ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო გამოცდა ნაციონალური მოძრაობისთვის


გიორგი ვაშაძე. "რადიო თავისუფლების" ფოტო.
გიორგი ვაშაძე. "რადიო თავისუფლების" ფოტო.

წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პეიზაჟი კვლავ იცვლება. ამჯერად დარტყმა ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ძალის მიმართ მოდის. ნაციონალური მოძრაობიდან გამიჯვნისა და ახალი, უფრო ჯანსაღი პოლიტიკური პლატფორმის აუცილებლობის შესახებ განცხადება დღეს გიორგი ვაშაძემ გააკეთა, ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა სახემ, რომელიც ეგრეთ წოდებულ რეფორმატორების ფრთას წარმოადგენდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან ელოდებოდნენ ინოვაციებს, სიახლეებს, ცვლილებებს და ახალ ინიციატივებს, მაგრამ, სამწუხაროდ ეს არ განხორციელდა. ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი, ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული, კაბინეტური მმართველობის სისტემა“, – განაცხადა ვაშაძემ პრესკონფერენციაზე.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ვაშაძის წასვლა პარტიიდან ვაშაძეს უფრო აზარალებს, ვიდრე თავად ნაციონალურ მოძრაობას. ამერიკის ხმასთან ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარმა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ ისაუბრა: „ჩვენ ვისაუბრეთ ღიად და შესაბამისად, მეც შემიძლია გულწრფელად გავაკეთო კომენტარი იმის შესახებ, რომ უშუალოდ მიმდინარეობს ჩვენს სიაზე საუბარი, მათ შორის ცხადია, პირველ ათეულზე. გიორგი ვაშაძის სურვილი იყო, მომხვდარიყო პირველ ათეულში. სიის შედგენისას ჩვენი ამოსავალი წერტილი გახლდათ დაგვეფიქსირებინა მართლაც მაქსიმალური განახლება, რაც ჩვენს ამოცანას წარმოადგენს. ჩვენი შეცდომების გააზრებით, მათი ანალიზით, ახალი ენერგიით გვინდა შევეჭიდოთ წინასაარჩევნო პერიოდს. შესაბამისად, ერთადერთი პარლამენტარი, ვინც სიის პირველ ათეულში იქნება, ესაა უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. სხვა არც ერთი პარლამენტარი სიის პირველ ათეულში არ იქნება.”

რამდენად შეცვლის სურათს წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობიდან ვაშაძის გასვლა. დიდი ალბათობით ეს იმდენად არ გააძლიერებს სხვა პარტიებს, რამდენადაც დააზარალებს ნაციონალურ მოძრაობას, ამის შესახებ ამერიკის ხმასთან პოლიტოლოგმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ ისაუბრა: „ნაციონალური მოძრაობა, აქამდე იმით გამოირჩეოდა, რომ მიუხედავად მრავალი მცდელობისა მომხდარიყო შიდა განხეთქილება მათ რიგებში, ბოლო პერიოდამდე ასე თუ ისე გაუძლეს. იგივე „გირჩის“ გამოყოფიდან შეინიშნება, რომ პარტიის შიგნით, სხვადასხვა დაჯგუფებებში გარკვეული პრობლემები არსებობს, მათ შორის, პარტიის მომავალთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით. ამის გამოხატულებაა თუნდაც „გირჩის“ ფორმირება და თუნდაც ვაშაძის განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ. ეს, პრინციპში გარკვეული დანაკლისია ნაციონალური მოძრაობისთვის, რადგან ვაშაძე გახლდათ ერთ–ერთი წარმატებული სახე საჯარო მოხელის, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პერიოდში მსახურობდა და შემდეგ შეუერთდა მათ. მის სახელთანაა დაკავშირებული ბევრი წარმატებული რეფორმა.“

ვაშაძემდე ნაციონალურ მოძრაობას ზურაბ ჯაფარიძის გუნდი გაემიჯნა, ვინც ერთობლივად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს „გირჩის“ სახით. თუ მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდა, წინასაარჩევნოდ ყველაზე მაღალრეიტინგული ოპოზიციური პარტიის რღვევის პროცესის მომსწრენი გავხდებით, რაც აბსოლუტურად შეცვლილ პოლიტიკურ სურათს მოგვცემს.

XS
SM
MD
LG