ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს გენერალური მდივანი: ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ ერთიანია


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი

ნატოს განცხადებით, ალიანსი ერთიანია რუსეთის წინააღმდეგ. მის წევრთა პოზიციები რუსეთის მიმართ პირველად, უკანასკნელი წლების მანძილზე ყველაზე მეტად არის თანხვედრაში. აღნიშნული განცხადება, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ორშაბათს ამერიკის ხმის სერბულ ბიუროსთან საუბარში გააკეთა. მისი თქმით, ნატო აპირებს გაზარდოს მისი თავდაცვითი შესაძლებლობები და ამასთანავე გააგრძელოს რუსეთთან დიალოგი.

„’ორმხრივი მიდგომა’, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერნი, უნდა გაგვაჩნდეს შეკავების და დაცვის უნარები, არის ის, თუ რატომ წამოვიწყეთ ნატოს ისტორიაში უდიდესი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების პროგრამა. ეს უკრაინაში რუსული აგრესიის პასუხია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. „დიალოგი ადვილი არაა, თუმცა სწორედ ამიტომაა დიალოგის წარმოება მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა მან.

პროცესი, ნატოს ცივი ომისდროინდელი ‘ორმხრივი მიდგომის' თანამედროვე ვარიანტია, რაც უკავშირდება ამერიკის მიერ ბირთვული სარაკეტო სისტემის განლაგებას აღმოსავლეთ ევროპაში.

დონალდ ტრამპი და ნატო

უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, ნატოს თავცდაცვითი შესაძლებლობები ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს წევრებისგან კოლექტიური თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა მოითხოვა.

ტრამპმა ბრიუსელში ნატოში გამოსვლისას არ ახსენა ნატოს „მეხუთე მუხლი“, რომელიც ალიანსის კოლექტიურ პასუხზე საუბრობს ერთ-ერთ წევრზე მიტანილი თავდასხმის შემთხვევაში. ამან ნატოს წევრების ნაწილის შეშფოთება გამოიწვია.

თუმცა სტოლტენბერგის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ და მათ შორის პრეზიდენტმაც, ბევრ შემთხვევაში გამოხატეს ნატოს მიმართ მათი მხარდაჭერა.

„პრეზიდეტნმა ტრამპმა ბევრ შეხვედრაზე და თეთრ სახლში ჩემთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ის ნატოს ერთგულია“ , - ამბობს სტოლტენბერგი.

მისი თქმით, მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება.

„ბიუჯეტის პროექტში ევროპაში ამერიკის ძალების წარმომადგენლობის დაფინანსებისთვის 40%-ით მეტია გათვალისწინებული. უფრო მეტი სამხედრო, მეტი წვრთნები, ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში და აღჭურვილობა. ეს ხაზს უსვამს და აჩვენებს ამერიკის მხარდაჭერას ნატოსადმი“, - თქვა მან.

ტრამპის ბიუჯეტი ამერიკის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. ამერიკის პრეზიდეტნმა ნათლად განაცხადა, რომ თავდაცვითი ხარჯების გაზრდა სურს.

ამასთან, ატლანტიკური საბჭოს მიერ გამართულ მიღებაზე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა დაადასტურა ადმინისტრაციის მხარდაჭერა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისადმი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დუსკო მარკოვიჩი, რომლის ქვეყანაც ორშაბათს ფორმალურად შეუერთდა ალიანსს.

„ჩვენი მხარდაჭერა ნატოსადმი შეუცვლელია“, - აღნიშნა მან. „ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს ჩვენი მოკავშირეების მიმართ კოლექტიური თავდაცვის კუთხით. ამერიკის შეერთებულ შტატებს მტკიცედ სწამს...იმ პრინციპის, რომ ერთზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველას წინააღდეგ“, - აღნიშნა პენსმა.

ვიცე პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ნატოს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას."მომავალში, არ შეიძლება მხოლოდ შიგნით ვიყურებოდეთ. ნატოს კარი ყოველთვის ღიად უნდა დარჩეს. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენი უახლესი მოკავშირე მონტენეგროა, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, სურთ ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ალიანსში წვლილის შეტანა და ჩვენი ქვეყნებისთვის სურთ ნათელი მომავალი, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება, მათთვის კარი ღია უნდა იყოს“, - აღნიშნა პენსმა.

რაც შეეხება ტრამპის მოწოდებას, რომ ალიანსმა უფრო აქტიურად უნდა იბრძოლოს ტერორიზმის წინააღმდეგ, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ყველაზე დიდი სამხედრო კამპანია ავღანეთის მისიაა. ჩვენი იქ ყოფნის მიზანი იმის თავიდან აცილებაა, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ არ გახდეს საერთაშორისო ტერორისტების ბუდე. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავერთოთ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციაში, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ უფრო ფართო სამოქმედო გეგმის ნაწილია. ეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მესიჯს აგზავნის, ასევე კოალიციის თანამშრომლობისა და კოორდინაციისთვის უკეთეს და უფრო დიდ პლატფორმას ქმნის“, - განაცხადა მან.

ნატო და მოკავშირეები

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ტერორისტული აქტები ლონდონსა და მანჩესტერში მხოლოდ პოლიციის და სამართალდაცვის პრობლემას არ წარმოადგენს.

„ჩვენ უნდა გვქონდეს ყოვლისმომცველი მიდგომა. ჩვენ პოლიცია, სამართალდამცავები და სამოქალაქო დაზვერვა რა თქმა უნდა გვჭირდება. თუმცა ამასთან, პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლა უნდა გავაძლიეროთ ამ ძალადობრივი იდეოლოგიის და მსგავსი ექსტრემიზმის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ არასტაბილურობას, რომელიც ჩვენს ქუჩებში მსგავს თავდასხმებს მოტივაციას აძლევს და ეხმარება“, - განაცხადა მან.

ალიანსმა სპეციალური განყოფილება შექმნა, რომელიც ალიანსის წევრებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე მუშაობს, რათა მოხდეს ახლო აღმოსავლეთიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ტერორისტული შეტევის თავიდან აცილება.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრებიდან ტერორიზმმა ბევრი დააზარალა. მან თურქეთი გამოყო, სადაც რამდენიმე ტერორისტულ შეტევას ქონდა ადგილი. გენერალური მდივნის თქმით, ანკარა ყველაზე მეტად დაზიანდა. თურქეთში გასულ წელს ასევე გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა გენერალური მდივნის თქმით, უსაფრთხოების მიზეზად გამოყენება არ აძლევს თურქეთის ლიდერებს უფლებას გააკეთონ ყველაფერი, რაც სურთ.

„თურქეთს აქვს უფლება თავი დაიცვას ტერორისტული შეტევებისგან, ასევე აქვს უფლება დასაჯოს ისინი ვინც გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ. მაგრამ ამავე დროს, ეს უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ ღირებულებებს, და მე ამას ჩემი შეხვედრებისას ანკარაში ნათლად ვამბობ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

თურქეთის მიერ ოპოზიციის და პრესის წინააღმდეგ წარმოებულმა კამპანიამ, ანკარასა და ნატოს სხვა წევრებს შორის ურთიერთობა დაძაბა. თუმცა, ანკარა რჩება ალიანსის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ.

„თურქეთი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა, არა მხოლოდ მისი გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო. ის ესაზღვრება სირიას და ერაყს, ასევე რუსეთს შავ ზღვაში. თურქეთი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ევროპის მიერ საემიგრაციო კრიზისი გადაწყვეტის საქმეში. ეგეოსის ზღვაში ნატოს ფლოტის არსებობა, აკავებს მიგრანტების ტალღას და ეს ვერ მოხდებოდა თურქეთთან და საბერძნეთთან თანამშრომლობის გარეშე, რომლებიც ნატოს წევრები არიან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG