ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პელოსი ვაშინგტონში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა შეიძლება გახდეს


იანვრიდან ვაშინგტონში ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად იცვლება. 8-წლიანი პაუზის შემდეგ, დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს და ახალი მანდატებით საქმიანობას 2019 წლის იანვრიდან შეუდგებიან. ნენსი პელოსი, რომელიც ახლა პალატის დემოკრატიული უმცირესობის ლიდერია, დიდი ალბათობით კონგრესში* წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტს დაიკავებს.

15 ნოემბერს პელოსიმ განაცხადა, რომ მას წინასწარი შეთანხმებით, სპიკერობისთვის უკვე აქვს თანაპარტიელთა საკმარისი მხარდაჭერა. მომავალ სპიკერს არჩევისთვის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის - 218 კონგრესმენის ხმა დასჭირდება.

კარიერის მთავარი მომენტები

პელოსი საინტერესო ბიოგრაფიის მქონე პოლიტიკური ფიგურაა. მისი სრული სახელია ნენსი პატრიცია დე-ალესანდრო პელოსი. ის კონგრესში კალიფორნიის მე-12 საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს ქალაქ სან-ფრანცისკოს და სან-ფრანცისკოს ოლქის ოთხ მეხუთედს. პელოსის სტაჟი კონგრესში 1987 წლიდან იწყება და 30 წელს აჭარბებს.

78 წლის კანონმდებლის გვარის გასწვრივ რამდენჯერმე ნახავთ სიტყვას „პირველი“. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამერიკის ისტორიაში პელოსი ყველაზე მაღალი რანგის** მქონე ქალი პოლიტიკოსია. ამ ფაქტს განსაზღვრავს წარსულში, წარმომადგენელთა პალატაში მისი ოთხწლიანი ვადით სპიკერობის პერიოდი. სწორედ ის პოსტი, რომელსაც პელოსი იანვრიდან ისევ უმიზნებს.

ის ასევე არის პირველი ქალი, პირველი კალიფორნიელი და პირველი იტალიური წარმოშობის ამერიკელი, რომელიც ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატის რიგით 52-ე სპიკერი გახდა. სპიკერის პოსტზე მან 2007-2011 წლებში იმსახურა, შემდეგ კი პალატის დემოკრატ უმცირესობას ჩაუდგა სათავეში და დღემდე ამ მოვალეობას ასრულებს.

კოლეგები ნენსი პელოსის ახასიათებენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სპიკერს და ენერგიულ, ძლიერ, გამოცდილ, გამარჯვებაზე ორიენტირებულ პოლიტიკოსს. მედიას მან თავი დაამახსოვრა მძაფრი, მაგრამ ღიმილიანი, სარკაზმით გაჯერებული გამოსვლებით.

„ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, რომ პელოსის მხარდაჭერის გარეშე, რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უმცროსი) კრიტიკულ მომენტში საბანკო რეფორმას ასე სწრაფად და ეფექტურად ვერ გაატარებდა, რასაც სპეციალისტები აფასებენ, როგორც ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისკენ გადადგმულ, პირველ სწორ ნაბიჯს. ამას გარდა, პელოსის გარეშე, დემოკრატი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვერ დაამტკიცებდა „ობამაქეარად“ წოდებულ ჯანდაცვის რეფორმას, რომლის გაუქმება რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ სცადა, მაგრამ - წარუმატებლად.

ნენსი პელოსის კარიერა წლების მიხედვით:

  • 1970-74 - მოხალისე დემოკრატიული პარტიის არჩევნებზე
  • 1976 - კანდიდატ ჯერი ბრაუნის კამპანიის მენეჯერი
  • 1981-83 - კალიფორნიის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე
  • 1987 - აირჩიეს კანონმდებლად კალიფორნიიდან და მას შემდეგ ყოველ 2 წელიწადში ირჩევდნენ
  • 2002 - წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერი
  • 2007-11 - წარმომადგენელთა პალატის სპიკერი
  • 2011-19 - წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერი

პირადი ცხოვრების დეტალები

ის ბალტიმორში დაიბადა, იტალიელ ამერიკელთა ოჯახში. დედა პირველი თაობის იმიგრანტი იყო, ღრმად მორწმუნე ქალი, რომელიც ოცნებობდა, რომ მისი შვილი კათოლიკური ეკლესიის მონაზონი გამხდარიყო. 6 შვილში ნენსი ყველაზე უმცროსი და ერთადერთი გოგო გახლდათ. მამა დემოკრატი პოლიტიკოსი ჰყავდა, რომელიც მერილენდის კონგრესმენად მსახურებდა. ნენსი 7 წლის იყო, როცა მისი მამა ბალტიმორის მერი გახდა და ამ პოსტზე 12 წელი იმსახურა. ნენსის უფროსი ძმაც დემოკრატი პოლიტიკოსი იყო და 4 წლის მანძილზე ისიც ედგა ბალტიმორს სათავეში.

პოლიტიკა ბავშვობიდან აინტერესებდა. 16 წლის ასაკში გაიცნო პირველად ჯონ კენედი, მაშინ მასაჩუსეტსის შტატის სენატორი, 20 წლის კი ვაშინგტონში, უკვე პრეზიდენტ ჯონ კენედის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა. ამ ყველაფერმა ნენსიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პოლიტიკა ბავშვობიდან ხიბლავდა და ახალგაზრდობაშიც პოლიტიკოსობა სურდა. დაამთავრა ნოტრ დამის ინსტიტუტი და ტრინიტის კოლეჯი პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტის ხარისხით.

23 წლიდან გათხოვილია და 5 შვილი ჰყავს. მისი ქმარი პოლ პელოსი ბანკირი და ინვესტორი იყო. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ნენსი იურისტობას გეგმავდა, მაგრამ გათხოვების გამო გეგმები გვერდით გადადო და წლების მანძილზე მხოლოდ 5 შვილის აღზრდით იყო დაკავებული.

ვაშინგტონის გამოცემის „როლ-ქოლ“ მიხედვით, რომელიც კონგრესის წევრთა ქონებრივ მდგომარეობაზე მასალებს ყოველწლიურად აქვეყნებს, ნენსი პელოსი მილიონერია და ის კონგრესის ყველაზე მდიდარ 15 წევრს შორის არის. მეუღლესთან ერთად, პელოსების ოჯახის საერთო ქონება დაახლოებით 26 მილიონ დოლარს შეადგენს.

პელოსები ფლობენ ვენახებს ნაპა-ველიში, რომლის ღირებულება 5 მილიონს აღწევს და კომერციულ ფართებს სან-ფრანცისკოში. „როლ-ქოლის“ ინფორმაციით, მის მეუღლეს ინვესტიციები აქვს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა „ეფლი“, „ფეისბუქი“, „კომკასტი“, „უოლტ დისნეი“ და სხვა.

პელოსის კონკურენტები სპიკერის პოსტზე

გამოცდილ პოლიტიკოსს საკუთარ პარტიაშიც ჰყავს ოპონენტები, განსაკუთრებით - ახალგაზრდა ფრთაში. ისინი მიიჩნევენ, რომ დროა ძველი ლიდერები შეიცვალოს და პელოსიმ ასპარეზი პოლიტიკოსების ახალ თაობას დაუთმოს. მედიაში საუბრობენ მისი არჩევის წინააღმდეგ შექმნილ სიაზე, რომელსაც წარმომადგენელთა ახალი პალატის 17 დემოკრატი კონგრესმენი აწერს ხელს.

ამ ეტაპზე დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაში 230 გარანტირებული*** წევრი ჰყავთ. ეს სია შესაძლოა პელოსისთვის სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდეს, რადგან მას, როგორც უკვე ვთქვით, 218 კონგრესმენის ხმა სჭირდება. სია კი ალბათ მართლაც არსებობს, ის ხუთშაბათს ტელეკომპანია „სი-ენ-ენთან“ საუბარში, მასაჩუსეტსის დემოკრატმა კონგრესმენმა სეთ მულტონმაც ახსენა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ნენსი პელოსის გარდა, ფორმალურად ჯერ არავის დაუსახელებია. ოჰაიოს შტატის კონგრესმენი ტიმ რაიანი რამდენიმე კონკურენტზე საუბრობს, რომელთა შორის ის წამყვან კანდიდატად ასახელებს მისივე შტატის წარმომადგენელს მარსია ფაჯს. ახალი სპიკერის არჩევა 2019 წლის 3 იანვრის შემდეგ მოხდება, როცა წარმომადგენელთა პალატა მუშაობას განახლებული შემადგენლობით დაიწყებს.

თუ პელოსიმ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა, დემოკრატებს შორის რამდენიმე სხვა პრეტენდენტი გამოჩნდება. გამოცემა ბლუმბერგი სავარაუდო კანდიდატთა სიას აქვეყნებს. მათ შორის დასახელებულია: ადამ შარიფი (კალიფორნია), ჰაკიმ ჯეფრი (ბრუკლინი), კარენ ბასი (ლოს-ანჯელესი), ელაია ქამინგსი (ბალტიმორი), დიანა დეგეტე (დენვერი), ბენ რეი ლუჯანი (ნიუ-მექსიკო), შერი ბუსტოსი (ილინოისი) და მარსია ფაჯი (ოჰაიო).

--------------------------------

* ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ორი პალატისგან შედგება: წარმომადგენელთა პალატა (435 კანონმდებელი) და სენატი (100 კანონმდებელი). კანონმდებლებს პირდაპირი არჩევნების წესით ირჩევენ, წარმომადგენელთა პალატაში 2 წლით და სენატში 6-ით. წარმომადგენელთა პალატაში ხმის უფლების გარეშე კიდევ 6 კონგრესმენია: კოლუმბიის ოლქის, პუერტო-რიკოს, ამერიკული სამოის, გუამის, ჩრდილოეთ მარიანის და ამერიკული ვირჯინიის კუნძულების. მართალია, მათ კენჭისყრის დროს ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, მაგრამ ისინი კონგრესის კომიტეტებშიც მუშაობენ და კანონპროექტის წარდგენის უფლებაც აქვთ.

** წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ამერიკაში ძალიან მაღალი რანგის თანამდებობაა. მის პასუხისმგებლობებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია ის, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუციით, სპიკერი, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის აღმასრულებელი ძალაუფლების გადაბარებაში, ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ მოდის. თუ პრეზიდენტს ოფისის დატოვება შემცვლელის არჩევამდე და მის ინაუგურაციამდე მოუწევს (სიკვდილის, გადადგომის, ან გათავისუფლების გამო), მის ადგილს ვიცე-პრეზიდენტი დაიკავებს. თუ ვიცე-პრეზიდენტს არ შეუძლია პოსტის გადაბარება, ძალაუფლების ვერტიკალით რიგში შემდეგი წარმომადგენელთა პალატის სპიკერია.

*** 6 ნოემბრის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ დაზუსტებული არ არის. ხმის გადათვლა მიმდინარეობს, მაგალითად, ფლორიდის შტატში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG