ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიმუნის ყვავილი - საგანგებო ვითარება ნიუ-იორკში


მაიმუნის ყვავილის უჯრედული გამრავლება. ფოტო - NIAID - შეერთებული შტატების ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტი

სიტუაცია ნიუ-იორკის შტატში

გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რაც მაიმუნის ყვავილის გავრცელებით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ჰოქულმა აღნიშნული ნაბიჯი „მაიმუნის ყვავილის აფეთქების წინააღმდეგ მიღებული ზომების გაძლიერების“ აუცილებლობით ახსნა.

„აღმასრულებელი განკარგულება გაცილებით სწრაფი რეაგირების საშუალებას მოგვცემს, ჯანდაცვის სპეციალისტებს კი საშუალება მიეცემათ დამატებითი ზომები მიიღონ მეტი ნიუ-იორკელის ასაცრელად“ ნათქვამია პარასკევს, გვიან ღამით სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

შტატის გუბერნატორის თქმით, ადგილობრივი ჯანდაცვა 24-საათიან რეჟმში მუშაობს, რათა მოხდეს ტესტირების და ვაქცინაციის გაფართოება, ასევე ნიუ-იორკელთა ინფორმირება არსებული რისკების თაობაზე. გუბერნატორ ჰოქულის განმარტებით, ნიუ-იორკის შტატზე ამერიკაში მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულთა მეოთხედზე მეტი მოდის.

განცხადების გაკეთების მომენტში, ნიუ-იორკის შტატში ინფიცირების 1 383 შემთხვევა აღირიცხა. ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, ამბობს შტატის ჯანდაცვის ოფიციალური ვებგვერდი. თუმცა, „აუცილებელია, რომ ყველა იყოს ინფორმირებული მაიმუნის ყვავილის თაობაზე. ეს ნიშნავს სიმპტომების ცოდნას, ინფორმაციის გაცნობას მისი გავრცელების გზებზე და იმაზე, თუ რა უნდა ვიღონოთ, თუკი ინფიცირებულთან კონტაქტი გვქონდა“.

ინფიცირების მასშტაბი ამერიკაში

კვირას, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ქვეყანაში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების 5 189 შემთხვევა აღირიცხა. ყველაზე მეტი, 1 345 ინფიცირებული ნიუ-იორკშია. შემდეგ მოდის კალიფორნიის შტატი - 799 შემთხვევით და მესამე ადგილზეა ილინოისი - 419 ინფიცირებულით.

მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა ამერიკაში 17 მაისს აღირიცხა. დღეისთვის დაავადება მონტანის, ვერმონტის და ვაიომინგის გარდა, ყველა შტატში ფიქსირდება. მზარდი ინფიცირების გამო, საგანგებო ვითარება სან-ფრანცისკოს ჯანდაცვამაც გამოაცხადა.

რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილზე

მაიმუნის ყვავილი ვირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადებაა. ეს საკმაოდ იშვიათი ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ სერიოზულ გართულებებს არ იწვევს, თუმცა მას ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილობაც ახასიათებს.

დაავადება ადამიანებში ძირითადად ახლო, ფიზიკური კონტაქტით ვრცელდება. მაიმუნის ყვავილის ბოლო აფეთქებით თუ ვიმსჯელებთ, ის მოსახლეობის ზოგ ჯგუფს გაცილებით მეტ რისკს უქმნის, განსაკუთრებით ჰომოსექსუალ კაცებს. ინფექციის წინა აფეთქებების მიხედვით, რისკის ჯგუფებში იყვნენ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები, ორსული ქალები, მოხუცები და 8 წლამდე ბავშვები.

კოვიდ-19-ისგან მაიმუნის ყვავილს განასხვავებს ის, რომ ინფექცია კორონავირუსთან შედარებით ნაკლები გავრცელებით გამოირჩევა. ის ძირითადად უშუალო კონტაქტით და შეხებით გადადის. ამას გარდა, უკვე არსებობს მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსის წინააღმდეგ მოქმედი, ადრე დამტკიცებული უსაფრთხო ვაქცინები და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები.

მაიმუნის ყვავილს ახასიათებს ცხელება, თავისტკივილი და შეშუპება, ასევე შესაძლოა ტკივილი ზურგის და კუნთების არეში. ტემპერატურის მატების შემდეგ, ინფიცირებულს ეწყება ბუშტუკოვანი გამონაყარი სახეზე, ტანზე და კიდურებზე. გამონაყარი ხშირად მტკივნეული და ქავილის გამომწვევია. დაავადება საშუალოდ 12-დან 21 დღემდე გრძელდება.

გლობალურ საფრთხედ გამოცხადება

მაიმუნის ყვავილი უმეტესად აფრიკული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ინფექციაა. თუმცა, გაზაფხულზე მისმა არაენდემურ ქვეყნებში, ევროპის, ამერიკის, თუ ავსტრალიის კონტინენტებზე ცირკულირებამ, სპეციალისტების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. 27 მაისისთვის დადასტურებულად ინფიცირებულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.

ინფიცირების ზრდის გამო, გასულ კვირას, 23 ივლისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ამ მომენტში მთელ მსოფლიოში ინფიცირების 16 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. ვირუსი 75 ქვეყანაში გავრცელდა და აფრიკის კონტინენტზე სიკვდილობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

გლობალურ საფრთხედ გამოცხადება მსოფლიოს ჯანდაცვას ინფექციასთან ბრძოლაში კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირების და დამატებითი სახსრების მობილიზებაში ეხმარება. ამას გარდა, ეს ბიძგს აძლევს ქვეყნებს შორის სამკურნალო საშუალებების და ვაქცინების მეტ გაზიარებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG