ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის პუტჩიდან 19 წელი გავიდა


1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვში გადატრიალება მოხდა. საკავშირო რადიომ ქვეყანას გამაოგნებელი ამბავი ამცნო: “მიხეილ გორბაჩოვმა გარდაქმნის მაგივრად ქვეყნის არსებობას საფრთხე შეუქმნა“

მოსკოვში განხორციელებულმა სახელმწიფო გადატრიალებამ მსოფლიო განაცვიფრა.

ჩვენ გავესაუბრეთ პუტჩის თვითმხილველებს და ვთხოვეთ შეეფასებინათ 19 წლის წინანდელი ამბები.

ალექსანდრე პროხანოვი რუსეთში ცნობილი მწერალია. ის ანტიამერიკული პოზიციით გამოირჩევა. იგი შეერთებულ შტატებს რუსეთის მთავარ მტრად აღიქვავს.

“მე ველოდი პუტჩს. 19 აგვისტოს აგარაკზე ვისვენებდი, როცა მოსკოვში ტანკების შესვლის ამბავი შემატყობინეს. მაშინ გაზეთ “დენში“ ვმუშაობდი პოლიტიკურ მიმომხილველად. სხვათა შორის ალექსანდრე იაკოვლევმა ჩემს გაზეთს “პუტჩის ლაბორატორია“, მე კი “პუტჩის იდეოლოგი“ მიწოდა.

იმ დღეებში აღფრთოვანებული დავდიოდი. იმედი მქონდა, რომ არეულობას ბოლო მოეღებოდა და ქვეყანა დალაგდებოდა. ეიფორია ტრაგიკულმა სიცარიელემ შეცვალა. მივხვდი, რომ საგანგებო სიტუაციათა კომიტეტი ფიქცია იყო. დროთა განმავლობაში იმ დასკვნამდე მივედი, რომ პუტჩის მთავარი მიზანი საბჭოთა კავშირის დაშლა იყო“.

რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის მრჩეველი გიორგი სატაროვი დღეს ცნობილი პოლიტოლოგია. მისი აზრით, პუტჩი მოსახლეობისთვის ერთგვარი გაკვეთილი იყო.

“ გადატრიალებამდე ერთი კვირით ადრე, საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტმა მთხოვა მიმდინარე მოვლენების ზოგადი პროგნოზი გამეკეთებინა. ჩვენ, ანალიტიკოსები, პუტჩს გამოვრიცხავდით. შეუძლებლად მიგვაჩნდა მოვლენათა განვითარების ასეთი სცენერი. მაგრამ გადატრიალება მოხდა, თუმცა კრახით დამთავრდა. მაშინ ჩვენ რომანტიკოსები ვიყავით. წარმოიდგინეთ როგორ რუსეთში მოგვიწევდა ცხოვრება, პუტჩი წარმატებულად რომ დასრულებულიყო. ვფიქრობ, უფრო მკაცრ პოლიტიკურ რეჟიმში ვიარსებებდით“.

ვალერია ნოვოდვორსკაიას მსოფლიოში კარგად იცნობენ. ის დისიდენტი და კრემლის პოლიტიკის აქტიური მოწინააღმდეგეა. ნოვოდვორსკაია სატაროვისგან განსხვავებით თვლის, რომ პუტჩისტების გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი გაცილებით დემოკრატიული ქვეყანა იქნებოდა.

“მაშინ, ჩვენთვის, ეს იყო დიდი იმედი. ახლა დიდ კრახად მიმაჩნია. ძალიან კარგად მახსოვს მაშინდელი აჟიოტაჟი. მე პუტჩი არ გამკვირვებია. სიმართლე გითხრათ გორბაჩოვი შემეცოდა კიდეც. ჩვენ, დისიდენტებმა, თავისუფლება ტანჯვით მოვიპოვეთ. სამწუხაროდ ხალხმა ეს მონაპოვარი უარყო და თავის ბინძურ ორმოს დაუბრუნდა. ყოველ შემთხვევაში, 19 აგვისტოს გადატრიალებამ საბჭოთა კავშირი ფაქტიურად გაანადგურა. პუტჩისტებს რომ არ ეღალატათ საკუთარი თავისთვის, დღეს განვითარების მხრივ ჩეხეთის დონეზე მაინც ვიქნებოდით“.

აგვისტოს მოვლენების შემდეგ გორბაჩოვი იმპერიის დამანგრევლიდ, ელცინი კი ქაოსის ფუძემდებლად მონათლეს. მიუხედავად ანალიტიკოსების აზრთა სხვადასხვაობისა, ისინი თვლიან, რომ მოსკოვის პუტჩმა საბჭოთა იმპერია საბოლოოდ დაშალა.

XS
SM
MD
LG