ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

#მეც - კამპანია სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ


"ტვიტერზე" დაწყებული კამპანია #Metoo ანუ #მეც გასული 24 საათის განმავლობაში უკვე მთელ სოციალურ მედიას მოედო. ამ ჰაშთაგით ათი ათასობით ადამიანი თავის გამოცდილებაზე ყვება, ასაჯაროებს ამბებს, რომლებზეც მანამდე სახალხოდ შეიძლება არასდროს უსაუბრია.

სოციალური მედიით ეს კამპანია მას შემდეგ აგორდა, რაც ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის ჰარვი უაინსტაინის შესახებ ბრალდებები გახდა საჯარო. არაერთმა ქალმა უაინსტაინი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში დაადანაშაულა. თუმცა უშუალო ინიციატივით სატელევიზიო მსახიობი ალისა მილანო გამოვიდა: კვირას მან "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ხალხს მოუწოდა ამ კონკრეტული ჰაშთაგის გამოყენებით მოეყოლათ, გამხდარან თუ არა ოდესმე სექსუალური შევიწროვების ან სხვა ამგვარი ქმედების მსხვერპლნი.

პასუხად კი ძალიან მალე ათასობით ქალმა თავისი პირადი და ხშირად საკმაოდ მტკივნეული გამოცდილების შესახებ ღიად დაწერა იმ მიზნით, რომ ეჩვენებინათ, რამდენად დიდი პრობლემაა სექსუალური შევიწროვება. თუმცა კამპანიაში მონაწილეობა მამაკაცებმაც მიიღეს და #მეც ჰაშთაგის გამოყენებით მათაც დაწერეს, რომ არასასურველი ყურადღება და სექსუალური ძალადობა ძალიან გავრცელებული პრობლემაა და მისი ობიექტები არა მხოლოდ ქალები, არამედ ხშირად მამაკაცებიც არიან.

თუმცა ამ კამპანიას მაინც არ დაუჩრდილავს ის ფაქტი, რომელმაც მსოფლიო სექსუალური შევიწროვების მასშტაბსა და მნიშვნელობაზე აალაპარაკა. გავლენიან და ტიტულოვან პროდიუსერს, ჰარვი უაინშტაინს მსახიობები, სცენარისტები, ასისტენტები, არაერთი ქალი ადანაშაულებს იმაში, რომ ის მათ სექსუალურად ავიწროვებდა. თანხმობისა და სიჩუმის სანაცვლოდ კი კარიერის მოწყობასა და წარმატების მიღწევაში დახმარებას სთავაზობდა.

უაინსტაინის პრეს-სპიკერი ყველა ბრალდებას უარყოფს, მაგრამ ეს მის მიმართ აგორებულ სკანდალს არ აცხრობს. მმართველთა საბჭომ ის უკვე გარიცხა იმ კომპანიიდანაც კი, რომლის თანადამფუძნებელიც თავადაა.

მელისა სილვერსტოუნი, რომელიც ბლოგ "ქალები და ჰოლივუდის" შემქნელი და ავტორია, ამბობს, რომ ამ კონკრეტულ საკითხს უფრო ფართო კონტექსტი აქვს და პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ ჰოლივუდში ძალაუფლებას პრაქტიკულად სრულად ფლობენ თეთრკანიანი მამაკაცები.

„ეს გამოაშკარავებული ინციდენტები გვიდასტურებს ფაქტს, რომ ჰოლივუდში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მეტი ქალი უნდა იყოს და რომ ჰოლივუდში უკვე დიდი ხანია, რაც თეთრკანიანი მამაკაცები დომინირებენ. ეს ყველაფერი კი არის განაცხადი იმაზე, რომ ჩვენი ისტორიები მნიშვნელოვანია, რომ ნარატივი უნდა შეიცვალოს, და იყოს ინკლუზიური", - ამბობს სილვერსტოუნი.

#მეც - ამ სიტყვით გამოხატული ნარატივი კი უკვე მთელ ჰოლივუდსა და ინტერნეტში გაისმა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG