ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრისტოფერ მერფი: სანქციების გავლენის აღქმას ხშირად წლები სჭირდება


ფოტო: რადიო თავისუფლება

სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა, გავლენიანმა სენატორმა ქრისტოფერ მერფიმ ვაშინგტონში, ვილსონის ცენტრში გამოსვლისას, სადაც მან ამერიკის საგარეო პოლიტიკასა და აშშ-ის, როგორც გლობალური ლიდერის საკუთარ ხედვაზე ისაუბრა, რუსეთის აგრესიასა და უკრაინის დახმარებაზეც გაამახვილა ყურადღება. გამოსვლის შემდეგ, მან საგანგებო კომენტარები ამერიკის ხმასთან მოკლე ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, “მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სოლიდარობის სიგნალი გაუგზავნოს აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს და რომ ნატოს გადაწყვეტილება, ისევე როგორც აშშ-ევროპის ალიანსი მტკიცეა, ასევე ცოცხალია ნატოს მე-4 მუხლი და თუ ვლადიმირ პუტინი, კონვენციური თუ არა-კონვენციური მეთოდებით ამერიკის მოკავშირის-უკრაინის წინააღმდეგ გაილაშქრებს, აშშ ამ ფაქტს შეაჩერებს. ამერიკას შეზღუდული რესურსები აქვს, თუმცა პარტნიორების დაიმედება მას შეუძლია.”

კითხვაზე, თუ რა აზრის არის სენატორი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე, მან აღნიშნა, რომ ისინი დღეს, პუტინის მოქმედებებს, სავარაუდოდ ვერ შეცვლის და რომ ხშირად, სანქციების ზემოქმედების აღქმას წლები და ათწლეულები სჭირდება. “მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა. საბოლოო ჯამში, რუსმა ხალხმა უნდა შეაფასოს უღირს თუ არა სახელმწიფოს აგრესიული რეგიონული პოლიტიკა რუსეთის ეკონომიკის ნგრევად.”

ამერიკის ხმა აქვე დაინტერესდა, თუ რა შეფასებას გააკეთებდა სენატორი უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შესაძლებლობაზე, რაზეც მერფიმ აღნიშნა, რომ მისი რწმენით, "ეს ქმედება ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციების გზით უნდა გადაწყდეს. სავარაუდოდ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის სამხედრო გზით ხელში ჩაგდება არ აქვს განზრახული. შესაბამისად უკრაინისთვის [თავდაცვითი] იარაღის მიწოდება არ არის ამ ქვეყნის დახმარების ერთადერთი და მთავარი წყარო. პუტინს უკრაინის გატეხვა უნდა ეკონომიკურად, და პრო-რუსი მთავრობის ჩაყენება კიევში. ამ ეტაპზე, ყველაზე მთავარია უკრაინის ეკონომიკის მდგომარეობა. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია უკრაინას- ყველაზე მნიშვნელოვანი-ეკონომიკური დახმარება გაუწიოს, რათა ამ ქვეყანამ თავი გადაირჩინოს და ეკონომიკურ ქაოსში არ გაეხვეს.”

XS
SM
MD
LG