ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მონტენეგრო პრეზიდენტ ტრამპს პასუხობს


მონტენეგრო პრეზიდენტ ტრამპის საპასუხოდ აცხადებს, რომ მას „ევროპის მშვიდობაში წვლილი შეაქვს“. პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე დღის წინ, მონტენეგროს მისამართით განაცხადა, რომ ისინი „ძალიან ძლიერი... აგრესიული ხალხია“ და რომ შესაძლოა მათმა აგრესიულობამ „მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს“.

ხუთშაბათს, მონტენეგროს მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მონტენეგრო „არა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე მშვიდობას და სტაბილურობას უწყობს ხელს, არამედ ამერიკელ სამხედროებთან ერთად ავღანეთში იბრძვის“.

„ფოქს ნიუს"-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო, როდესაც ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა მას ჰკითხა, თუ რატომ უნდა დაიცვას მისმა შვილმა მონტენეგრო, თუ მას [მონტენეგროს] თავს დაესხმებიან. ინტერვიუ ჰელსინკიში პუტინის და ტრამპის შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

რუსეთი ღიად ეწინააღმდეგებოდა მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებას. ეს ქვეყანა ალიანსში 2017 წელს მიიღეს.

ტრამპმა, ჟურნალისტის შეკითხვაზე განაცხადა: „მესმის რასაც ამბობთ. მონტენეგრო პატარა ქვეყნაა ძალიან ძლიერი ხალხით... ისინი ძალიან აგრესიული ხალხია. შეიძლება აგრესიულად მოიქცნენ და გილოცავთ, მესამე მსოფლიო ომში ჩაერთეთ“.

კომენტარი ტრამპმა ნატოს მეხუთე მუხლის განხილვისას გააკეთა, რომელიც გულისხმობს, რომ ნატოს წევრ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა, ალიანსზე თავდასხმაა.

მიუხედავად ტრამპის კომენტარისა, მონტენეგროს მთავრობა ამბობს, რომ ისინი რჩებიან ამერიკის და დემოკრატიის ერთგული.

„დღევანდელ სამყაროში, არ აქვს მნიშვნელობა დიდი ხარ თუ პატარა, არამედ მნიშვნელოვანია, რამდენად ხარ ერთგული თავისუფლების, სოლიდარობის და დემოკრატიის პრინციპებისადმი. ამიტომ, მეგობრობა, მონტენეგროს და ამერიკის ალიანსი ძლიერი და სამუდამოა“, - ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG