ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპული გზა და არა რუსეთთან დაბრუნება


რას დაანახებს ”ნაციონალური მოძრაობა” ხალხს 19 აპრილს

”დღევანდელი ხელისუფლების ბუნდოვანი და არამკაფიო პოზიცია საქართველოს მომავალზე, საქართველოს ორიენტაციაზე გვაძლევს საფუძველს ქართველი ხალხი 19 აპრილს შევიკრიბოთ და მთავრობას ვუთხრათ, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპული გზა და არა რუსეთთან დაბრუნება" - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი.

იმის გამო, რომ ”ქართული ოცნების” ქმედებებში საქართველოს საგარეო კურსში საფრთხეს ხედავს, ნაციონალური მოძრაობა პირდაპირ აცხადებს, რომ 19 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიტინგს ჩაატარებს. ვანო მერაბიშვილმა განაცხადა:

” მე ვიწყებ და ჩემი მეგობრები ვიწყებთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას, თბილისის თითოულ ქუჩაზე, უბანში შეხვედრებს ადამიანებთან, მათ მოსმენას და მათ მოწვევას, რათა ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ქართველი ხალხის ნება არის ურყევი, რომ ჩვენი მომავალი არის დასავლეთისაკენ და არა რუსეთისაკენ.”
საქართველო მიდის სწორი მიმართულებით საგარეო პოლიტიკის კუთხით, ჩვენთვის ევროპული გზა არის ერთადერთი გზა


საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თქმით საქართველოს ორიენტაცია ევროპისკენ რჩება უცვლელი :
” გაუგებრობას და ღიმილს იწვევს ჩემში განცხადება, რომ ეს დემონსტრაცია უნდა შედგეს იმისთვის, რომ საქართველო არ წავიდეს არასწორი მიმართულებით. საქართველო მიდის სწორი მიმართულებით საგარეო პოლიტიკის კუთხით, ჩვენთვის ევროპული გზა არის ერთადერთი გზა. მე, ალბათ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ დღე არ გასულა, რომ ეს არ დამედასტურებინოს არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც.”

ფართომასშტაბიანი მიტინგის ორი თვით ადრე დაანონსებამ, პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვა შეფასებები გამოიწვია. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით ”ნაციონალურ მოძრაობას” სურს მხოლოდ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა:

”სურთ მედიის ცენტრში იყვნენ, ხალხი ნერვიულობდეს, განიხილებოდეს ეს თემები თოქ-შოუებში და ა.შ. მერაბიშვილი და სააკაშვილი მოახერხებენ თუ არა რამე გადატრიალებას. არაფერს! ”ნაციონალური მოძრაობა” არის ჩამქვრალი ნათურა, რომელიც უკვე ვეღარასოდეს, განსაკუთრებით პროდასავლურად განწყობილი საზოგადოების იმედებს ვეღარ გაანათებს”.
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი 19 აპრილის აქციას შანტაჟის მცდელობად აფასებს. კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში პრეზიდენტს აპრილში მთავრობის დათხოვნის კონსტიტუციური უფლება მიეცემა. უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი თვლის, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” აპრილში სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება:

”წყალწაღებული ”ნაციონალური მოძრაობა’ ხავს ეჭიდება, ცდილობს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას აპრილში, როდესაც სააკაშვილს აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება. მინდა უთხრა სააკაშვილს, მერაბიშვილს და ერთიან ”ნაციონალურ მოძრაობას”, სცადეთ! სცადეთ ბატონებო! და თქვენ მიიღებთ სრულ, ამომწურავ, ადეკვატურ პასუხს ქართველი ერისგან.”

უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის აზრით ”ნაციანალურმა მოძრაობამ” კონფროტაციის გზა აირჩია:

”ისინი მიდიან კონფრონტაციის გზით საზოგადოებასთან, ჩვენთან არა -მოსახლეობასთან. ძალიან კარგად იციან მოსახლეობის განწყობა საკუთარი პარტიის, თავად ვანო მერაბიშვილის მიმართ. ძალიან კარგად იცის ვანო მერაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, იმ გამზირზე, რომელიც რამდენჯერმე მოირწყა სისხლით მისი ბრძანებით.. გამოჩენილი ვანო მერაბიშვილი რა გავლენას მოახდენს მოსახლეობის განწყობებზე ეს მათ არ აინტერესებთ. ჩვენ ხელისუფლება ვართ, ჩვენი ვალი რაც არის იმას შევასრულებთ. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ თუ ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, იყოს დაცული.”

უმცირესობის წევრი გიორგი გაბაშვილი თვლის, რომ საქართველოს დაცვა სჭირდება:

”ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენ ქვეყანაში, ვისთვისაც მთავარი ღირებულება არის თავისუფლება, ეს თავისუფლება დაკავშირებულია ჩვენს დასავლურ ორიენტაციასთან. შესაბამისად, ჩვენ გამოვალთ 19 აპრილს და მთავრობას ძალიან მკაფიოდ დავანახებთ, რომ ოკუპაციის კანონთან თამაში არ ღირს, რომ ონიშჩენკოსთან ლაქუცი არ ღირს, ის, რომ გაუგებარი მოლაპარაკებები, გაუგებარი ფორმატებით საქართველოს მომავალზე საქართველოსთვის არ არის მისაღები, ამას ყველაფერს 19 აპრილს კარგად დაინახავენ.”

” მრავალეროვანი საქართველოს” ლიდერი არნოლდ სტეპანიანი თვლის, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ვერც სახელმწიფო გადატრიალებას მოახდენს, ვერც ფართომასტაბიან აქციას მოაწყობს:

”ჩემი აზრით ძალიანაც რომ მოუნდეს დღეს ”ნაციონალურ მოძრაობას” სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს არ გამოუვა. იმიტომ რომ ყველანაირი შეფასებებით ელემენტარულად მხარდემჭერთა რიცხვი არ ჰყავს იმდენი, რომ რუსთაველის პროსპექტი შეავსოს. ან იგივე მასშტაბის აქცია ჩაატაროს, რაც გვახსოვს 2007 წელს და შემდეგ.

თუმცა 19 აპრილის მიტინგთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ 19-იც, 20-ში და 21-იც და ა.შ. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია ჩაატაროს მიტინგები, ეს მათი ნებაა. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა მიეცეს საშუალება, შესაძლებლობა გამართოს მიტინგი ნებისმიერი ფორმით , რომელიც ჯდება კონსტიტუციის ფარგლებში.”

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG