი, ეს განსაკუთრებით კარგად ესმით ვაშინგტონში და მისი შემადგენელი ნაწილია მხარდაჭერა ახალი, დამოუკიდებელი ქვეყნებისა აღმოსავლეთ ევროპაში. აქ იგულისხმება ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკის მხარდაჭერა და ეს საქართველოსაც ეხება,ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ესაა ჩვენი სტრატეგიული ხაზი. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, მაგრამ ეს გახლავთ ისეთი დონის პრინციპული ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება და კარგია, რომ ვაშინგტონში ეს ჯეროვნადაა აღქმული, სახელმწიფო მდივნის განცხადება ამაზე მეტყველებს.“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უკრაინის საკითხს და ის პირდაპირ მოიხსენია წყალგამყოფად აშშ-რუსეთს შორის უთანხმოების მიზეზებს შორის. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მიუხედავად რუსეთის მილიტარისტული აგრესიისა, საქართველოს საკითხი რანჟირების თვალსაზრისით იმავე სიბრტყეში მაინც არ განიხილება, როგორც უკრაინის, ამის თაობაზე დავით დარჩიაშვილი აცხადებს: „ის, რომ რუსეთ–უკრაინის ომი სულ სხვანაირ რაკურსში დგას და მიმდინარე ცხელი საკითხია ვაშინგტონისთვის, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები უკანა პლანზეა გადაწეულია, ცხადია, ეს თვალშისაცემია და ეს პირველ რიგში, არის ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომელიც ამ საკითხზე მუდმივად უნდა პედალირებდეს. ჩვენს მაგივრად შუბლს არავინ გაიცხელებს როდესაც სხვა მწვავე და მათ შორის, უკრაინული საკითხი დგას დღის წესრიგში.“
"ამერიკის ხმა" სოფიო ქაცარავას, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს საკითხმა საერთაშორისო დისკურსში წინ წაიწია: „მე თავად ვესწრებოდი ეუთოს მინისტერიალს და იქ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები როგორც ტილერსონმა, ასევე ბრიტანეთიდან ევროპასა და ამერიკის საკითხებში მინისტრმა, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა მინისტრებმა. საქართველოს საკითხი იდგა დღის წესრიგში, ისევე როგორც კონფლიქტები ეუთოს რეგიონში. 2017 წელი განსაკუთრებით შედეგიანია აშშ–საქართველოს შორის ურთიერთობებში, რაც ჩვენი ხელისუფლების დიდი შრომის შედეგია. ნატოს მინისტერიალზე გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ აღიარებს საქართველოს პროგრესს ნატოში ინტეგრაციის კუთხით და განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, ისე კონფლქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით. ეუთოს მინისტერიალი იყო ძალიან კარგი მაგალითი იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა იზრდება საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან მიმართებით.“
ვენაში ეუთოს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების მიერ ერთობლივი განცხადება გავრცელდა. ამერიკა, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი და ჩეხეთი ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება დამოკიდებელ სახელმწიფოებად.
Facebook Forum