ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გადაწვეტილებით, ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან ვადაზე ადრე იქნა გადაყენებული. მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან, მის იმპიჩმენტს მხარი ოთხმა დაუჭირა.

გადაწვეტილებას ეხმიანება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და აცხადებს, რომ „ეს პროცესი ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური ტენდენციის გაგრძელებაა“, რომელიც მედია გარემოს აუარესებს. ორგანიზაცია ასევე მიუთითებს „შესაძლო პოლიტიკური ჩარევის“ შესაძლებლობაზე.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ საბჭომ არ გაითვალისწინა ის პროგრესი, რომელსაც ტელევიზიამ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში მიაღწია.

ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ ის გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს. "მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა გაქვს, საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი. შესაბამისად, ეს შედეგიც არ იყო მოულოდნელი. რა თქმა უნდა, პროცესი არ იყო შემთხვევითი, თუმცა შედეგიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ სარედაქციო პოლიტიკა, ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ ადამიანებს”- თქვა ნათია კაპანაძემ.

მაუწყებლისა და კაპანაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გუშინ გამოეხმაურა შეერთებული შტატების საელჩო თბილისში.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მაუწყებლისა და მისი გენერალური დირექტორის ნათია კაპანაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა გააგრძელებენ დადებითი როლის შესრულებას საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სახალხო დამცველი და სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დაბალანსებული ტელევიზია ხელისუფლების ინტერესებში არ შედის და მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვიტა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად კაპანაძე 2016 წლის ოქტომბერში სამი წლით აირჩიეს, მას თანამდებობაზე ყოფნის ვადა 6 თვეში ეწურება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ანგარიშების მიხედვით, ბოლო ორი წლის მანძილზე, აჭარის ტელევიზია მიუკერძოებელ მაუწყებლად ჩამოყალიბდა. ამ აზრს არ იზიარებენ სამეურვეო საბჭოს წევრთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი. მათი აზრით, კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, ტელევიზიამ რეიტინგი და მაყურებელთა ნდობა დაკარგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG