ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მანჩესტერ იუნაიტედს" ფინანსური პრობლემები აქვს


წარმატების მიუხედავად გუნდს ნახევარ მილიარდზე მეტი დავალიანება აქვს და მისი აქციები ნიუ იორკის ბირჟაზე გაიყიდება

ჯერ კიდევ 1878 წელს დაწყებული წარმატებული კარიერის მიუხედავად, მანჩენსტერ იუნაიტედს იმხელა ვალი აქვს, რომ ამ ფაქტორმა შესაძლოა მისი პრესტიჟულ ტურნირებში მონაწილეობა შეზღუდოს. კლუბის მფლობელი ამერიკაში, ფლორიდის შტატში მხოვრები გლეიზერების ოჯახია.

კლუბის მმართველობამ რამდენიმე ხნის წინ ერთხელ უკვე გადაიხადა უზარმაზარი ვალის ნაწილი. თუმცა, 2005 წელს გასტუმრებული 500 მილიონი ფუნტი საკმარისი არ აღმოჩნდა. დღეს ფინანსურ პრობლემებთან გამკლავების მიზნით, გლეიზერების ოჯახი კლუბის აქციების ნაწილის ნიუ იორკის ბირჟაზე გაყიდვას გეგმავს.

ბაზარი საკმაო თავშეკავებით შეხვდა ამ ცნობას. ჯეფრი სიკა, ნიუ ჯერსის შტატში მდებარე „სიკას ქონების მართვის“ კომპანიიდან, ამბობს, რომ ფანებისგან განსხვავებით, სპორტული კლუბების აქციათა მყიდველებს მართლაც დიდი სიფრთხილე და თავშეკავება მართებთ.

ბმული


„ინვესტორივით უნდა განსაჯო. ინვესტორი იმაზე ფიქრობს, თუ საბოლოოდ რა მოგება დარჩება მას. ფანებს კი მხოლოდ ის ადარდებთ, მოიგებს თუ არა მათი გუნდი. ორივე ფაქტორი პოზიტიურად თუ არ მუშაობს, მაშინ აქციების ყიდვას აზრი არ აქვს“ - აცხადებს ფინანსისტი.

მისი აზრით, ნიუ იორკის ბირჟის შერჩევა შემთხვევითი არ იყო. ის ბევრად უფრო დიდია, ვიდრე სინგაპურის, ან თუნდაც ჰონ კონგის ბირჟა, რომელიც ოჯახის თავდაპირველი არჩევანი იყო. ჯეფრი სიკას თქმით, ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. მაგალითად, არავინ იცის, თუ როდის მოხდება გაყიდვა, რა იქნება მინიმალური ფასი, ან რა რაოდენობის აქცია გაიყიდება.

როდესაც მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარადგინა, მასში არ მიუთითა, აქციების საჯარო გაყიდვით 423 მილიონი ფუნტი სტერლინგის დავალიანებიდან, თუ რა რაოდენობის თანხის დაფარვას აპირებს. დოკუმენტში მხოლოდ ის არის მინიშნებული, რომ მალკომ გლეიზერის 5 ვაჟი და ერთი ქალიშვილი კომპანიის მფლობელებად რჩებიან და მის საკონტროლო პაკეტს ინარჩუნებენ. კომპანია თავიდან დარეგისტრირდა კაიმანის კუნძულებზე, რაც მათ დამატებით საგადასახადო შეღავათსაც მისცემს.

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ მოყვანილია ამონარიდი სარეგისტრაცო დოკუმენტიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიის ახალი ბიზნეს-სტრატეგია ასახავს გლეიზერების სურვილს კლუბის მოგების გაზრდის, გლობალური მარკეტინგის ინფრასტრუქტურის შექმნის, ბრენდის რეკლამირების, რეგიონალური თუ გლობალური სპონსორების მოზიდვის, ახალი მედიის და მობილური საშუალებების მეტად გამოყენების და დისტრიბუციის გაღრმავების შესახებ.

როდესაც 2005 წელს ამერიკელმა მილიარდელმა, მალკომ გლეიზერმა მანჩესტერი შეისყიდა, კლუბის ფანებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს. მათ ეშინოდათ, რომ ახალი მფლობელი ძლიერი მოთამაშეების საყიდლად სერიოზულ ინვესტიციებს არ გააკეთებდა და გუნდი არაკონკურენტუნარიანი გახდებოდა. ფანები დღესაც არ არიან დარწმუნებული, თუ რამდენად შეძლებს გლეიზერი გაბანკროტების წინაშე მდგარი გუნდის ფინანსურად მოღონიერებას.

ერთ-ერთი ფანი ამბობს, რომ ამერიკელი მილიარდელი სწორად მოიქცა და გადადგმული ნაბიჯი დავალიანების შემცირების და ბიუჯეტის გაზრდის კარგი საშუალებაა. მეორე კი თვლის, რომ თუ აქციების გაყიდვით შემოსულ თანხას გლეიზერი არ დაესაკუთრება, მაშინ მის ქმედებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.

მანჩესტერი დღეს წარმატებულ გუნდად ითვლება, თუმცა ფინანსისტებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად ეს ფაქტი საკმარისი არ არის. ჯეფრი სიკა „სიკას ქონების მართვის“ კომპანიიდან ამბობს, რომ რამდენი თამაშიც არ უნდა მოიგოს გუნდმა, ინვესტორთა ფულადი მოგებისთვის მხოლოდ ეს ფაქტორი საკმარისი არ არის. საჯარო გაყიდვებმა მანჩესტერის ვალებს უნდა მიხედოს და არა მოედანზე მათ თამაშს, დასძენს ის ბოლოს.
XS
SM
MD
LG