ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა პატივს მიაგებს 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნას


11 სექტემბრის აღსანიშნავად პეპერდაინის უნივერსიტეტში ყოველწლიურად დროშებს აღმართავენ.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 17 წელი გავიდა. ამერიკელები დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნავენ ქვეყნის ისტორიაში ამ ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს, როცა 19 ტერორისტის მიერ განხორციელებულ 3 ტერაქტში 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ტერორისტები დაჯგუფება ალ-ყაიდასთან იყვნენ ასოცირებულები.

ტერორისტებმა 2001 წლის დილით 4 თვითმფრინავი გაიტაცეს. პირველი 2 თვითმფრინავი ნიუ იორკში, მანჰეტენში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს დააჯახეს, მესამე პენტაგონს.

მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის შტატში მდებარე მინდორში მარტო იმიტომ ჩამოვარდა, რომ მგზავრები შეეცადნენ ტერორისტებისთვის ხელი შეეშალათ და ის ვაშინგტონისკენ არ გაეშვათ. გამომძიებლების აზრით, მეოთხე თვითმფრინავის გამტაცებლებს სამიზნეში ან თეთრი სახლი, ან კონგრესი ჰყავდათ ამოღებული.

ასეთი მასშტაბური მსხვერპლი ამერიკის შეერთებულ შტატებს 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, პერლ-ჰარბორზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ არ ახსოვს. თერთმეტმა სექტემბერმა შეცვალა არამარტო ამერიკის შეხედულება სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, არამედ გამოიწვია მთელი რიგი ცვლილებები სახელმწიფოთა მართვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრება ცერემონიას, რომელიც პენსილვანიის 11 სექტემბრის მემორიალზე გაიმართება. მემორიალი ქალაქ შნეკსვილის მახლობლად, სწორედ იქ არის აღმართული, სადაც ნიუარკიდან სან-ფრანცისკოში მიმავალი თვითმფრინავი ჩამოვარდა.

წირვა და საგანგებო ღონისძიებები თვითმფრინავების ჩამოვარდნის სამივე ადგილზეა დაგეგმილი. დაღუპულთა ასობით ოჯახის წევრი მივა დღეს პენტაგონში და ნიუ-იორკში, რათა პატივი მიაგოს ტერაქტის მსხვერპლის ხსოვნას.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დღეს პენტაგონში გამართულ ცერემონიას დაესწრება. მთლიანად, შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საკუთარი ინიციატივით, ასობით სამთავრობო, თუ კერძო ორგანიზაცია და უწყება მართავს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG