ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფლიქტური რეგიონები და ევროინტეგრაციის პერსპექტივა


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

ნატოს ელჩებს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები იმ მიზნით შეხვდნენ, რომ გაეცვალათ ინფორმაცია და შეხედულებები წინასაარჩევნო გარემოს, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებით ნატოსა და DCFTA–ს შესაძლებლობების და სხვა საკითხებზე. ნატოს ელჩები ძირითადად, ქართველი კოლეგების მოსაზრებებითა და ხედვებით ინტერესდებოდნენ, ასევე მათი შეხედულებებით ისეთ სენსიტიურ და პრობლემატურ საკითხზე, როგორიცაა მაგალითად ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემის გადაჭრა და შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით. ამერიკის ხმასთან კახა გოგოლაშვილმა GFSIS-ის უფროსმა მკვლევარმა ისაუბრა: „იყო საუბარი უსაფრთხოების შესახებ, როგორც გამყოფ ზოლზე, ასევე მთლიანობაში, რუსეთთან ურთიერთობაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონტექსტში, მათ აინტერესებდათ ჩვენი შეხედულებები და ის, თუ როგორ ვხედავთ კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივას, ასევე რა გავლენა შეიძლება მოახდინოს DCFTA–მ ან უვიზო რეჟიმმა კონფლიქტზე. საკუთარი მოსაზრებები ამ საკითხზე არ გამოუთქვამთ.“

ნიდერლანდების ელჩი ნატოში მარიანა დგვასტნიტი ამბობს: „შეხვედრაზე განსაკუთრებით დიდი ყურადღება დავუთმეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე საუბარს. ვიმსჯელეთ ასევე იმის თაობაზე, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენენ ისინი ვითარებაზე მთელს ქვეყანაში“.

ამერიკის ხმასთან საუბრისას ნოდარ ხარშილაძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის წარმომადგენელი ამბობს, რომ DCFTA, ისევე, როგორც ვიზალიბერალიზაცია, საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს, თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო ეს შესაძლებლობები არაა, ან ნაკლებადაა ათვისებული. კონფლიქტურ რეგიონებში მაცხოვრებელი ადამიანების წინაშე არსებული რეალობა, კი უფრო მკაცრია და მათ მიერ პოტენციურად არსებული შესაძლებლობების გამოყენების ალბათობაც პრობლემებით დახუნძლული. „ნატო საკმაოდ დაინტერესებულია ვითარებით ოკუპირებულ რეგიონებში. მართალია, კონფლიქტები პირდაპირ არაა კავშირში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, იწვევს შეფერხებებს, შესაბამისად, მსჯელობის საგანს წარმოადგენს შემდეგი: რა პერსპექტივები შეიძლება არსებობდეს ასეთ ვითარებაში. ყველა ვთანხმდებით, რომ ამ ეტაპზე, ნატოში ინტეგრაცია არაა მოკლევადიანი პერსპექტივა. ნატოს ელჩებს ასევე აინტერესებდათ, რამდენად რეალური შეიძლება იყოს ყირიმის სცენარი. სამხრეთ ოსეთთან მიმართებით, გასაგებია, რომ რუსეთის ნება–სურვილზეა დამოკიდებული ყველაფერი, ანუ ის არ წარმოადგენს არანაირად დამოუკიდებელ ერთეულს, მაგრამ აფხაზეთთან მიმართებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მატ უფრო მეტად დამოუკიდებლობის სურვილი ამოძრავებდათ, ვიდრე რუსეთთან ინტეგრაციის. ჩვენ განვმარტეთ, რომ აფხაზური პოლიტიკური ელიტა მხოლოდ და მხოლოდ ნომინალურ როლს თამაშობს და აფხაზურ საზოგადოებაზე ბევრი არაფერია დამოკიდებული. განსხვავებები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის, მხოლოდ და მხოლოდ კონტროლის ხარისხშია“,–ამბობს ნოდარ ხარშილაძე.

მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულების სიკეთეების ათვისების თვალსაზრისით კონფლიქტური რეგიონებისთვის რა პერსპეტივა არსებობს. ამის თაობაზე ნოდარ ხარშილაძე აცხადებს: „საუბარი იყო იმის შესახებ, თუ რა როლს ითამაშებს DCFTA და ვიზალიბერალიზაცია იმაში, რომ კონფლიქტური რეგიონებისთვის საქართველოში ინტეგრაცია უფრო მომხიბვლელი გახდეს. პრობლემა იმაშია, რომ თუ ვიზალიბერალიზაცია მოკლევადიან პერსპექტივაში გარკვეულ დადებით როლს ითამაშებს, DCFTA უფრო საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. ჯერ დანარჩენ საქართველოში მცხოვრებმა ბიზნესმენებმა უნდა აითვისონ ეს პრაქტიკა და გამოიყენონ მისი შესაძლებლობები. აქ, კითხვა ისმის შემდეგნაირად: ინსტრუმენტი გვაქვს, მაგრამ რამდენად ვიცით და გვინდა ვისარგებლოთ მისით? DCFTA ჩვენ დიდი ხანია გვაქვს, მაგრამ ქართული ბიზნესი ნაკლებად სარგებლობს ამით. არის ცალკეული ეპოზოდები, მაგრამ მას მასობრივი გამოყენება არ აქვს. ცოტაა შემთხვევები, რომ ქართული ბიზნესი იყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც მივიღეთ ასეთი გრძელვადიანი პროცესის შემდეგ ევროკავშირთან.“

ნატოს ელჩებთან შეხვედრის შემდგომ კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს, რომ ნატოსა და ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ზოგადი მსჯელობიდან გადანაცვლება გაცილებით კონკრეტულ და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებულობის და მათგან ხელშესახები რეზულტატების მიღების მიმართულებით ესაჭიროება.

XS
SM
MD
LG