ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ირმის ნახტომის“ პლანეტები


„ირმის ნახტომის“ პლანეტები
„ირმის ნახტომის“ პლანეტები

ასტრონომები ამტკიცებენ, რომ ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 100 მილიარდი მზეა. თვალუწვდენელ სივრცეში განლაგებულ ვარსკვლავურ სპირალებში მზისმაგვარი პლანეტების ირგვლივ ორბიტაზე მინიმუმ ერთი პლანეტა მოძრაობს. მეცნიერების თქმით თითოეული ამდაგვარი პლანეტის არსებობა, რომელსაც ისინი ეგზო-პლანეტებსაც უწოდებენ, გალაქტიკაში სიცოცხლის არსებობის შანსს ზრდის.

პლანეტების ზუსტი დათვლა დღეს არსებული ტექნოლოგიებით ჯერ კიდევ შეუძლებელია. გალაქტიკაში, რომელსაც „ირმის ნახტომს“ უწოდებენ, ზოგიერთი პლანეტა 120 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. სამეცნიერო კვლევისთვის ასტრონომებმა შედარებით მცირე ჯგუფის, მხოლოდ 100 მილიონი შორეული ვარსკვლავის მონაცემები შეაჯერეს და პლანეტების სრული სავარაუდო რიცხვი მის მიხედვით დაადგინეს.

ექვსწლიან პროექტში 42 ასტრონომი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყო კელაშ საჰუ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან. მან 90-იან წლებში სახელგანთქმული გრავიტაციული მიკროლინზების შექმნაში მიიღო მონაწილეობა და ამჟამად უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მერილენდის კოსმოსური ტელესკოპის ინსტიტუტში მუშაობს.

მიკროლინზების საშუალებით აქამდე თვალით უხილავი პლანეტების არსებობის დადასტურება გახდა შესაძლებელი. როდესაც წინა პლანზე მოძრავ პლანეტას ერთი ან რამდენიმე თვალით უხილავი პლანეტა ჩაუვლის, რომელთაც ასევე საკუთარი გრავიტაციული ველი გააჩნიათ, მიკროლინზების ტექნოლოგია ჩავლის მომენტში გრავიტაციულ რხევას აფიქსირებს. ეგზო-პლანეტის ზომის და ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარის მიხედვით რხევის დაფიქსირება რამდენიმე საათის ან დღეების განმავლობაში ხდება.

კელაშ საჰუს თქმით ანალოგიური ტექნოლოგიის მეშვეობით ასტრონომებს საშუალება მიეცათ უამრავი მომცრო ზომის ძალზე შორს მოძრავი პლანეტა აღმოეჩინათ.

ეს ტექნოლოგია იმდენად მგრძნობიარეა, რომ ჩვენგან უშორეს, გალაქტიკის განაპირას მდებარე პლანეტებსაც კი მივაკვლიეთ. ასე რომ ჩვენ საშუალება გვაქვს პლანეტების აღრიცხვა მთელი გალაქტიკის მასშტაბით ვაწარმოოთ“ - ამბობს ასტროლოგი.

სწორედ ამ ტექნოლოგიით მოხდა 1500-მდე ახალი მზის სისტემის აღმოჩენა, რომლებიც დედამიწისგან საშუალოდ 50 სინათლის წლის მანძილით არიან დაშორებულნი. მათ ირგვლივ ორბიტაზე მოძრავი ეგზო-პლანეტების დიდი უმრავლესობა დედამიწას ზომით 5-ჯერ აღემატებიან. მათი თითქმის მეხუთედი გიგანტური იუპიტერისხელაა. „თუმცა, ჩვენ ყველაზე მეტად იმ პლანეტებით ვართ დაინტერესებულნი და ვიკვლევთ, რომლებიც დედამიწის ანალოგებს წარმოადგენენ და ზომითაც მას შეესაბამებიან“, აღნიშნავს ბატონი საჰუ:

„წმიდა გრაალის აღმოჩენა სწორედ დედამიწისმაგვარი პლანეტების შესწავლა გახდება და იმ ნიშნების მიკვლევა, რაც სიცოცხლის არსებობას უწყობს ხელს. ამიტომ შემდეგი ეტაპი მათზე წყლის და სიცოცხლის სხვა ნიშნების ძებნა იქნება“ - აცხადებს ის.

160 მილიარდ პლანეტას შორის, რომლებზეც მეცნიერი საუბრობს, დედამიწაზე არსებული და დედამიწის გარშემო მოძრავი ტელესკოპების მეშვეობით მზის სისტემის გარეთ მყოფი მხოლოდ 700 პლანეტის არსებობაა დოკუმენტირებული. კანდიდატთა რიგში 2 ათასი ეგზო-პლანეტაა, რომლებიც დღეს არსებობის დადასტურებას ელიან.

აღნიშნული სამეცნიერო კვლევის დეტალები შეგიძლიათ ჟურნალ „ნეიჩერის“ (Nature) 12 იანვრის ნომერში მოიძიოთ.

XS
SM
MD
LG