ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მლადიჩის დაპატიმრება შემრიგებლობას შეუწყობს ხელს


მლადიჩის დაპატიმრება შემრიგებლობას შეუწყობს ხელს

მიმომხილველთა აზრით, ბოსნიელი სერბი გენერლის რატკო მლადიჩის დაპატიმრება საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებას სერბეთის მიმართ გააუმჯობესებს და ბალკანეთის რეგიონში სერბეთის მთავრობის შემრიგებლობით ძალისხმევას ხელს შეუწყობს. თუმცა, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი კეით ვუდსომი იუწყება, სასამართლო პროცესის დაწყების მიუხედავად სერბეთს წარსულთან დამშვიდობება გაუჭირდება.

პრეს-კონფერენციაზე, სადაც სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა პირველად აცნობა საზოგადოებას იმის შესახებ, რომ რატკო მლადიჩი დააპატიმრეს, ჟურნალისტებმა ეჭვის ქვეშ დააყენეს ხსენებული განცხადების დროის შერჩევა რადგან სამხედრო დანაშაულში მხილებული გენერლის დაკავება სერბეთში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის ქეთრინ ეშტონის ოფიციალურ ვიზიტს დაემთხვა. ბატონმა დატიჩმა უარყო მოსაზრება, რომ სერბეთის მთავრობას მლადიჩის დაკავება თითქოს ადრეც შეეძლო.

„ჩვენ იმასთან დაკავშირებით თუ როდის ან რა ფორმით გავაკეთებ- დით ხსენებულ განცხადებას არანაირ გათვლებს არ ვაკეთებდით. ჩვენ ამ ნაბიჯს ვდგამთ იმის გამო, რომ ნამდვილად გვჯერა, რომ ეს ჩვენს კანონმდებლობას შეესაბამება. ჩვენ ამას ჩვენი ხალხისთვის, სერბებისთვის, ვაკეთებთ. ჩვენ ამას ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მორალური კეთილშობილობის გამო ვაკეთებთ. რაც შეეხება ევროპის სამხრეთაღმოსავლეთ რეგიონში მცხოვრები ხალხების, ყოფილი იუგოსლავიის ხალხებს შორის შემრიგებლობას ამ ნაბიჯს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება,“ განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა.

მლადიჩის დაპატიმრების მოთხოვნის გამო საერთაშორისო თანამეგობრობა სერბეთზე დიდი ხნის მანძილზე ზეწოლას ახდენდა. ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა არაერთხელ განაცხადა, რომ მლადიჩის დაკავებისთვის სერბეთის მთავრობამ უფრო მკაცრი და თანამიმდევრული მიდგომა უნდა გამოიყენოს. ხოლო ევროკავშირმა სერბეთის გაწევრიანება გენერლის დაპატიმრებას დაუკავშირა. როგორც ცნობილია, რატკო მლადიჩს სერბეთის საზღვართან მდებარე ბოსნიის პატარა ქალაქ სრებრენიცასთან მახლობლად დაახლოებით 8,000 მუსლიმი მამაკაცისა და მოზარდის გენოციდის ორგანიზება ედება ბრალად. ბოსნიაში 1995 წელს მომხდარი გენოციდი ევროპაში მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებულ ყველაზე საზარელ სამხედრო დანაშაულად არის მიჩნეული.

ნიუ იორკში მდებარე გარდამავალი სამართლის საერთაშორისო ცენტრის თანამშრომელი რეფიკ ჰოდჟიჩი აღნიშნავს, რომ რატკო მლადიჩის დაკავება საერთაშორისო ზეწოლის შედეგს წარმოადგენს.

„ეს გარემოება რომ არ ყოფილიყო, ჩვენ რატკო მლადიჩის დაპატიმრების მოწმენი არ გავხდებოდით,“ აღნიშნავს ჰოდჟიჩი.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1995 წელს ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მდებარე ტრიბუნალმა მლადიჩს სრებრენიცაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტისა და ბოსნიის ქალაქ სარაევოს სამწლიანი ალყის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ბრალდებები წაუყენა.

ჰოდჟიჩი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სასამართლოს პროკურორები ახლა შეეცდებიან გამონახონ ის მტკიცებულებები, რომელიც მლადიჩს ხსენებულ დანაშაულებთან უშუალოდ დააკავშირებს. ისინი აგრეთვე დაინტერესდებიან იმ ინფორმაციის მოპოვებით თუ როგორ ახერხებდა დამალვას ძებნილი გენერალი ამდენი ხნის მანძილზე.

„ჰააგის ტრიბუნალის მხრიდან ისევე როგორც რეგიონალურ მედიაში ხშირად გაისმოდა სხვადასხვა სახის მოსაზრებები, რომ თითქოს მლადიჩს მფარველობას სერბი სამხედროები და სახელმწიფო სტრუქტურები უწევდნენ. ძალზედ ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთმა მოწმემ იმ უბნიდან, სადაც გენერალი წლების მანძილზე ცხოვრობდა, აღნიშნა, რომ არაფერი უჩვეულო არ შეუმჩნევია გარდა იმისა, რომ ბოლო წლებისა და თვეების მანძილზე უბანში პოლიციის ძალები გაიზარდა,“ აღნიშნა ჰოდჟიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობა დაიწყებს გამოძიებას იმისა, თუ როგორ შესძლო მლადიჩმა მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევა 15 წლის მანძილზე. მლადიჩის დაპატიმრებამ მის გასამართლებასთან დაკავშირებით სერბულ საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან აზრთა სხვადასხვაობას შუქი მოჰფინა.

ჰააგის ტრიბუნალთან თანამშრომლობის ეროვნულმა საბჭომ ახლახან ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომლის თანახმად სერბების 78 პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი მლადიჩს ხელისფულებას არ გასცემდნენ.

„მართალია, რომ ბევრი სერბი რატკო მლადიჩს გმირად აღიქვამს. ისინი ბოსნიაში მომხდარ ამბებს სხვანაირად აფასებენ. მათთვის ის არა აგრესიის სამხედრო ლიდერია არამედ ბოსნიაში მცხოვრები სერბების დამცველი. ამდენად ამ თვლასაზრისით, საზოგადოებაში მის მიმართ ფარული მხარდაჭერის გარკვეული დონე უდავოდ შეინიშნება,“ დასძენს ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლასთან არსებული ევროპული ინსტიტუტის ექსპერტი ჯეიმს კერ-ლინდსეი.

მართალია სერბეთში წარსულში მომხდარი მოვლენებით მიყენებული ტრავმის შეხორცების პროცესის პერსპექტივა გაურკვეველი რჩება, ქვეყნის საგარეო ურთიერთობებშიც არანაკლები არასტაბილურობა სუფევს. ჰააგის ტრიბუნალი კვლავინდებურად ბოლო სერბი ძებნილის, პოლიტიკური ლიდერის გორან ჰადჟიჩის დაკავებას ითხოვს. ევროკავშირს ჯერ არ გადაუწყვეტია ის, საკმარისია თუ არა სამხედრო დანაშაულში მხილებული ოთხიდან სამი პირის დაკავება იმისათვის, რომ სერბეთი ევროკავშირს შეუერთდეს თუ ბელგრადმა ჰადჟიჩიც უნდა დააპატიმროს ჯერ.

XS
SM
MD
LG