ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დმიტრი მედვედევი ნატოს ქვეყნების ლიდერებს შეხვდება


დმიტრი მედვედევი ნატოს ქვეყნების ლიდერებს შეხვდება
დმიტრი მედვედევი ნატოს ქვეყნების ლიდერებს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ნატო-რუსეთის საბჭოს ეგიდით ალიანსის ლიდერებს შეხვდება. საბჭოში 28 ნატოს წევრი ქვეყანა და რუსეთი შედის.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ცოტა ხნის წინ რუსეთში ყოფნის დროს განაცხადა, რომ ნატომ და რუსეთმა“წარსულის აჩრდილები დროს უნდა გაატანონ.“

ლისაბონის სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა იქნება. რუსეთი ბუშის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ გეგმას, რომელიც პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში გულისხმობდა სისტემის დამონტაჟებას, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ნატოს ექსპერტი შონ კეი ამბობს, რომ ობამამ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გეგმის მოდიფიცირება გააკეთა. მისი თქმით;

„ჩემი აზრით, ობამას ადმინისტრაციამ ძალიან ჭკვიანურად შეცვალა ევროპის საჰაერო თავდაცვის გეგმა და მას რეგიონალური უსაფრთხოება უფრო მჭიდროდ დაუკავშირა.“

მოსკოვის რეაქცია განახლებულ გეგმაზე ბოლომდე დადებითი არ იყო, თუმცა იმაზე მსუბუქი იყო ვიდრე ეს ბუშის ინიციატივას მოჰყვა.

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში რობერტ ჰანტერი აცხადებს, რომ მისი აზრით რუსეთი პოზიციებს თმობს:

„მოსკოვი მიხვდა, რომ საკუთარი ქმედებებით საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის იზოლაციას უწყობდნენ ხელს. ისინი იმასც ხვდებიან, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით შეიძლება რუსეთმაც ისარგებლოს, მაგალითად ინდუსტრიული თვალსაზრისით.“

ნატო რუსეთისგან ავღანეთის ოპერაციაში აქტიურ თანამშრომლობას ელის. ამ ეტაპზე რუსეთი ალიანსს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლებას აძლევს, თუმცა მხოლოდ არა საბრძოლო ტვირთზე. ბატონი ჰანტერის თქმით:

„რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენება ნატოსთვის მნიშვნელოვან დახმარებას წარმოადგენს, რადგან ტვირთის პაკისტანის მიმართულებით გადაზიდვა ხშირად უამრავ საფრთხეს უკავშირდება.“

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ნატოსა და რუსეთს შორის არსებული ყველაზე დიდი დაპირისპირების მიზეზი - ნატოს გაფართოვება - ლისაბონის სამიტზე განხილული არ იქნება, რაც, მათი აზრით, მხარეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობას გააღრმავებს.

XS
SM
MD
LG