ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი: საქართველოსა და უკრაინაში გააზრებულად წავედით სამხედრო ჩარევაზე


დმიტრი მედვედევი რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო გარნიზონში. ორენბურგი, რუსეთი. 5 აგვისტო, 2022წ.

დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი იქ კრემლის ინტერესების გატარებით დასრულდება. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე ასევე აცხადებს, რომ დასავლეთს რუსეთის განადგურების გრძელვადიანი გეგმა ჰქონდა.

"რუსეთი უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს და იქ მშვიდობის დამყარებას რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მიაღწევს" - განაცხადა მედვედევმა ორშაბათს, სააგენტო "ტასთან" ინტერვიუში. ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი უკავია.

მედვედევი რუსეთის ხელისუფლების სათავეში იყო, როცა 2008 წლის 8 აგვისტოს კრემლი საქართველოში შეიჭრა. მედვედევის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს ახლაც "იგივე მიზანი ამოძრავებს: რუსეთის განადგურება".

„სამწუხაროდ, საქართველოსა და უკრაინაში, ამ ქვეყნების ხელისუფლებამ რუსეთს არჩევანი არ დაუტოვა, კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პროცესის ჩაშლით და ჩვენ გააზრებულად წავედით სამხედრო ჩარევაზე“ - განაცხადა მან "ტასთან" ინტერვიუში.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ 14 წელი გავიდა. რუსეთის მორიგი აგრესიის გამო, საქართველომ მაშინ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლი დაკარგა, დამატებით 150 000-ზე მეტი ადამიანი კი დევნილად იქცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG